Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს სურს სირიის კრიზისი დიპლომატიური გზით მოგვარდეს


სერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი
მოსკოვი ცდილობს სირიის კრიზისში თავისი პოზიციები მეტად გაამყაროს. მას თავისი ინტერესები აქვს რეგიონში და, კერძოდ, ამ ქვეყანაში, სადაც თავის სამხედრო ბაზასასაც კი ინარჩუნებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კაიროში ჩავიდა დილომატიური ინიციატივების გასამყარებლად.

ეგვიპტის დედაქალაქში ლავროვმა მოლაპარაკება გამართა არაბთა ლიგის თავმჯდომარე ნაბილ ალ-არაბისა და სირიის კონფლიქტში გაეროსა და ამავე ლიგის საერთო წარმომადგენელ ლახდარ ბრაჰიმისთან. ლავროვმა აღნიშნა, რომ საჭიროა ყველა მხარის თანხმობა იმაზე, რომ მოლაპარაკება ჟენევის დეკლარაციას დაემყაროს. ეს დოკუმენტი ივნისში შეათანხმეს და მასში გამოთქმულია მოწოდება, შეიქმნას გარდამავალი მმართველობა. თუმცა დეკლარაცია არ აზუსტებს საკითხს, თუ რა როლი ეკისრება სირიის პრეზიდენტს აშარ ალ-ასადს.
ჩვენ არასოდეს არავისთან ვმართავთ საიდუმლო მოლაპარაკებებს მესამე ქვეყნების ბედის გარშემო ...
სერგეი ლავროვი

„ვფიქრობ, ყველაფერი მარტივადაა: ჩვენ ჟენევაში შევთანხმდით, როგორ გვემოქმედა. იქ მოვრიგდით, რომ ყველა გარე მოთამაშე, ერთსა და იმასვე ეტყოდა სირიაში ერთმანეთთან დაპირისპირებულ მხარეებს. რუსეთი სწორედ ამას აკეთებს - ერთსა და იმასვე ეუბნება სირიის მთავრობასაც და ოპოზიციის ყველა ნაწილს. ჟენევის მოლაპარაკების ზოგიერთი მონაწილე - როგორც დასავლელები, ასევე რეგიონიდან - ოპოზიციას ეუბნება: განაგრძეთ ბრძოლა, თქვენ მართალი საქმისთვის იბრძვით, თქვენ გაიმარჯვებთო“, რაც, ლავროვის თანახმად, ეწინააღმდეგება ჟენევის დეკლარაციის სულისკვეთებას.

მოსკოველმა სტუმარმა კაიროში მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ მოსკოვს და აშშ-ს არასოდეს გაუმართავთ საიდუმლო მოლაპარაკება სირიაში რეჟიმის შეცვლის თაობაზე:

„ჩვენ არასოდეს არავისთან ვმართავთ საიდუმლო მოლაპარაკებებს მესამე ქვეყნების ბედის გარშემო. ჩვენ არ გვქონია საიდუმლო კონტაქტები ამერიკელებთან თუ სხვებთან ბაშარ ალ-ასადის გამო გარიგების თაობაზე“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ეგვიპტის ინიციატივას, შეიქმნას ოთხწევრიანი ჯგუფი, რომელიც სირიის კონფლიქტის თაობაზე იმუშავებს. ეს ინიციატივა გულისხმობს ახლო აღმოსავლეთის ოთხი ქვეყნის - საუდის არაბეთის, ეგვიპტის, თურქეთისა და ირანის - ჩართვას ამ საქმეში. მათგან პირველ სამს მიაჩნია, რომ ასადი უნდა წავიდეს. ირანი სირიის მოკავშირე სახელმწიფოა. საუდის არაბეთი მონაწილეობდა ადრინდელ მოლაპარაკებებში, მაგრამ მოგვიანებით მისი წარმომადგენლები მინისტერიალს აღარ დასწრებიან. რუსეთი, ჩინეთთან ერთად, სირიისთვის სანქციების დაწესების მცდელობას გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს ადებს. ლავროვთან შეხვედრისას მისმა პარტნიორმა ბრაჰიმიმ განაცხადა, რომ სირიაში სისხლიანი დაპირისპირება გამარჯვებას არავის მოუტანს. მისი აზრით, საჭიროა გაეროს ახალი რეზოლუცია, რასაც ლავროვი ეწინააღმდეგება. ბრაჰიმი მხოლოდ პოლიტიკური გზით ხედავს კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობას. როცა ლავროვი კაიროში მოგზაურობს, სირიის ოპოზიცია ცდილობს გაერთიანდეს და ამ მიზნით სხვადასხვა ფრაქციები კატარში შეიკრიბნენ. აშშ-მა მოუწოდა სირიის ოპოზიციურ ძალებს, სირიის ეროვნულ საბჭოს, გააფართოონ თავიანთი რიგები და თავისუფალი სირიის არმიის, ასევე სხვა ჯგუფების წარმომადგენლებიც შემოიერთონ. კაიროში, თავის რუს კოლეგა ლავროვთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამად კამელ ამრმა ასევე ოპოზიციის გაერთიანების აუცილებლობაზე ილაპარაკა და თქვა, რომ ეგვიპტე თავიდანვე გამოდიოდა მოწოდებით, სირიის ოპოზიცია საერთო პრინციპებითა და კონცეფციით გაერთიანებულიყო. სირიის ოპოზიციის გაერთიანება, ამრის აზრით, იმის წინაპირობაა, რომ კონფლიქტი პოლიტიკურად მოგვარდეს და თავიდან იქნეს აცილებული სამხედრო ინტერვენცია.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG