Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა, 12 მარტი, 2013 წ


რუსეთის ბეჭდურმა მედიამ აქტიურად გააშუქა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ქვეყნის საგარეო კურსის ძირითადი მიმართულებების შესახებ. გაზეთ „იზვესტიაში“ ყურადღება გამახვილებულია დოკუმენტის იმ ნაწილზე, რომელშიც ლაპარაკია თბილისის ურთიერთობაზე სეპარატისტულ რეგიონებთან. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ოფიციალური თბილისი ვალდებულებას იღებს არ გამოიყენოს ძალა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა გაზეთის რედაქციას განუცხადა, რომ იურიდიულად ეს უფრო მაღალი ვალდებულებაა, ვიდრე ის, რასაც ადრე აფხაზები და ოსები ითხოვდნენ. „ვნახოთ როგორი საპასუხო რეაქცია ექნებათ. პარლამენტის რეზოლუცია ყველაზე მაღალი გარანტიაა“, უთქვამს პაატა ზაქარეიშვილს რუსული გამოცემისათვის. ზაქარეიშვილის თქმითვე, ოფიციალური თბილისის სტრატეგია საყვედურების ფორმალური მიზეზებისა და დაძაბულობის ეტაპობრივ მოხსნაში მდგომარეობს. ამ მიზნით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის სახელი შეუცვალოს რეინტეგრაციის სამინისტროს, რაც მნიშვნელოვანწილად პასუხობს სოხუმისა და ცხინვალის ინტერესებს, თუმცა, გაზეთის ცნობით, საკითხის გადაჭრა ვერ ხერხდება პრეზიდენტ სააკაშვილის ნეგატიური დამოკიდებულების გამო.

საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას ეხმიანება გაზეთი „კომერსანტიც“, რომელიც აქვეყნებს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტსაბჭოთა სივრცის შემსწავლელი ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ალექსანდრ კარავაევის, ანალიტიკურ სტატიას, სათაურით „საკითხის ფასი“. რუსი პოლიტილოგის თქმით, საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის მოქმედებამ ბევრს აფიქრებინა მოსკოვში, რომ მოსალოდნელია საქართველოს საგარეო ვექტორის სწრაფი მობრუნება მოსკოვისკენ, რომ სულ მალე დადგება ნანატრი გაზაფხული ორი ქვეყნის ურთიერთობაში, თუმცა საქართველოს პარლამენტის რეზოლუციამ „საგარეო ურთიერთობის ძირითადი მიმართულებების“ შესახებ ეს ილუზიები დაამსხვრია: „ვარდების რევოლუციის 10 წლის თავზე შეურიგებელმა მოწინააღმდეგეებმა მოილაპარაკეს როგორც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პრიორიტეტულობის, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების საკითხზე. გარდა ამისა, რეზოლუცია არ იწონებს თბილისის მონაწილეობას მოსკოვის ეგიდით წამოწყებულ ინტეგრაციულ პროექტებში“. სტატიის ავტორის შენიშვნით, არაფერი მოულოდნელი არ მომხდარა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს ელიტა შეთანხმდა იმაზე, რომ სეპარატისტული ანკლავები აუცილებლად უნდა ინტეგრირდნენ ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში. საკამათო მხოლოდ ინტეგრაციის გზებია. ასე რომ, საქართველო ახალი ხელისუფლების პირობებში არ ღალატობს საკუთარ პრინციპებს, თუმცა მზადაა ისეთი ტექნიკური ხასიათის კომპრომისებისათვის, როგორიც არის სამინისტროსათვის სახელის შეცვლა, ოკუპაცის შესახებ კანონის შემსუბუქება და ასე შემდეგ. და ეს მაშინ, როცა რუსეთის მეგობრულ განწყობას ამა თუ იმ რეჟიმის მიმართ განსაზღვრავს ინტეგრაციულ პროექტებში მათი მონაწილეობა, საქართველო კი გლობალური მასშტაბით კვლავინდებურად დასავლეთისკენ მიემართება, თუმცა ასევე ცდილობს გააძლიეროს ეკონომიკური კავშირები რუსეთთან.

რუსულმა მედიამ ასევე დაუთმო ყურადღება ანსამბლ „ერისიონის“ გასტროლებს მოსკოვში. თითქმის ყველა გაზეთმა დაბეჭდა საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია კრემლის სახელმწიფო დარბაზში გამართული კონცერტის შესახებ. „ანსამბლის მოცეკვავეებს ტრიუმფით იღებენ პარიზში, ჟენევაში, ბრიუსელში, მადრიდში, ნიუ-იორკსა და სხვა დიდ ქალაქებში. მსოფლიოში მხოლოდ ქართული ანსამბლის მოცეკვავეები ფლობენ ე.წ. „თოიპოინტის“ ტექნიკას - ფეხის წვერებზე ცეკვის ხელოვნებას. ისინი აოცებენ მაყურებელს სინქრონული და, იმავდროულად, მრავალფეროვანი მოძრაობების შესრულებით, აკეთებენ რთულ აკრობატულ ელემენტებსა და მაღალ ნახტომებს“. ცნობას „ერისიონის“ გასტროლების შესახებ „იტარ-ტასი“ ავრცელებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG