Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2015 წლის 10 ივნისი


„საქართველო ურჩევს რუსეთს შეეგუოს გარდაუვალს“ – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „კომერსანტმა“ სტატია, რომლის მიხედვითაც საქართველო და ნატო საბოლოოდ შეთანხმდნენ იმაზე, რომ ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი მიმდინარე წლის ბოლომდე გაიხსნება. ამის შესახებ უთქვამს საქართველოს გენერალური შტაბის უფროსს, ვახტანგ კაპანაძეს თბილისში გამართულ უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე (Strategic Military Partner Conference), რომლის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანისის წევრი სახელმწიფოების გენერალური შტაბების ოფიცრები და უსაფრთხოების ექსპერტები სამოცი ქვეყნიდან. თბილისში ასევე იმყოფებოდა ნატოს „ტრანსფორმაციის ძალების“ სარდალი, საფრანგეთის სამხედრო საჰაერო ძალების გენერალი ჟან-პოლ პალომეროსი, რომლის თქმითაც, 2014 წლის უელსის სამიტმა აამაღლა საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობა ნატოსთან, თუმცა ფრანგმა გენერალმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს ჯარი საჭიროებს მოდერნიზაციას და ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ნატო-საქართველოს ეროთობლივი საწვრთნელი ცენტრი, რომლის გახსნაც უახლოეს ხანში იგეგმება. საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ დააზუსტა, ცენტრის გახსნის როგორც თარიღი, ასევე ადგილი: 2015 წლის შემოდგომა, ვაზიანის სამხედრო ბაზა.

„კომერსნატი“ აქვე ციტირებს ვახტანგ კაპანაძის შემდეგ განცხადებას: „რუსეთი, ბოლოს და ბოლოს, უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომ მას ჰყავს დამოუკიდებელი შეიარაღებული ძალები, აქვს დამოუკიდებელი სამხედრო-პოლიტიკური შეხედულებები და ინტერესები. შესაბამისად, აქვს უფლება იყოს იმ პარტნიორებთან, რომლებსაც საჭიროდ მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლება და რომლებთანაც ერთობლივი წვრთნა და სწავლება დაეხმარება ქვეყანას თავდაცვისუნარიანობის და არა შეტევითი პოტენციალის ამაღლებაში“. ციტატის დასასრული.

„ნოვაია გაზეტა“ კი უკრაინაში ეუთოს სპეცწარმომადგენლის ჰაიდი ტალიავინის გადადგომის შესახებ წერს. „ამოფრქვევა ბიუროკრატიიდან“ – ასეთი სათაური აქვს იულია ლატინინას სტატიას, რომელშიც ვრცელი ადგილი ეთმობა შვეიცარიელი დიპლომატის კარიერის იმ პერიოდის ანალიზს, როცა ის საქართველო-რუსეთის ომის შესახებ მოხსენებას ამზადებდა. ფრაგმენტი სტატიიდან:

„ტალიავინის კომისია – ეს იყო სირცხვილი! ეს იყო ცივი შხაპი ყველა იმ რუსი ჟურნალისტისათვის, რომლებიც თავისი სიცოცხლის რისკის ფასად იცავდა სიმართლეს რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ. და, რა თქმა უნდა, ეს იყო კრემლის დიდი გამარჯვება. ილუზია, რომ რუსეთის ხელისუფალს შეუძლია ევროპის გამოყენება ისე, როგორც უნდა, ეფუძნებოდა შროდერსა და ტალიავინის. რომ არ ყოფილიყო ტალიავინის კომისია, შესაძლოა, არ ყოფილიყო დონბასი!“ ციტატის დასასრული.

სტატიის მიხედვით, როცა ჰაიდი ტალიავინი აღმოსავლეთ უკრაინაში ეუთოს სპეცწარმომადგენელი გახდა, მას მოუწია ამ სტატუსით მოლაპარაკებების წარმოება სეპარატისტებთან, თუმცა ეს მოლაპარაკებები, საბოლოო ჯამში, ძალიან ჰგავდა უკრაინის ღალატსა და ევროპის კაპიტულაციას რუსეთის წინაშე. სტატიის ფინალში ავტორი ასკვნის: „არ ღირს თავის მოტყუება – ევრობიუროკრატია არასოდეს გაწირავს თავისიანებს და ჩვენც ვერასოდეს გავიგებთ, თუ რატომ დაწერა ტალიავინის კომისიამ თავისი უცნაური ანგარიში რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ და, რატომ ვერ აღმოაჩინა ტალიავინის მიერ წარმოდგენილმა ეუთომ რუსი სამხედროების ყოფნა უკრაინაში“. სტატიას ჰაიდი ტალიავინის გადაგომის შესახებ „ნოვაია გაზეტა“ აქვეყნებს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG