Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2015 წლის 9 სექტემბერი


გაზეთ „კომერსანტს“ ერთ-ერთი სტატიის სათაურად გამოტანილი აქვს საქართველოს თავდაცვის მინისტრის შემდეგი სიტყვები: „არვინ იცის, რა დარჩება საქართველოსგან ორი, ხუთი ან ათი წლის შემდეგ“, ქვესათაური კი გვამცნობს, რომ თინათინ ხიდაშელს აშფოთებს რუსეთის მზარდი აგრესია, რომლის შესახებაც მან ვრცლად ილაპარკა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, სახელწოდებით „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანის ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში“. სტატიის მიხედვით, თინათინ ხიდაშელმა გააფრთხილა დასავლეთი, რომ თუ საქართველოს უახლოეს დროში არ მიიღებენ ნატოში, ათი წლის შემდეგ საქართველოს აღარ ეყოფა ძალები იბრძოლოს ალიანსის წევრობისათვის: „როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ნატოზე, ვლაპარაკობთ იმ სახელმწიფოს გადარჩენაზე, რომლის ტერიტორია განაგრძობს შემცირებას. რუსეთის აგრესია იზრდება ყოველდღიურად როგორც უკრაინაში, ასევე ჩვენი პირობითი საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე“.

„კომერსანტი“ კიდევ ერთ სტატიას უძღვნის საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. „პენტაგონს საქართველო დაცვის ქვეშ აჰყავს“ - ასეთი სათაური აქვს სტატიას, რომელშიც ლაპარაკია 2016 წლისათვის დანიშნულსაქართველო-ამერიკის ერთობლივი წვრთნების სამზადისზე. სტატიის მიხედვით, თბილისში სტუმრად მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების ჯარების სარდალს ევროპაში ბენ ჰოჯესს უთქვამს, რომ წვრთნების მთავარი მიზანია შეამოწმოს, თუ რამდენად სწრაფად შეძლებს ამერიკის არმია საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენას აგრესიის შემთხვევაში.

ამერიკის შეერთებული შტატების ამგვარი ძალისხმევის პასუხად „კომერსანტი“ აქვეყნებს რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ის, ვინც აქტიურად ცდილობს საქართველოს ნატოში შეთრევას, უნდა აცნობიერებდეს თავის პასუხისმგებლობას, 2008 წლის ომის გათვალისწინებით.

„რუსეთის მოსახლეობა იმაზე სწრაფად ღარიბდება, ვიდრე მოელოდნენ“ -ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული „ნეზავისიმაია გაზეტაში“ გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ზოგიერთ რეგიონში მცხოვრებთა ხარჯები ერთი წლის განმავლობაში შემცირდა 25 პროცენტით. ამასთან, როგორც რუსეთის ფედერაციის შრომის სამინისტროში ამბობენ, რუსეთის მოქალაქეთა ხელფასი საშუალოდ 9 პროცენტით შემცირდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველი კვარტალის მიხედვით, იმ ხალხის რიცხვმა, რომლის შემოსავალი საარსებო მინიმუმზე დაბალია, 23 მილიონს მიაღწია, რაც 3 მილიონიადამიანით მეტია, ვიდრე 2014 წლის პირველ კვარტალში იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთის ყოველი მეშვიდე მოქალაქის შემოსავალი ნაკლებია ოფიციალურად დადგენილ საარსებო მინიმუმზე, რაც შეადგენს 10 ათას რუბლს.

ამერიკული Bank of America Merrill Lynch-ის მონაცემებით, რუსეთში რეალური ხელფასების მაჩვენებელი - 565 დოლარი - უფრო ნაკლებია, ვიდრე ჩინეთსა და მექსიკაში, შესაბამისად, 764 და 636 დოლარი. და ეს მაშინ, როცა რუსეთში 2014 წელს რეალური ხელფასი 840 დოლარი იყო.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ რუსეთში სიღარიბის ზრდის ძირითადი მიზეზებია რუბლის დევალვაცია, მაღალი ინფლაცია, სამომხმარებლო ფასების ზრდა, მათ შორის, იმ პროდუქტებზე, რომლებიც სამომხმარებლო კალათაში შედის.

„ნეზავისიმაია გაზეტას“ სტატიის ბოლოს მოტანილია სოციოლოგიური კვლევის სამსახურის, „ლევადას ცენტრის“, გამოკვლევის შედეგები. როგორც ირკვევა, გაღატაკების შიში დგას მეორე ადგილზე იმ პრობლემათა შორის, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებს აწუხებთ. გაღატაკების ეშინია გამოკითხულთა 42 პროცენტს. სიღატაკეზე მეტად რუსეთის მოქალაქეებს მხოლოდ ფასების მოსალოდნელი ზრდა აშინებთ. ასეთი აღმოჩნდა გამოკითხულთა 78 პროცენტი.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG