Accessibility links

რუსეთისადმი ტრამპის პოზიციის გამო ევროპარლამენტარებს ევროკავშირში განხეთქილების შიში აქვთო, წერს „გაზეტა რუ“.

ევროკავშირის ერთიანი პოზიცია რუსეთთან მიმართებით შეიძლება შეირყეს რიგი პოლიტიკური ფაქტორების გამო, ნათქვამია ევროპარლამენტის გენერალური დირექტორატის ანგარიშში შიდა პოლიტიკის თაობაზე. შესაძლო მიზეზებზე საუბრისას ანგარიშის ავტორები შეერთებული შტატების პრეზიდენტის კურსსა და საფრანგეთსა და გერმანიაში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს ასახელებენო, წერს გამოცემა: „ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა შეიძლება მხედველობაში არ მიიღოს ევროპული უსაფრთხოება და წავიდეს რუსეთთან გარიგებაზე ისე, რომ არ გაითვალისწინოს აზრი ევროპელებისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, რომლებიც ცდილობენ გათავისუფლდნენ მოსკოვის მარწუხებისგან. არსებობს ასევე იმის ალბათობა, რომ საფრანგეთსა და გერმანიაში დაგეგმილ არჩევნებში გაიმარჯვონ პოლიტიკურმა ძალებმა, რომელთაც შედარებით რბილი პოზიცია უკავიათ რუსეთის მიმართ“.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთმა შეიძლება გადახედოს ევროკავშირთან ურთიერთობას.

„რუსეთი სიფრთხილით აკვირდება მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებს, ვინაიდან დარწმუნებული არაა, რომ შეძლებს, თავისი შიდა სიძნელეების გათვალისწინებით, ღირსეული ადგილის დამკვიდრებას “, ირწმუნებიან ანგარიშის ავტორებიო, წერს „გაზეტა.რუ“.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ბევრი ქვეყანა ცდილობს რუსეთისათვის დაწესებული სანქციების მოხსნას და რომ ქვეყნების ნაწილი არ არის დაინტერესებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროექტით და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის განვითარებით, მათ შორის, უკრაინასთან, ბელორუსიასთან, მოლდავეთთან, საქართველოსთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან.

იგივე გამოცემა სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობაზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობას ახასიათებს, როგორც სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში არსებულს. გაზეთში ციტირებულია მარგველაშვილის განცხადება: „რუსეთთან ურთიერთობა ისეთსავე რეჟიმშია, როგორც ადრე, ანუ სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში, რომელსაც ახალი რთული მხარეებიც აქვს. მე მხედველობაში მაქვს შეთანხმებები, რომლებიც გაფორმდა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ და ისინი ძალზედ პრობლემურია, ამას ჩვენ ყველა საერთაშორისო არენაზე ვამბობთ“.

უფრო ადრე საქართველის პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ არ გამორიცხა, რომ გარკვეულ პირობებში შესაძლოა მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა დღის წესრიგში დადგეს.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წელს გაწყვიტა, როცა რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, წერს გამოცემა.

„ვედომოსტი“ ყურადღებას უთმობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის, განცხადებას, უკრაინა ევროპის მომავალი ზესახელმწიფოაო.

5-15 წელიწადში შესაძლებელია უკრაინა გახდეს ევროპის წამყვანი პოლიტიკური მოთამაშე, ამბობს სააკაშვილი და დასძენს, რომ ევროკავშირი უკრაინასთან ვალშია და ევროკავშირი უკრაინის გარეშე ვერ გადარჩება. მკითხველს მიხეილ სააკშვილის გამონათქვამებს გაზეთი „ვედომოსტი“აცნობს.

უფლებადაცვითი ცენტრი „მემორიალი“ პოლიტპატიმრად მიიჩნევს ოქსანა სევასტიდის, რომელსაც სამშობლოს ღალატის მუხლით 7-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, წერს „ნოვაია გაზეტა“. სევასტიდის ბრალი ედება იმაში, რომ 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს, რამდენიმე მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა ნაცნობს საქართველოში სოჭის გავლით მიმავალი სამხედრო ტექნიკის თაობაზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG