Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2016 წლის 27 ივლისი


„პანკისის ხეობას სირიისკენ გზა გადაუკეტეს“ - ამ სათაურით გაზეთი „კომერსანტი“ აქვეყნებს სტატიას, რომელიც შეეხება საქართველოს ხელისუფლების ბრძოლას ისლამური რადიკალიზმის წინააღმდეგ, კერძოდ კი, იმ ღონისძიებებს, რომელთა მიზანიც ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა რიგებში პანკისის ხეობიდან გასული ახალგაზრდების ჩართულობის შემცირებაა. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ბოლო დროს საქართველოდან სირიაში საბრძოლველად წასულთა რიცხვი შემცირებულია, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა ორ ათეულზე მეტია. კერძოდ, „კომერსანტის“ თანახმად, დაჯგუფების დაღუპულ წევრთა შორის ოთხი ქვემო ქართლის რეგიონიდან იყო, ოთხი აჭარის და, დაახლოებით, ოცი - პანკისის ხეობიდან.

სტატიის თანახმად, ლაფანყურის ოპერაციის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ რელიგიურ ექსტრემიზმთან ბრძოლა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით დაიწყო. ექსპერტთა თანახმად, ამ ბრძოლის მთავარ მიმართულებად დარჩა პანკისის ხეობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ შეიქმნა. თუმცა, „კომერსანტის“ მიხედვით, მიუხედავად ყველა იმ ზომისა, რომელიც საკანონმდებლო თუ საუწყებო დონეზე იქნა მიღებული, პრობლემა შორსაა მოგვარებისგან. როგორც ექსპერტი მამუკა არეშიძე ეუბნება „კომერსანტს“, „სირიაში „ბოევიკების“ შეყვანის ისეთი არხი, როგორიცაა თბილისი-სტამბოლი-რაკა, ნამდვილად გადაკეტილია, თუმცა არსებობს სხვა არხებიც, მათ შორის, უკრაინისა და კვიპროსის გავლით. ამ არხების ჩაკეტვა რთულია: ახალგაზრდები იქ ვითომდა სამუშაოდ მიდიან და ყოველი ასეთი შემთხვევის გაკონტროლება პრაქტიკულად შეუძლებელია“.

ინტერნეტგამოცემა „ლენტა“ კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსს, ხატია დეკანოსიძეს, საქართველოს ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებს. გამოცემის თანახმად, პროცესი უკვე დაწყებულია. სტატიაში მოყვანილია უკრაინაში საქართველოს ელჩის, მიხეილ უკლებას, განმარტება, რომ, კანონმდებლობის შესაბამისად, თბილისი საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებს ყველა იმ თანამემამულისთვის, ვინც უკრაინაში სახელმწიფო თანამდებობას იკავებს. გამოცემა იუწყება, რომ ორმაგ მოქალაქეობას არც უკრაინის კანონმდებლობა ცნობს და სახელმწიფო თანამდებობაზე უკრაინის მოქალაქეობის არმქონე პირთა ყოფნა დაუშვებელია.

„ვაშინგტონი უკრაინის ბანქოს ათამაშებს“ - ამ სათაურით კი გაზეთი „ნეზავისიმაია გაზეტა“ აქვეყნებს სტატიას, რომელშიც ნათქვამია, რომ შავიზღვისპირეთში, ბალტიის რეგიონისგან განსხვავებით, დიდი ომის დაწყების რეალური საფრთხეა. გაზეთში ვკითხულობთ, რომ შავი ზღვის რეგიონში ერთდროულად წარმოებს რუსეთის შეიარაღებულ ძალთა სამხრეთის სამხედრო ოლქისა და ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის ერთობლივი სწავლებები, რომელშიც მონაწილეობენ ნატოს წევრი ათამდე ქვეყნისა და საქართველოსა და მოლდავეთის სამხედროები. გაზეთის თანახმად, რეგიონში არსებული სამხედრო-პოლიტიკური დაძაბულობის პირობებში, სამხედრო თამაშები ძალიან ჰგავს რეალური ომისთვის მზადებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG