Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რისთვის ასამართლებენ ხადიჯას


ამ კვირაში რადიო თავისუფლების ბაქოს ბიუროს ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლოს წინაშე წარდგება. მას ბრალად ედება ცილისწამება, გადასახადებისთვის თავის არიდება, არალეგალური ბიზნესის წარმოება და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. როდესაც აზერბაიჯანში პოლიტიკური რეპრესიების მაგალითის მოყვანა უნდათ, ყველაზე ხშირად სწორედ ხადიჯას საქმეს ასახელებენ ხოლმე. ვინ არის ხადიჯა ისმაილოვა და რითი დაიმსახურა მან ხელისუფლების რისხვა?

2010 წლის აგვისტოში ხადიჯა ისმაილოვამ აზერბაიჯანის სახელმწიფო ავიახაზების პრივატიზაციის დეტალები გამოავლინა. ავიახაზების ფილიალები - მათ შორის, ბანკი - სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის სახელმწიფო კომიტეტის გვერდის ავლით გასხვისდა. შედეგად, ახალ მფლობელებს შორის არიან სახელმწიფო ავიაკომპანიის პრეზიდენტის მეუღლე და ქვეყნის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, ქალიშვილი არზუ.

2012 წლის აგვისტოში, რადიო თავისუფლების და ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის კვლევის პროექტის ერთობლივი გამოძიების ფარგლებში, ხადიჯამ აღმოაჩინა, რომ ალიევის ოჯახი, ფიქტიური კომპანიების საფარქვეშ, მილიონობით დოლარს იღებდა საკონცერტო დარბაზის ასაშენებლად ევროვიზიის მუსიკალური კონკურსისათვის. ალიევის მეუღლისა და შვილების სახელზე დარეგისტრირებული კომპანია „აზენკოს“ შვილობილმა კომპანიებმა მხოლოდ 2010 წელს სახელმწიფოსგან 97 მილიონ დოლარზე მეტის შეკვეთა მიიღეს.

ის პირველი იყო, ვინც ალიევის ოჯახი დაასახელა ამ ბიზნესებთან დაკავშირებით. მთავრობა მანამდე უარყოფდა, რომ მათთან რაიმე ჰქონდა საერთო...
დრიუ სალივანი

2012 წელს ხადიჯა ისმაილოვამ ოქროს ბიზნესიც შეისწავლა - კვალი ამ შემთხვევაშიც ალიევის ოჯახთან მიდიოდა. ალიევის ორი ქალიშვილი, ოფშორული ფირმების და შვილობილი კომპანიების ხაზით იყო დაკავშირებული აზერბაიჯანის უმსხვილეს მობილურ ოპერატორთან, აზერსელთანაც.

ხადიჯა ისმაილოვა პირველი იყო, ვინც აზერბაიჯანში მსგავსი რამის გაკეთება გაბედა. სწორედ ამიტომ ჰქონდა მის ნამუშევარს ასეთი გავლენა, ამბობს დრიუ სალივანი, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის კვლევის პროექტის რედაქტორი:

„ის პირველი იყო, ვინც ალიევის ოჯახი დაასახელა ამ ბიზნესებთან დაკავშირებით. მთავრობა მანამდე უარყოფდა, რომ მათთან რაიმე ჰქონდა საერთო. მან, მართლაც, პირველმა დაასახელა მტკიცებულებები და პირველი მტკიცებულება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ილუზიას ამსხვრევს. მთავრობის პროპაგანდა ხალხს საშუალებას აძლევს დაივიწყოს, მაგრამ როდესაც საკუთარი თვალით ხედავ მტკიცებულებებს და დოკუმენტებს, ამის დამალვა უკვე შეუძლებელი ხდება. მთავრობის რეაქცია ხადიჯაზე ადასტურებს, რომ მათ სჯერათ, რომ ის გავლენას ახდენდა“.

მან ახლოდან იცის, თუ როგორ მუშაობს აზერბაიჯანის მთავრობა და იცნობს იმ ხალხს, ვისთანაც დაიჭირა საქმე. ესენი არიან მოყაჩაღო ადამიანები, ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში რომ ადვილად ჩაებმებიან;სასტიკები და ავები არიან და უსწორდებიან ყველას, ვინც მათ გზაზე გადაეღობება - იქნება ეს პოლიტიკური პარტია, ბიზნესის წარმომადგენელი თუ ნებისმიერი სხვა...
დრიუ სალივანი

მთავრობის რეაქცია კი ასეთი იყო: 2012 წლის მარტში მან ანონიმური გზავნილი მიიღო. გზავნილში ფოტოები იყო, რომელზეც ხადიჯას საძინებელში ფარული კამერით გადაღებული ვიდეოდან ამოღებული კადრები იყო აღბეჭდილი. მას ემუქრებუდნენ, წესიერად მოიქეცი, თორემ შენი ინტიმური ცხოვრების ამსახველი ვიდეო ინტერნეტით გავრცელდებაო. ხადიჯა შანტაჟს არ დანებდა და ვიდეოც მაშინვე გავრცელდა ინტერნეტის მეშვეობით.

ერთი წლის შემდეგ მეორე ვიდეო გამოჩნდა. 2014 წელს ის დაკითხეს აშშ-ისთვის სახელმწიფო საიდუმლოებების გადაცემის საქმეზე. ერთი თვის შემდეგ დააკავეს ყოფილი კოლეგის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით. ეს ბრალდება ვერ დაუმტკიცეს, თუმცა მალევე დაამატეს ახალი ბრალდებები - ცილისწამების, გადასახადებისთვის თავის არიდებისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების. დრიუ სალივანი ამბობს, რომ ხადიჯა მოვლენების ასეთი განვითარებისთვის მზად იყო:

„მან ახლოდან იცის, თუ როგორ მუშაობს აზერბაიჯანის მთავრობა და იცნობს იმ ხალხს, ვისთანაც დაიჭირა საქმე. ესენი არიან მოყაჩაღო ადამიანები, ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში რომ ადვილად ჩაებმებიან; სასტიკები და ავები არიან და უსწორდებიან ყველას, ვინც მათ გზაზე გადაეღობება - იქნება ეს პოლიტიკური პარტია, ბიზნესის წარმომადგენელი თუ ნებისმიერი სხვა. მათი მოწინააღმდეგეები ნადგურდებიან და ხადიჯა ამას ათწლეულობის განმავლობაში უყურებდა. როდესაც ის ამ ხალხს დაუპირისპირდა, მან ზუსტად იცოდა, რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა და იცოდა, რომ დაიჭერდნენ. სწორედ ეს არის სიმამაცე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG