Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2015 წლის 23 სექტემბერი


„რუსეთის მოსახლეობის ნახევარი მიიჩნევს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „კომერსანტმა“ სტატია, რომელიც ეყრდნობა სოციოლოგიური კვლევების სამსახურის, „ლევადას ცენტრის“, გამოკვლევის შედეგებს. როგორც გამოკითხვიდან გაირკვა, აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნად მიაჩნია 49 პროცენტს, ხოლო სამხრეთ ოსეთი - 47 პროცენტს. ამასთან, საქართველოს შემადგენელ ნაწილად სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი მიაჩნია გამოკითხულთა, შესაბამისად, 10და 9 პროცენტს. სამხრეთ ოსეთს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს გამოკითხულთა 21 პროცენტი, ხოლო აფხაზეთს - 20 პროცენტი.

სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ რუსეთს მოუტანა სარგებელი - ასე ფიქრობს გამოკითხულთა 23 პროცენტი, ხოლო 10 პროცენტი მიიჩნევს, რომ აღიარებამ რუსეთი დააზარალა, 47 პროცენტის აზრით კი, რუსეთს არც სარგებელი უნახავს და არც ზარალი.

„ლევადას ცენტრმა“ ასევე გამოიკვლია რუსეთის მოსახლეობის დამოკიდებულება დნესტრისპირეთისა და მთიანი ყარაბაღის სტატუსებთან მიმართებით. გამოკითხულთა 49 პროცენტი დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობის მომხრეა, ხოლო 17 პროცენტი მხარს უჭერს მოლდავეთის შემადგენლობაში დარჩენას. მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა სურს 42 პროცენტს, აზერბაიჯანის შემადგენლობაში შესვლა - 10 პროცენტს, ხოლო სომხეთთან გაერთიანებას მხარს უჭერს 9 პროცენტი.

გაზეთი „ნოვიე იზვესტია“ კი აქვეყნებს სტატიას სტალინის რეჟიმის დანაშაულის რეაბილიტაციის ამკრძალავ კანონპროექტზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეიტანეს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში. კანონპროექტის ავტორის, ფედერაციის საბჭოს წევრის კონსტანტინ დობრინინის თქმით, აუცილებელია აღიკვეთოს ტოტალიტარული ეპოქის ისტორიის ფალსიფიკაციის მცდელობის სერიოზული საფრთხე, რომელმაც თავი იჩინა ბოლო დროს მასობრივი სახელმწიფო ტერორის გამართლების სახით.

კანონპროექტის მიხედვით, ექსტრემიზმს უნდა გაუტოლდეს და აიკრძალოს ქვეყნის მასშტაბით ისეთი საინფორმაციო მასალის გავრცელება, რომელიც შეიცავს პოლიტიკური რეპრესიებისა და ხალხების დეპორტაციის გამართლებას. გარდა ამისა, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, უნდა აიკრძალოს სტალინური რეპრესიების განმახორციელებელ პირთა ხსოვნის უკვდავყოფა ქუჩებისა და სხვა გეოგრაფიული პუნქტებისთვის მათი სახელების მინიჭების სახით.

თუმცა, როგორც სტატიიდან ჩანს, რუსი სენატორის ამ ინიციატივას სახელმწიფო სათათბიროში მხარს არ უჭერენ. ფრაქცია ლიბერალ-დემოკრატების თავმჯდომარის მოადგილის ალეკსეი დიდენკოს თქმით, ის მომხრეა რუსეთის ისტორიის მძიმე და ნათელი ეტაპების შერიგება-შეჯერებისა: „თუ ადამიანი დამნაშავედ ცნო სასამართლომ, მაშინ ჩვენ წინააღმდეგი ვართ მისი სახელი ეწოდოს რომელიმე ქუჩას, მაგრამ თუ სტალინზეა ლაპარაკი, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ საკითხი სადავო და მრავალშრიანია. რაიმე სახის აკრძალვების დაწესება ქვეყნის ყოფილი მეთაურის სახელთან მიმართებით აუცილებლად დააზიანებს რუსეთის იმიჯს“.

სტატიაში ასევე მოტანილია ადამიანის უფლებათა დაცვის მოსკოვის ბიუროს დირექტორის ალეკსანდრ ბროდის კომენტარი: „იმდენად დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ამართლებენ რეპრესიებს და შენატრიან სტალინს, რომ, კანონის მიღების შემთხვევაში, მივიღებთ ექსტრემისტების უზარმაზარ არმიას. ამიტომ, ვფიქრობ, სენატორის ინიციატივა მოუზომავია. სტალინიზმს უნდა დავუპირისპირდეთ საჯარო დისკუსიებით უფლებების, ისტორიისა და კულტურის სფეროებში“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG