Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა, 2013, 2 აპილი


გაზეთი „არგუმენტი ი ფაქტი“ აქვეყნებს სტატიას საქართველოს შესახებ, რომლის სათაურია „დათმობა ქართულად: სააკაშვილმა უარი თქვა უფლებამოსილების ნაწილზე, რათა ხელისუფლებაში დარჩენილიყო“. გაზეთის რედაქცია რუსი ექსპერტების დახმარებით აანალიზებს საქართველოში 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, რომელსაც საქართველოში რუსეთის ყოფილი ელჩი, ამჟამად კი „დესეთეს“ ინსტიტუტის კავკასიის განყოფილების ხელმძღვანელი ფელიქს სტანევსკი ამგვარად აღწერს: „როცა სააკაშვილმა მთავრობის მეთაურის უფლებამოსილება გაზარდა, მაშინ მისი პარტიის მარცხს არაფერი მოასწავებდა. ასეთ რამეს ვერც ექსპერტები და საერთაშორისო მეთვალყურეები წარმოიდგენდნენ, თუმცა არჩევნების შედეგად სააკაშვილმა დაკარგა პარლამენტზე კონტროლი, მოგვიანებით კი იძულებული გახდა დაეთმო უფლებამოსილების ის ნაწილი, რომელიც მას მთავრობის ფორმირების უფლებას აძლევდა. სააკაშვილი ასეთ დათმობაზე ვაშინგტონის ზეწოლის შედეგად წავიდა“. სტატიის თანახმად, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის მოთხოვნით, ვაშინგტონი ზეწოლას პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილზეც ახორციელებს.

ფელიქს სტანევსკი ასევე მსჯელობს სააკაშვილის პოლიტიკურ მომავალზე, რომელიც, რუსი მეცნიერის აზრით, დიდწილად არის დამოკიდებული პრეზიდენტის ოპონენტთან ქმედებებზე. კიდევ ერთი ექსპერტი კი, ალექსანდრ სკოკოვი, დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ სააკაშვილის ადგილი პოლიტიკაში აღარ იქნება, რადგანაც ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ მის წინააღმდეგ სასამართლოში უამრავი სარჩელი შევა. სკოკოვის აზრით, სააკაშვილის ადგილი საქართველოს ისტორიის მუზეუმშია და არა თანამედროვე პოლიტიკაში.

„იზვესტია“ კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის მიერ შემუშავებული რეზერვისტების მომზადების კონცეფციაზე წერს. „საქართველო ამზადებს რეზერვს „რუსული საფრთხის“ წინააღმდეგ“ - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია კონცეფციით გათვალისწინებული რეზერვისტთა მომზადების სამი მიმართულება. პირველი: საბრძოლო რეზერვი, რომელიც ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისაგან შედგება. ისინი სამ წელიწადში ერთხელ 45 დღით შეიკრიბებიან და ომის მსვლელობისას ჯარის ცოცხალ დანაკარგს შეავსებენ.

მეორე და მესამე მიმართულება კი ტერიტორიული და სამოქალაქო რეზერვია, რომლის მომზადებითაც ეროვნული გვარდია იქნება დაკავებული და რომელიც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ტერიტორიული და სამოქალაქო რეზერვი დაკავებული იქნება ჯარის მომარაგებით, სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციითა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვით. სტატიის დასკვნით ნაწილში გაზეთის რედაქცია მკითხველს შეახსენებს, რომ რეზერვისტების მომზადების კონცეფციაში საქართველოს მთავარ სამხედრო საფრთხედ დასახელებულია რუსეთის სამხედრო ბაზები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ხოლო რეზერვისტები მომზადებას გაივლიან სენაკის სამხედრო ბაზაზე, რომელიც აფხაზეთის მახლობლად მდებარეობს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG