Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2015 წლის 11 მარტი


„უკრაინამ და საქართველომ უარი თქვეს რუსეთისათვის სამხედრო ექსპონატების გადაცემაზე“ - ამ სათაურით „იზვესტიამ“ გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, საბჭოთა კავშირის მიერ ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების სამოცდაათი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება არ ისურვა ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალმა რვა ქვეყანამ: უკრაინამ, საქართველომ, ლიტვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, მოლდავეთმა, უზბეკეთმა და თურქმენეთმა. სტატიიდან ირკვევა, რომ ღონისძიებაში იგულისხმება გამოფენა „ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ ერთად ვიყავით“, რომელსაც პოკლონნაია გორა 28 აპრილიდან 15 ოქტომბრამდე უმასპინძლებს და რომლის ორგანიზატორი მოსკოვში მდებარე დიდი სამამულო ომის ცენტრალური მუზეუმია. გამოფენაში მონაწილეობაზე ოფიციალური უარი მხოლოდ ერთმა ქვეყანამ - უზბეკეთმა - განაცხადა მოუცლელობის მიზეზით, დანარჩენმა შვიდმა კი უპასუხოდ დატოვა დესეთეს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის სერგეი ლებედევის მიპატიჟება:

„იგეგმება საგამოფენო სივრცის 15 ნაწილად დაყოფა: თითოეულ რესპუბლიკას დაეთმობა თითო პავილიონი, რომლებშიც განთავსდება შესაბამისი ქვეყნებისა და ხალხების ბრძოლის ამსახველი ექსპონატები: ფოტოები, მეომრების პირადი ნივთები, წიგნები და სხვა საგნები. იმ ქვეყნებისათვის, რომლებმაც უპასუხოდ დატოვეს შეთავაზება, გამოიყოფა საერთო დარბაზი, რომელშიც დიდი სამამულო ომის ცენტრალური მუზეუმი თავად განათავსებს შესაბამის ექსპონატებს“.

სტატიის თანახმად, ბელორუსიის დიდი სამამულო ომის სახელმწიფო მუზეუმი აპირებს გამოფინოს იარაღის კომპლექსი - თვითნაკეთი ავტომატები, ტყვიამფრქვევები, რომლებიც პარტიზანულ რაზმებში მზადდებოდა; ასევე ხელნაწერი ჟურნალები და ნივთები სიკვდილის ბანაკად წოდებული „ტროსტენეციდან“: მავრთულხლართის ფრაგმენტი, ადამიანის ძვლების ნაწილები და დახვრეტის შედეგად ადგილზე დარჩენილი ჰილზები. გამოფენისათვის ემზადებიან სომხეთშიც, სადაც სამხედრო მუზეუმი „დედა-სომხეთი“ მოსკოვში გასაგზავნად ამზადებს მარშალ ბაგრამიანის პირადი ნივთების კომპლექსს: საბუთებს, ფარაჯას, ქუდს, ასევე ხმალს, რომლითაც მონაწილეობდა 1945 წლის 24 ივნისს გამართულ აღლუმში.

„ნეზავისიმაია გაზეტა“ კი ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის, ზაურ დადაევის, დაკავების შესახებ წერს. „სად მივყავართ ჩეჩნურ კვალს ნემცოვის საქმეში?“ - ამ სათაურით გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში გამოთქმულია ეჭვი, რომ გამოძიება არასწორ გზას დაადგა. გაზეთი ცდილობს აჩვენოს მკვლელობის მოტივის უსაფუძვლობა, მოტივი კი ასეთია: რეაქცია ისლამის შესახებ ბორის ნემცოვის კრიტიკულ გამონათქვამებზე. სტატია სწორედ ამ გამონათქვამების შეხსენებით იწყება. 2015 წლის იანვარში ბორის ნემცოვი სოციალურ ქსელ ფეისბუკში რამდენიმე განცხადებით გამოეხმაურა ექსტრემისტების თავდასხმას ფრანგულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაზე. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციის მუფტიების საბჭოს, გაკიცხოს ტერორისტები, ისლამი კი მოიხსენია ახალგაზრდა რელიგიად, რომელმაც უნდა სძლიოს თავის წიაღში აღმოცენებულ ერთგვარ ინკვიზიციას. სტატიის თანახმად, ბორის ნემცოვმა ორჯერ გააკრიტიკა ჩეჩნეთის თავკაცი რამზან კადიროვი, რომელმაც მუქარა შეუთვალა მიხაილ ხოდორკოვსკის. მაშინ ნემცოვს უთქვამს: „რამზანი თავისი მუქარებით ყველას ყელში ამოუვიდა, მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ პუტინი მის თავს არავის დააჩაგვრინებს, ამიტომაც თავხედდება ყოველდღიურად, თუმცა ამ ბატონისათვის ყველაფრის უფლების მიცემა ცუდად დასრულდება პუტინისთვისაც“.

გამოძიების ვერსიით, ბორის ნემცოვის მკვლელობა დაგეგმეს და სისრულეში მოიყვანეს ჩეჩნეთის სპეცბატალიონ „სევერის“ მებრძოლებმა ზაურ დადაევმა და ბესლან შავანოვმა. ამ უკანასკნელმა, გამოძიების მტკიცებით, დაკავებისას თავი ხელყუმბარით აიფეთქა.

თუმცა ბორის ნემცოვის თანამებრძოლები გამოძიების ვერსიას არ იზიარებენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ილია იაშინის თქმით, გარდა იმისა, რომ ნემცოვი იყო გამორჩეულად ტოლერანტული პიროვნება, მასზე გაცილებით მწვავე განცხადებებს აკეთებდნენ სხვა პოლიტიკოსები:

„მიმაჩნია, რომ დადაევმა დანაშაული თავის თავზე აიღო, რათა დარტყმა აერიდებინა ნამდვილი შემკვეთებისათვის. დადაევი იყო შემსრულებელი, მას პირდაპირი კავშირი ჰქონდა კადიროვთან. თუ გამოძიება ამ ვერსიას არ გაჰყვება, მაშინ მისი ნდობის ხარისხი ნულამდე დაეცემა“.

ბორის ნემცოვის თანამებრძოლები ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევენ არაოფიციალურად გარცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა მკვლელები არა მითითებით, არამედ პირადი ინიციატივით მოქმედებდნენ.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG