Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2015 წლის 2 დეკემბერი


„’ისლამური სახელმწიფოს’ პანკისის ფილიალი“ - ასეთი სათაურით აქვეყნებს გაზეთი „კომერსანტი“ ვრცელ სტატიას, რომლის ავტორი ცდილობს პასუხი გასცეს შეკითხვას, თუ რატომ მიდიან საქართველოს მოქალაქეები ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საბრძოლველად. სტატიის მიხედვით, ტერორისტული ორგანიზაციის რიგების შესავსებად სირიაში მიემგზავრებიან ძირითადად ქვემო ქართლიდან, აჭარიდან და გურიიდან, თუმცა, როგორც ავტორი შენიშნავს, ყველაზე მეტი მოხალისე მაინც პანკისის ხეობის მცხოვრებლებზე მოდის. შესაბამისად, სწორედ პანკისის ხეობას ეწვია „კომერსანტის“ კორესპონდენტი ვითარებაში გასარკვევად:

„პანკისის ხეობიდან სირიაში წასული მებრძოლები ორ პირობით ნაწილად იყოფიან: ისინი, ვინც „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძვიან და ისინი, რომლებიც ბაშარ ასადის მოწინააღმდეგე სხვა ჯგუფებში გაწევრიანდნენ. ამათ შორისაა ბევრი ისეთი, ვინც რუსეთის წინააღმდეგაც იბრძოდა რუსეთ-ჩეჩნეთის ომში. ერთ-ერთ ასეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობს 45 წლის მურად მარგოშვილი, რომლის შესახებაც მისი ერთ-ერთი ნათესავი, სახელად მურთაზი, ამბობს: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მისი გვარი ტერორისტთა სიაში შეიტანეს, მაგრამ ის ხომ ასადის წინააღმდეგ იბრძვის და ამით აგრძელებს ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ!“

სტატიის მიხედვით, ასეულობით პანკისელი ახალგაზრდა მიიჩნევა თურქეთში გამომუშავებაზე წასულად, რასაც ადგილობრივები უმუშევრობის მაღალი დონით ხსნიან. საქართველოს მთავრობასაც უჭირს სირიისკენ დაძრული ნაკადის შემცირება იმის გამო, რომ წამსვლელთა აბსოლუტური უმეტესობა ამბობს, რომ მიემგზავრება თურქეთში სამუშაოდ. „კომერსანტში“ გამოქვეყნებული სტატია მთავრდება პანკისელი ლეილა აჩიშვილის ისტორიით: ამ ქალმა ალეპოსთან დაკარგა ორი შვილი, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანებამდე ავსტრიაში ცხოვრობდნენ.

გაზეთი „ნოვაია გაზეტა“ კი რუსეთისა და თურქეთის დაპირისპირების გამოძახილზე წერს. საქმე ისაა, რომ სარატოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში 30 ნოემბერს, დილის 6 საათზე, ჩატარდა რეიდი, რომლის დროსაც დაკავებული იქნა თურქეთის 27 მოქალაქე. გარდა ამისა, ვორონეჟის მაღალი ტექნოლოგიების ინსტიტუტის თურქი სტუდენტები გააფრთხილეს, რომ სასურველია დატოვონ რუსეთი 7 დეკემბრამდე. სტუდენტურ პორტალზე მითითებულია, რომ ახალგაზრდებს სთხოვეს ხელი მოეწერათ განცხადებაზე და საკუთარი სურვილით დაეტოვებინათ რუსეთი.

გამოცემა მკითხველს იმასაც შეახსენებს, რომ ორიოდე დღის წინ რუსეთის ფედერაციის განათლების მინისტრმა დმიტრი ლივანოვამ ყველა უმაღლეს სასწავლებელს გაუგზავნა მითითება, მაქსიმალურად მოარიდონ თურქი სტუდენტები შესაძლო პროვოკაციებს, თუმცა 1 დეკემბერს ასევე განათლების სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ყველა რუს სტუდენტს დააბრუნებდნენ თურქეთიდან მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში. გარდა ამისა, სამინისტროსავე გადაწყვეტილებით, ცალმხრივად შეჩერდა რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლობა ორმოცამდე თურქულ ორგანიზაციასთან. მზადდება ასევე შეთანხმება თურქეთთან მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაწყვეტის შესახებ.

„ევროპა „ჩრდილოეთის ნაკადი - ორის“ წინააღმდეგ“ - ამის შესახებ წერს რუსული გამოცემა „გაზეტა“, რომლის მიხედვითაც, პროექტის წინააღმდეგ გამოდის ევროპის ცხრა ქვეყანა, მათ შორის, ჩეხეთი. არაა გამორიცხული, ევროპის ქვეყნები იმედოვნებდნენ, რომ განხორციელდება „თურქული ნაკადი“, თუმცა ბოლო მოვლენებმა ეს მიმართულებაც ეჭვის ქვეშ დააყენა.

სტატიაში მოტანილი ინფორმაცია ეყრდნობა ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე ქვეყნის მინისტრებმა მიმართეს ევროპის ენერგეტიკული კავშირის თავმჯდომარის მოადგილეს მაროშ შეფჩოვიჩს და წერილობით მოახსენეს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი - ორი“ არ შეესაბამება ევროკავშირის ინტერესებს და ძირს უთხრის უკრაინის სტაბილურობას.

თუმცა რუსეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების ნაციონალური ფონდის ხელმძღვანელი კონსტანტინ სიმონოვი დარწმუნებულია, რომ „გაზპრომი“ დაელოდება იმ დროს, როცა უკრაინული ტრანზიტის შეწყვეტის გამო ევროპას გაზის დეფიციტი შეექმნება და, უალტერნატივობის გამო, გასცემს თანხმობას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG