Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2015 წლის 9 დეკემბერი


წელიწად-ნახევრის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მებრძოლი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი, - წერს გაზეთი „კომერსანტი“, ამერიკული კომპანია Soufan Group-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით. ამავე წყაროს მონაცემებით, სირიასა და ერაყში ექსტრემისტული ორგანიზაციის მხარეს იბრძვის 30 ათასამდე უცხოელი მსოფლიოს 86 ქვეყნიდან. არადა, სულ რაღაც 2014 წლის ივნისში მათი რაოდენობა 12 ათასს არ აღემატებოდა. დროის ამ ინტერვალში დასავლეთ ევროპიდან ჩასულ მებრძოლთა რიცხვი ორჯერ გაიზარდა, რუსეთიდან და ცენტრალური აზიიდან ჩასულებისა კი - სამჯერ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მებრძოლთა შორის ყველაზე მეტი - 6 ათასამდე ადამიანი - ტუნისელია, შემდეგ მოდის საუდის არაბეთი, 2,5 ათასით, და, დაახლოებით, ამდენივე მებრძოლითაა წარმოდგენილი რუსეთიც.

„კომერსანტი“ წერს ასევე „ლევადას ცენტრის“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის შესახებ, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 66 პროცენტს მიაჩნია, რომ თავისი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეა, თუმცა, როგორც რუსულ გამოცემას ცენტრის დირექტორის მოადგილემ ალექსანდრ გრაჟდანკინმა უთხრა, რუსეთის მოქალაქეების უმეტესობა „თავისუფლებაში“ არ გულისხმობს პოლიტიკურ თავისუფლებას. მათთვის მნიშვნელოვანია ის თავისუფლება, რომელიც დროის ტარებასა და საარსებო სახსრების იოლად მოძიებას უკავშირდება. გამოკითხულთა 33 პროცენტი მიიჩნევს, რომ უახლოეს დროში გაძლიერდება ოპოზიციის დევნა, ხოლო, 22 პროცენტის აზრით, დამყარდება დიქტატურა.

„ლევადას ცენტრის“ გამოკვლევამ მიიპყრო ასევე გაზეთ „როსბიზნესკონსალტინგის“ ყურადღება. კერძოდ, თვალშისაცემია პატრიოტული განწყობების არნახული ზრდა, რომელიც კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე იყო ყირიმის რუსეთთან მიერთების შემდგომ. გამოკითხულთა 85 პროცენტი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეობას ურჩევნია იყოს რუსეთის მოქალაქე. ერთი წლის წინ ასე ფიქრობდა გამოკითხულთა 78 პროცენტი, 1996 წელს კი - 36 პროცენტი. მსოფლიოში რუსეთის პოლიტიკური გავლენის ზრდით კმაყოფილია გამოკითხულთა 68 პროცენტი. გამოკითხვის შედეგების გამო მწუხარება გამოთქვა ლევ პონომარიოვმა, ლიდერმა მოძრაობისა „ადამიანის უფლებებისათვის“:

„შენი ქვეყნის სიყვარული, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ ხალხი ამბობს, რომ ამაყობს სამშობლოთი და მისი პოლიტიკური გავლენის ზრდით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა შეწყვიტეს კრიტიკულად აზროვნება. აშკარაა ეკონომიკური ვარდნა, რასაც ხედავენ კიდეც, მაგრამ მაინც ამბობენ, მთლიანობაში, ვითარება გაუმჯობესდაო. ხალხი ბრმად ენდობა სახელმწიფო მედიას, რომელიც ამტკიცებს, რომ კრიზისი მალე დასრულდება“.

რუსეთის ეკონომიკის კრიზისის შესახებ წერს გაზეთი „ვედომოსტი“, რომლის მიერ გამოქვეყნებული სტატიის სათაურში გამოტანილია brent-ის მარკის ნავთობის ახალი ფასი: 40 დოლარი 1 ბარელში. სტატიის მიხედვით, ბოლოს ასე იაფი ნავთობი იყო 2009 წლის თებერვალში. ნავთობის ბაზარზე მეორდება შარშანდელი ვითარება, როცა ნავთობის ფასის ლამის ორჯერ შემცირების შემდეგ ოპეკმა მიიღო გადაწყვეტილება, არ შეემცირებინა ნავთობის მოპოვების კვოტები. ამას დაჟინებით მოითხოვდა საუდის არაბეთი, ნავთობის უმსხვილესი მომპოვებელი, რომლის გათვლებითაც, დაბალი ფასი ბაზრიდან განდევნიდა იმ მწარმოებლებს, რომელთა პროდუქციის თვითღირებულება შედარებით მაღალია. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ნავთობის ფასმა კიდევ უფრო მკვეთრად დაიწყო ვარდნა. ოპეკი დღის განმავლობაში 31,5 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებს. ამასთან, 2016 წლიდან ბაზარზე ელოდებიან ირანის გამოჩენას, რომელიც ბაზარზე ყოველდღიურად 1 მილიონ ბარელ ნავთობს გაიტანს და ამით ფასის ვარდნის რისკს კიდევ უფრო მეტად გაზრდის. „ვედომოსტიში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ნავთობის გაიაფებასთან ერთად ეცემა რუსეთის ეროვნული ვალუტაც: 1 დოლარი 70 რუბლი ღირს. სპეციალისტების შეფასებით, ნავთობის შემდგომი გაიაფება აუცილებლად რუბლის შემდგომ დევალვაციას გამოიწვევს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG