Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2017 წლის 19 ივლისი


კვირის განმავლობაში რუსეთის გამოცემების ნაწილი სტატიებს უძღვნის თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის, ალექსანდ ზახარჩენკოს, ინიციატივას „მალოროსიის“ ახალი სახელმწიფოს შექმნის თაობაზე. ზახარჩენკოს ჩანაფიქრის თანახმად, ის უკრაინის შემადგენლობაში დღეს არსებული 19 ოლქისგან უნდა შედგეს, ყირიმის გამოკლებით. წარმოსახვითი სახელმწიფოს დედაქალაქი დონეცკი უნდა იყოს, კიევი კი მისი კულტურულ-ისტორიული ცენტრი გახდეს, - წერს გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ კორესპონდენტი.

ზახარჩენკოს ამ განცხადებას საქართველოში ვიზიტად მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, უპასუხა და პირობა დადო, რომ მთელ დომბასს უკრაინის შემადგენლობაში დააბრუნებს. პოროშენკოს განცხადებით, „მალოროსიას“ იგივე ბედი ელის, რაც უკვე მივიწყებულ „ნოვოროსიის“ შექმნის იდეას, რომელსაც ოდესიდან ხარკოვამდე ტერიტორია უნდა მოეცვა.

როგორც პოლიტოლოგი დმიტრი ორეშკინი ეუბნება „ნოვაია გაზეტას“, „ზახარჩენკოს სხვა არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ თავისი არსებობა მსგავსი განცხადებებით დაადასტუროს“. მისივე სიტყვებით, „კრემლში ზახარჩენკოს განცხადების თაობაზე არაფერი იციან“. პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრის დირექტორი, კრემლთან დაახლოებული პოლიტოლოგი ალექსეი ჩესნაკოვი ზახარჩენკოს განცხადებას „უაზროს“ უწოდებს და ამბობს, რომ „მალოროსიის“ პროექტს „რეალურ პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს“.

რაც შეეხება სხვა თემებს: გამოცემა „ვედომოსტი“ იმ წყაროზე დაყრდნობით, რომელიც სახელმწიფო ჩინოვნიკია, წერს, რომ „გაზპრომმა“ „თურქული ნაკადის“ მეორე სადენის მშენებლობა დაიწყო. ამ გზით ევროპას რუსული გაზი უნდა მიეწოდოს. წყაროს ცნობით, შავი ზღვის ფსკერზე უკვე დამონტაჟებულია 20-25-კილომენტრიანი მილი. „ვედომოსტი“ წერს, რომ „გაზპრომი“ აქამდე მხოლოდ ერთი გაზსადენის მშენებლობის თაობაზე იუწყებოდა, მეორე მილის მშენებლობის თაობაზე კი ინფორმაციას არ ავრცელებს. „თურქული ნაკადი“ „გაზპრომის“ მიერ შეჩერებული „სამხრეთის ნაკადის“ პროექტის შემცვლელია. ის ითვალისწინებდა შავი ზღვის ფსკერზე მილსადენის მშენებლობას ბულგარეთამდე. პროექტი ჩაიშალა და ბულგარეთამდე მიყვანილი მილის „თურქეთის ნაკადისთვის“ გამოყენება გადაწყდა. თავის მხრივ, „თურქეთის ნაკადისთვის“ ორი გაზსადენის მშენებლობაა დაგეგმილი: ერთი - გაზის თურქეთამდე ტრანსპორტირებისთვის, მეორე კი - ევროპაში ტრანსპორტირებისთვის. ამ დრომდე საერთაშორისო ხელშეკრულება მხოლოდ თურქეთთან არსებობს.

„იზვესტია“ წერს, რომ სახელმწიფო სათათბირომ მესამე მოსმენით სახელმწიფო ბიუჯეტში შესწორებები დაამტკიცა. დოკუმენტის თანახმად, ფედერალური ბიუჯეტის ხარჯვის შემზღუდავი ახალი რეგულაციები დაწესდა. ბიუჯეტის კანონის მიხედვით, ახალ საფინანსო წელს დაუშვებელია საბიუჯეტო ხარჯი აღემატებოდეს გაზისა და ნავთობის გაყიდვით მიღებულ შემოსავლებს, იმ პირობით, რომ ბარელი ნავთობის ფასი 40 აშშ დოლარი იქნება. ამან, თავის მხრივ, ვალის მომსახურების ხარჯი უნდა შეამციროს, იუწყება „ვედომოსტი“.

კიდევ ერთ საკანონმდებლო ცვლილებაზე წერს გამოცემა „კომერსანტი“. ცნობილი გახდა, რომ 2018 წლიდან ექსპერიმენტულ რეჟიმში იმუშავებს კანონი, რომელიც ტურისტულ მოსაკრებელს ითვალისწინებს კურორტებზე: ყირიმში, კრასნოდარში, ალტაისა და სტავროპოლის მხარეში. კანონის ოპონენტები წუხან, რომ მსგავსი მოსაკრებლის დაწესება შიდა და საგარეო ტურისტულ ნაკადს მნიშვნელოვნად შეამცირებს, ხელს შეუშლის საშუალო ბიზნესის განვითარებას და ჩრდილოვანი ეკონომიკის გაზრდას გამოიწვევს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG