Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2015 წლის 18 მარტი


„თურქეთი რუსეთს სუსტ ლირაზე ეთამაშება“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „კომერსანტმა“ სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ მხარეები - მოსკოვი და ანკარა - ვერ შეთანხმდნენ ბუნებრივი აირის საფასურზე, უფრო სწორად, სახელმწიფო კომპანიებს - რუსულ „გაზპრომსა“ და თურქულ „ბოტასს“ - ვერ გადაუწყვეტიათ, რომელ კომპონენტზე გავრცელდეს შეთანხმებული 10,25-პროცენტიანი ფასდაკლება. არადა, როგორც „კომერსანტი“ წერს, ფაქტობრივად ჩიხში შესული მოლაპარაკების პროცესი ეჭვის ქვეშ აყენებს მოსკოვისა და ანკარის უფრო მასშტაბური პოლიტიკური შეთანხმებების განხორციელებას. პირველ რიგში საუბარია ე.წ. „თურქეთის ნაკადის“ მშენებლობაზე, რომლის დაწყების ნებართვის გაცემას თურქეთი აფერხებს. რუსი ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ ანკარა ცდილობს გაზსადენის ფაქტორი გამოიყენოს და მდგომარეობა შეუმსუბუქოს ადგილობრივ იმპორტიორებს, რომლებიც ეროვნული ვალუტის - ლირის - დასუსტების გამო დაზარალდნენ.

„გაზპრომი“ მიიჩნევს, რომ ფასდაკლება უნდა გავრცელდეს საკონტრაქტო ფასზე, მაშინ როცა თურქული სახელმწიფო კომპანია ითხოვს ბაზისური ფასის შემცირებას. „კომერსანტის“ მიხედვით, ფასდაკლება ბუნებრივ აირზე ნაწილია შარშანდელი შეთანხმებისა, რომლის თანახმადაც მოსკოვი და ანკარა „სამხრეთის ნაკადის“ ნაცვლად ააშენებენ „თურქულ ნაკადს“, სიმძლავრით 63 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში. რუსეთი დაინტერესებულია მშენებლობის რაც შეიძლება სწარფად დაწყებით, რადგან მოცდენის გამო მეოთხე თვეა მნიშვნელოვან თანხას უხდის კონტრაქტორ კომპანიას, რომელმაც მილსადენი ზღვის ფსკერზე უნდა გაიყვანოს, თუმცა თურქეთის ხელისუფლება მშენებლობის ნებართვის გაცემას არ ჩქარობს და ყურსში მასპინძლობს საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს, რომლებთან ერთადაც საძირკველს უყრის "ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის" (TANAP) მშენებლობას.

„ნეზავისიმაია გაზეტა“ კი რუსეთის ხელისუფლების გრანდიოზულ სამზადისზე წერს. საქმე ისაა, რომ 9 მაისს სრულდება 70 წელი ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებიდან, საორგანიზაციო კომიტეტს კი თვით ქვეყნის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ აღლუმისათვის მზადების პროცესში მთელმა რუსეთმა სათანადო პასუხი უნდა გასცეს ისტორიის ფალსიფიკატორებს და მყარად დაამკვიდროს სიმართლე მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის განუსაზღვრელი როლის შესახებ. სტატიის თანახმად, ქვეყნის გარშემო შექმნილი საგანგაშო მდგომარეობის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლება პირობას იძლევა, რომ საზეიმო ღონისძიებები მაღალ დონეზე ჩატარდება. ომის 2,5 მილიონ ვეტერანს დაურიგდება საიუბილეო მედლები, ასევე ვეტერანებზე გაიცემა ფულადი დახმარება, ჯამში, 13 მილიარდ რუბლამდე. რაც შეეხება სტუმრებს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოწვევა გაეგზავნა 68 ქვეყნის ლიდერებს, რომელთაგან 26-მა უკვე განაცხადა თანხმობა მოსკოვში ჩასვლაზე.

„კიკაბიძე აპირებს უკრაინას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვოს“ – ამ სათაურით გამოაქვეყნა „კომსომოლსკაია პრავდამ“ სტატია, რომელიც მთლიანად აგებულია ქართველი მსახიობისა და მომღერლის ვახტანგ კიკაბიძის მიერ კიევში გამართული პრესკონფერენციის მასალებზე. ამასთან, სტატიაში მინიშნებითაც კი არაფერია ნათქვამი, რომ მომღერალმა იხუმრა: „გუშინ ცოლს ვუთხარი, მოდი, პოლიტიკური თავშესაფარი მოვითხოვოთ-მეთქი. მან მიპასუხა: კეთილი, მოვითხოვოთო“.

16 მარტს ვახტანგ კიკაბიძემ ლვოვში გამართული კონცერტი „ზეციურ ასეულს“ მიუძღვნა. მომღერალი ასევე აპირებს კონცერტის გამართვას კიევში, ხარკოვსა და ოდესაში.

მომღერალი იმედოვნებს, რომ, უკრაინის მთავრობაში მიწვეული ქართველი პოლიტიკოსების დახმარებით, უკრაინა შეძლებს სიძნელეების გადალახვას:

„თუ გავერთიანდებით და ერთმანეთს ჩავჭიდებთ ხელს, ყველაფერი კარგად იქნება. შეუძლებელია, რომ ყოველთვის პუტინმა გაიმარჯვოს. მთავარი დასაწყისში გაძლებაა, რადგანაც პირველ ეტაპზე ძალიან ძნელი იქნება“. ვახტანგ კიკაბიძის ამ და სხვა გამონათქვამებს გაზეთი „კომსომოლსკაია პრავდა“ აქვეყნებს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG