Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომელ პარტიას შეეწივნენ ყველაზე მეტად


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც წარმოდგენილია პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების დაფინანსების კუთხით არსებული მდგომარეობა და გაანალიზებულია პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ 2016 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე განხორციელებული შემოწირულებები, რომელთა საერთო რაოდენობამ 16 მილიონ 150 ათასი ლარი შეადგინა. ვინ და რომელ პარტიას შეეწივნენ ყველაზე მეტად და რა დარღვევები გამოვლინდა მონიტორინგის დროს?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, პარტიების მიერ მიღებული შემოწირულებების დიდი ნაწილი - 14 მილიონ 800 ათასი ლარი - ფიზიკურმა პირებმა,ხოლო 1 მილიონ 321 ათასი ლარი იურიდიულმა პირებმა გაიღეს. ამასთან, როგორც ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი, ლევან ნატროშვილი, ამბობს, ყველაზე მეტი - მთლიანი თანხის 64 პროცენტი, ანუ 10 მილიონ 300 ათასი - მიიღო მმართველმა პარტიამ.

რომელ პარტიას შეეწივნენ ყველაზე მეტად
please wait

No media source currently available

0:00 0:04:49 0:00
გადმოწერა

ლევან ნატროშვილის თქმით, პაატა ბურჭულაძის „პლატფორმა ახალი პოლიტიკური მოძრაობა - სახელმწიფო ხალხისთვის”, 2 მილიონ 289 ათასი ლარით, მეორე ადგილზეა,„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, 1 მილიონ 150 ათასი ლარით, - მესამეზე, ხოლო„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, 651 ათასი ლარით, - მეოთხეზე. ამასთან, როგორც ანგარიშიდან ირკვევა, 2016 წელს „ქართული ოცნების” 15 შემომწირველი კომპანიიდან ორმა მიიღო გამარტივებული წესით სახელმწიფო კონტრაქტები, საერთო ღირებულებით, დაახლოებით, 255 000 ლარი. ვინაიდან ამ ორმა კომპანიამ პარტიის სასარგებლოდ 240 000 ლარი გაიღო, პირდაპირი კონტრაქტების ასეთი მცირე ღირებულება პოლიტიკური კორუფციის კუთხით კითხვებს არ აჩენს. ანგარიშის მიხედვით, ეჭვს იწვევს შემომწირველ ფიზიკურ პირთა კავშირები ისეთ კომპანიებთან, რომლებმაც 2016 წელს გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს:

„180 ადამიანიდან 62 პირი ისეთ კომპანიებთან არის დაკავშირებული, რომლებმაც 2016 წელს გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვების ერთი კონტრაქტი მაინც მიიღეს. ამ 62 ფიზიკური პირიდან 34 „ქართული ოცნების” შემომწირველია, რომლებმაც მიმდინარე წლის პირველი რვა თვის განმავლობაში მმართველ პარტიას, მთლიანობაში, 900 ათასი ლარი შესწირეს, სამაგიეროდ კი, ამ 34 ადამიანთან დაკავშირებულმა 35-მა კომპანიამ 4 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტები მიიღო“.

ეკა გიგაური
ეკა გიგაური

გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, 38-მა თანამდებობის პირმა და მათი ოჯახის წევრებმა განახორციელეს 5 ათას ლარზე მეტი მოცულობის ფულადი შემოწირულება. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს, ყურადღებას იპყრობენ ის საჯარო მოხელეები, რომელთა მიერ პარტიისთვის გაღებული თანხა მათი დეკლარირებული შემოსავლის დიდ წილს შეადგენს:

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ არის რისკები და ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ამ პირებმა შემოწირულება განახორციელეს სხვა შემოსავლებიდან. ამიტომ ამ ფაქტებით უნდა დაინტერესდეს აუდიტის სამსახური. ჩვენ, ასევე, ვნახეთ, რომ ზოგიერთი შემომწირველი იყო დაკავშირებული იმ კომპანიებთან, რომლებმაც მოიგეს სახელმწიფო ტენდერები“.

ეკა გიგაურმა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ანგარიში რეაგირებისათვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაუგზავნეს. ანგარიშის წარდგინებას პირადად ესწრებოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია:

„გავეცნობით ზუსტად, თუ რაზე არის საუბარი და, რა თქმა უნდა, მოვახდენთ რეაგირებას, თუ შესაბამისი საფუძვლები არსებობს. უკვე დაჯარიმებულია რამდენიმე პარტია, მათ შორის ყველაზე მეტი თანხით, 300 ათასი ლარით, - „პატრიოტთა ალიანსი“, უკანონო შემოწირულების განხორციელების გამო. ასევე პაატა ბურჭულაძის პარტია დაჯარიმდა 60 ათასი ლარით. ცალკეული პარტიები დაჯარიმდნენ დეკლარაციის წარმოუდგენლობის გამო და ა.შ.“.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის სამსახურის უფროსს, ზურაბ აზნაურაშვილს, რომლის თქმითაც, ანგარიშში მოტანილი საყურადღებო ფაქტები, მათ შორის, დეპუტატების მიერ გაღებული შემოწირულებები, დეტალურ შესწავლას საჭიროებს.

„შემოწირულება თუ უკანონოა, მაშინ შემომწირველს დავაჯარიმებთ შემოწირული თანხის ორმაგი ოდენობით“, უთხრა ზურაბ აზნაურაშვილმ რადიო თავისუფლებას.

რაც შეეხება შემოწირულებების დისპროპორციულ განაწილებას მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რაზე შეიძლება მეტყველებდეს ის ფაქტი, რომ მმართველმა პარტიამ შემოწირულების საერთო მოცულობის 65 პროცენტი მიიღო? ამასთან დაკავშირებით პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე ამბობს:

„ჩვენ გვაქვს რუსული ავტორიტარული მოდელის რბილი ვარიანტი, რომელშიც დაშვებულია თავისუფალი პრესა, განსხვავებული აზრის გამოხატვა, მაგრამ ბიზნესმენებს ფულის პოლიტიკაში ჩადება, რბილად რომ ვთქვა, ეკრძალებათ. თუ ფულის ჩადება გინდა პოლიტიკაში, უნდა შეათანხმო სადაც საჭიროა. სამწუხაროდ, ჩვენთან ეს მოდელი მუშაობს“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG