Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2015 წლის 18 თებერვალი


რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება აპირებს ოფიციალურად დააფიქსიროს საზღვარი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან. ამის შესახებ წერს გაზეთი „იზვესტია“, რომლის მიხედვითაც, საზღვრის შესახებ ორმხრივ შეთანხმებას მიმდინარე კვირაში რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრები მოაწერენ ხელს. როგორც რუსულ გამოცემას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით სანაკოევმა უთხრა, რუსეთთან საზღვრის სადელიმიტაციო სამუშაოები 2010 წლიდან დაიწყო და სწორედ ამ პროცესის შედეგია ხელმოსაწერად გამზადებული დოკუმენტი, რომელიც ერთ-ერთია მხარეების მიერ გაფორმებულ 80-მდე სამთავრობო და სახელმწიფოთაშორისო შეთანხმება-ხელშეკრულებას შორის. დავით სანაკოევმა „იზვესტიას“ ისიც უთხრა, რომ ცხივნალი ასევე მზადაა საზღვრის დადგენა-დამტკიცებაზე მოლაპარაკება აწარმოოს ოფიციალურ თბილისთან:

„ცხინვალმა არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის, შუამავლების - ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს - საშუალებით, რომ დაიწყოს საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაცია, მაგრამ საქართველო უარს აცხადებს აღნიშნული საკითხის განხილვაზე. ამის გამო, სამხრეთი ოსეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად მოაწყოს სახელმწიფო საზღვარი საქართველოსთან“.

„იზვესტიაში“ გამოქვეყნებული სტატია მთავრდება კავკასიის გეოპოლიტიკური კლუბის წარმომადგენლის, იანა ამელინას, ანალიზით, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულება, რომელიც ცხინვალსა და მოსკოვს შორის უნდა გაფორმდეს, არ უპასუხებს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისა და საზოგადოების მოთხოვნას რუსეთთან სრულმასშტაბიანი ინტეგრაციის თაობაზე. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა „ერთიანმა ოსეთმა“ ხმათა 97 პროცენტი მიიღო, ამ პარტიის მთავარი დაპირება კი რუსეთთან შეერთება იყო.

საქართველოს კიდევ ერთ სეპარატისტულ რეგიონთან ურთიერთობის შესახებ წერს გაზეთი „კომერსანტი“. „საზღვარი რუსეთსა და აფხაზეთს შორის წმინდა წყლის პირობითობაა“ - ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული სტატიას, რომელიც სოხუმში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩევლის ვლადისლავ სურკოვის სტუმრობას შეეხება. სწორედ სურკოვმა განაცხადა, რომ საზღვარი აფხაზეთსა და რუსეთს შორის უნდა აიღონ და რომ ამას ითვალისწინებს ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულება. მაგრამ რას ნიშნავს საზღვრის აღება? ამ კითხვის პასუხად, „კომერსანტი“ მკითხველს სთავაზობს პოლიტიკური სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის ვიაჩესლავ სმირნოვის კომენტარს:

„საზღვრის გაუქმებაში ბევრი რამ შეიძლება ვიგულისხმოთ, მათ შორის, დაწყებული საბაჟოს გაუქმებიდან, დამთავრებული რუსეთის პროკურატურის უფლებამოსილების გავრცელებით აფხაზეთის საზღვრისპირა ნაწილში. ამიტომაც, უნდა ვივარაუდოთ, რომ სურკოვი იძლევა გარკვეულ მინიშნებას, ანუ შეტყობინებას უგზავნის აფხაზეთის საზოგადოების გავლენიან ჯგუფებს. საინტერესო იქნება ამ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროების ანდა პრეზიდენტების განმარტებები“.

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სერგეი ჩერნიახოვსკი კი ვარაუდობს, რომ იურიდიულად აფხაზეთი და რუსეთი არ გაერთიანდებიან, ხოლო სურკოვი ამგვარი აქტიურობით ცდილობს ყურადღება მიიქციოს და დაანახვოს ყველას, თუ რამდენის გაკეთება შეძლო.

გაზეთი „ვედომოსტი“ კი აქვეყნებს ვრცელ ინტერვიუს ბიზნესმენ დავით იაკობაშვილთან, რომელმაც სულ ახლახან საქართველოში ნავთობის ტერმინალისა და ბენზინგასამართი სადგურების ქსელის მფლობელი კომპანიის - „პეტროკას ენერჯი გრუპის“ - აქციების 49 პროცენტი რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტს“ მიჰყიდა 300 მილიონ დოლარად. ხომ არ ითვალისწინებს ხელშეკრულება „როსნეფტის“ წილის გაზრდას? ამ კითხვის პასუხად, იაკობაშვილი ამბობს, რომ ამას არც ხელშეკრულება ითვალისწინებს და ამის არც სურვილი არსებობს. ბიზნესმენის თქმით, „როსნეფტის“ სურვილი იყო გამხდარიყო მინორიტარული წილის მფლობელი, რადგანაც არ იცნობს რეგიონს, მაგრამ გაფართოების სურვილი აქვს. თავიდან საუბარი იყო აქციების მხოლოლ 25 პროცენტზე, თუმცა, საბოლოო ჯამში, გარიგება აქციების 49 პროცენტის გაყიდვით დასრულდა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG