Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 23 აპრილი


რუსეთის პრესა აქტიურად გამოეხმაურა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის - პასე-ს - საგაზაფხულო სესიის გახსნას. „ევროპა და რუსეთი დაისვენებენ ერთმანეთისაგან“ - ამ სათაურით გაზეთ „კომერსანტში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, რუსეთის საკითხი არაა შეტანილი დღის წესრიგში ცალკე განსახილველ თემად, რაც საშუალებას მისცემს ოფიციალურ მოსკოვს სული მოითქვას იმ კრიტიკისგან, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაატყდა თავს. ამასთან, „კომერსანტის“ ცნობით, ასევე არ შედგება პასეში საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ალეკსეი პუშკოვისა და თედო ჯაფარიძის ოფიციალური სრულფორმატიანი შეხვედრა, რომელიც პირველი უნდა ყოფილიყო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. ამ შეხვედრის სანაცვლოდ პუშკოვსა და ჯაფარიძეს შორის აპრილის სესიის მსვლელობისას არაფორმალური შეხვედრა გაიმართება. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილის ლეონიდ სლუცკის თქმით, საგანგებოდ შეირჩა ამგვარი ნაკლებად კონფრონტაციული ფორმატი. თავის მხრივ, თედო ჯაფარიძესაც უთქვამს „კომერსანტისათვის“, რომ მოხარულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ახალი ფორმატის- პუშკოვ-ჯაფარიძის შეხვედრების - გაჩენის გამო, თუმცა ქართველმა დეპუტატმა იქვე დააზუსტა, რომ არ ეგების სრულმასშტაბიანი შეხვედრის დაჩქარება, რის ხელშეწყობასაც საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობა ცდილობს. „კომერსანტი“ იქვე შეახსენებს მკითხველს, რომ ოფიციალურმა თბილისმა უარყო რუსეთის შეთავაზება დაეშვათ საპარლამენტო ასამბლეაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები დამკვირვებლის სტატუსით.

გაზეთი „ვედომოსტი“ კი ღვინისა და მინერალური წყლების მწარმოებელი იმ ქართული კომპანიების შესახებ წერს, რომლებმაც დაასრულეს რუსეთში რეგისტრაციის პროცესი, რაც რუსეთის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის შეტანის აუცილებელ წინაპირობად ითვლება. „რუსი სპეციალისტების მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, დადებითი შეფასება მიიღო 65-მა კომპანიამ, რომელთაგან ოთხი მინერალურ წყლებს, ხოლო დანარჩენი ღვინოს აწარმოებს“, უთქვამს გაზეთის რედაქციისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრ დავით კირვალიძეს. მისივე თქმით, ასევე წარმატებით დასრულდა საქართველოს დელეგაციის რუსეთში ვიზიტი, რომლის მიზანი საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რუსეთში ექსპორტის განახლება იყო. ქართველი მინისტრის თქმით, უკვე არსებობს პრინციპული შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველმა და რუსმა სპეციალისტებმა მოილაპარაკონ ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე: „ვფიქრობ, ეს პროცესი მალე დასრულდება და ქართული ხილ-ბოსტნეული ეტაპობრივად დაბრუნდება რუსეთის ბაზარზე“.

რუსეთის ბეჭდურმა მედიამ ასევე ფართოდ გააშუქა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რამზან კადიროვის ინიციატივა, ურთიერთობა გაარკვიოს თავისი მთავრობის წევრებთან კრივის რინგზე, ნაცვლად სამუშაო კაბინეტისა. გაზეთი „ნოვიე იზვესტია“ აქვეყნებს აღნიშნული სიახლის შესახებ ცნობას, რომელსაც ახლავს შესაბამისი ფოტო: რინგზე მყოფი რამზან კადიროვი უტევს რესპუბლიკის სპორტისა და ფიზკულტურის მინისტრს. ფოტოს ახლავს თავად კადიროვის განმარტება: „როგორც დაგპირდით, ჩავატარე აღმზრდელობითი საუბარი სპორტის მინისტრთან. საუბრის, უფრო სწორად, სპარინგის მსვლელობისას მარჯვენა და მარცხენა ჰუკის საშუალებით ავუხსენი, რომ საჭიროა თავით მუშაობა. მინისტრი შეცდომების გამოსწორებას დღეს საღამოსვე შეუდგება, ამიტომაც დამცავი ჩაფხუტის გაკეთების ნება დავრთე. დასჯას თვალს ადევნებდა შრომის მინისტრი აჰმედოვი“.

გაზეთში გამოქვეყნებულ ფოტოს ახლავს რედაქციის კომენტარი, რომლის მიხედვითაც, კადიროვი თავის მინისტრს მინიმუმ ერთხელ გაუმასპინძლდა ჯებით თავში და მარჯვნიდან ფერდში დარტყმით.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG