Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 11 დეკემბერი


”რუსეთი და საქართველო წყვეტენ სამხრეთ ოსეთის გარშემო ომით გამოწვეულ ოთხწლიან პაუზას - პირდაპირ ოფიციალურ ორმხრივ ურთიერთობაში”, - წერს 10 დეკემბრის გაზეთი ”იზვესტია” და იქვე განმარტავს, რომ მიმდინარე კვირაში ჟენევაში გაიმართება ორი ქვეყნის წარგზავნილთა პირველი შეხვედრა. გაზეთი იტყობინება, რომ საქართველოს სახელით ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე, ხოლო რუსეთს წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი. ”იზვესტია” იხსენებს, რომ ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის 9 დეკემბრის კომენტარი, რომ შეხვედრამ შესაძლოა სტიმული მისცეს სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას და ამჟამად არსებულ ჩარტერულ ავიარეისებს რეგულარული სახე მიეცეს. ეკონომიკური თანამშრომლობის სარგებელსა და პერსპექტივებზე გაზეთს კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ხუციშვილი ესაუბრება. მისი ინფორმაციით, ამ დღეებში სტამბოლში შედგა ქართველი და რუსი ექსპერტების კონსულტაციები და ეს პროცესი გაგრძელდება, თანაც არამხოლოდ რუსეთისა და საქართველოს საზღვრებს გარეთ. როგორც ”იზვესტია” აღნიშნავს, საახალწლო დღესასწაულების შემდეგ, მალევე, საქართველოს ცნობილი რუსი პოლიტოლოგები ეწვევიან და იანვარში ასევე შედგება სასულიერო პირების დელეგაციის ვიზიტი მოსკოვში. ამავე წყაროს ცნობით, დელეგაციას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე უხელმძღვანელებს.

დიალოგის დაწყების შესაძლებლობას რუსეთსა და საქართველოს შორის რუსეთის პრესის კიდევ არაერთი გამოცემა ეხმაურება. მაგალითად, ”კომერსანტი” იტყობინება, რომ ექსპერტების ერთი ნაწილი იმთავითვე სკეპტიკურად განეწყო საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა გაუმჯობესების მიმართ. სტატიაში მოყვანილია დიპლომატიური აკადემიის ყოფილი რექტორის, სოსო ცინცაძის მოსაზრება. ანალიტიკოსი თვლის, რომ ”მოსკოვმა უკვე მიანიშნა თბილისს, რომ ის არ აპირებს დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი საქართველოსთან ურთიერთობების საკითხებში, ხოლო სერიოზული დიალოგი შედგება მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შემდეგ”. სოსო ცინცაძე ეუბნება ”კომერსანტს”, რომ თუკი შეხვედრა შედგება, რუსეთი საქართველოს, პირველ რიგში, სწორედ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას მოსთხოვს. მაგრამ იმის გამო, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით რუსეთის მიერ დამკვიდრებული ”ახალი რეალობის” აღიარების ტოლფასი იქნება, თბილისი ამის გაკეთებას გამორიცხავს.

მიმდინარე კვირაში რუსეთის პრესის ყურადღების ცენტრში ასევე მოექცა ლოპოტის ხეობაში დაკავებული ჩეჩენის - რუსეთის მოქალაქის - ახმედ ჩატაევის გირაოს წესით გათავისუფლების ფაქტი. 7 დეკემბერს გაზეთ ”იზვესტიაში” გამოქვყნებულ სტატიაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ დოკუ უმაროვის თანამოაზრეზე - ახმედ ჩატაევზე - სამშობლოში, ანუ რუსეთში, გამოცხადებულია ძებნა, ”ტერორისტულ რეიდებში” მონაწილეობის ბრალდებით. ოფიციალური მოთხოვნის მიუხედავად, თბილისმა უარი უთხრა მოსკოვს მის ექსტრადირებაზე. საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს უარი მოსკოვმა არამეგობრულ ჟესტად არ უნდა აღიქვას. გაზეთს მოჰყავს ყოფილი ელჩის რუსეთში ვაჟა ლორთქიფანიძის კომენტარი, სადაც ის აღნიშნავს, რომ ჩატაევის ექსტრადირებაზე ქართული მხარის უარს საფუძვლად უდევს ”საერთაშორისო ნორმები და ჰუმანური მოსაზრებები”. გაზეთი იხსენებს, რომ ბულგარეთისა და თურქეთის საზღვარზე შარშან დაკავებული ჩატაევი არც ბულგარეთის მხარემ გადასცა რუსეთს. ეს იმიტომ, რომ ახმედ ჩატაევს ავსტრიის მიერ მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი აქვს, რის გამოც მას საერთაშორისო სამართალი იცავს.

დაბოლოს, იმ უახლესი ინფორმაციის შესახებ, რომელმაც 11 დეკემბერს იჩინა თავი რუსეთის პრესაში. როგორც, მაგალითად, ”ნოვაია გაზეტა” იტყობინება, გამოძიებამ დაადასტურა ფაქტი, რომ რუს ოპოზიციონერებს, რომლებიც, იმავე გამოძიების ვარაუდით, რუსეთში მასობრივი არეულობის მოწყობას გეგმავდნენ, საქართველოს მოქალაქე გივი თარგამაძე აფინანსებდა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG