Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული ავიაცია ქართული სოფლების თავზე


რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი
რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი

რუსული სამხედრო ავიაცია ქართული სოფლების თავზე დაფრინავს. გუშინ გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მერეთის, ზარდიაანთკარის, გუგუტიაანთკარისა და კოშკას თავზე ცხინვალის მხრიდან სამხედრო ვერტმფრენმა დაბალ სიმაღლეზე გადაიფრინა და ახალგორის მიმართულებით წავიდა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, თვე ისე არ გავა, რომ რუსულმა ვერტმფრენებმა საოკუპაციო ხაზი არ გადმოკვეთონ და ქართული სოფლების თავზე არ იფრინონ. საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მცხოვრებლები ამის გამო შეშინებულები არიან, რადგან არ იციან, რა მიზნით დაფრინავენ რუსული ბომბდამშენები მათი სოფლების თავზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს სათანადო შეფასება მისცენ.

სამინისტროს ცნობით,2015 წლის 17 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ სამხრეთის სამხედრო ოლქში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო, რომლებიც ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში - მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნებში გამოიყენება ისეთი თანამედროვე შეიარაღება, როგორიც არის ზალპური ცეცხლის რეაქტიული საშუალებები "Град-М", "Ураган", "Смерч", თვითმავალი ჰაუბიცები "Мста-С" და Д-30, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები "Нона". წვრთნები 18 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ჩრდილოეთ კავკასიასა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის საერთო საჯარისო არმია შეუდგა ახალი თაობის კავშირგაბმულობის საშუალებების გამოყენებას საველე პირობებში. საველე წვრთნებში მონაწილეობს 2 ათასზე მეტი სამხედროდა გამოყენებულია 500 ერთეულზე მეტი კავშირგაბმულობის სპეციალური ტექნიკა.


"სამხედრო წვრთნების პარალელურად, გრძელდება რუსეთის მხრიდან საქართველოს მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევები. კერძოდ, 2015 წლის 19 აგვისტოსოკუპირებული სოფელ ხელჩუას მიმართულებიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების "მი-8" ტიპის სამხედრო ვერტმფრენმა გორის რაიონის სოფელ ზარდიაანთკარის მიმართულებით შემოფრენისას ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე დაარღვია. ინციდენტის შემდეგ ვერტმფრენმა ფრენა ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით განაგრძო. რუსეთის ფედერაციის მსგავსი ქმედებები პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემას და ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულებას და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, უპირველესად, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს.

სამხედრო სწავლებები და ქართული სოფლების თავზე რუსული ვერტმფრენის გამოჩენა „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის მომავალი შეხვედრის განხილვის თემა იქნება. ამ ფაქტს საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილი რუსეთის მიერ კავკასიაში, მათ შორის, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სამხედრო სწავლებებით შეშფოთებულია. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დაუშვებელია სამხედრო მანევრების ჩატარება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს განცხადება საერთაშორისო საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

რამდენიმე დღეა რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის დაახლოებით 9 000 არტილერისტი, 3 000 სარაკეტო-საარტილერიო შეიარაღება და სპეციალური სამხედრო ტექნიკა სწავლებებისთვის არის გამოყვანილი. სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ცნობით, ყირიმის, ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქების, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და სომხეთის ტერიტორიებზე სწავლებები დაახლოებით ერთ თვეს გაგრძელდება. უწყების ინფორმაციით, წვრთნა არტილერისტების მომზადებას და სხვა დანიშნულების ბატალიონებთან მათ კოორდინირებულ მოქმედებას ისახავს მიზნად. საქართველოს ხელისუფლების პროტესტის მიუხედავად, დე ფაქტო რესპუბლიკების ტერიტორიაზე რუსეთი სამხედრო წვრთნებს განაგრძობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG