Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 28 მაისი


გაზეთი ”იზვესტია” ეხმაურება სოჭის ოლიმპიადის თემას და წერს, რომ საქართველომ რუსეთს სოჭის ოლიმპიადაზე უსაფრთხოების თვალსაზრისით დახმარება შესთავაზა. ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 24 მაისს ელჩებთან შეხვედრისას გააკეთა. გამოცემა წერს, რომ საქართველოდან სოჭის ოლიმპიადაზე რვა სპორტსმენი გაემგზავრება. გამორიცხული არ არის, ვკითხულობთ ”იზვესტიაში”, რომ ოლიმპიადაზე ბიძინა ივანიშვილიც ჩავიდეს. გარკვეულწილად ამ თემას აგრძელებს გაზეთის კიდევ ერთი სტატია, სათაურით ”თბილისში დარწმუნებულები არიან, რომ ურთიერთობა სოჭის ოლიმპიადის შემდეგ დალაგდება” - საქართველომ აფხაზეთთან შერიგება ფეხბურთის დახმარებით გადაწყვიტა, წერს ”იზვესტია”.

”თბილისში არ დაელოდნენ სოჭის ოლიმპიადას და პირველი ნაბიჯები გადადგეს“, ვკითხულობთ სტატიაში. 31 მაისს თბილისში ჩატარდება საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნისა და ”მილანის” ყოფილი მოთამაშის კახი კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩი, რომელში მონაწილეობის მისაღებადაც ფეხბურთის არაერთ ვარსკვლავთან ერთად ასევე მიწვეულია ყველაზე ცნობილი აფხაზი ფეხბურთელი - ახრიკ ცვეიბა, რომელიც შესაძლოა ერთგვარი მშვიდობის ელჩიც კი გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მის ჩამოსვლაზე დასტური არ არსებობს, თბილისში იმედს არ კარგავენ, წერს გამოცემა.

”იზვესტია” უყურადღებოდ არ ტოვებს 27 მაისს მომხდარს, კერძოდ, გორის რაიონის სოფელ დიცში რუსების მიერ ე.წ. საზღვრების მონიშვნის სამუშაოებს.

საქართველო რუსეთს სამხრეთ ოსეთის სასარგებლოდ საზღვრის გადაწევაში ადანაშაულებს” - ასეა დასათაურებული ”იზვესტიას” სტატია, რომელშიც, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, იტყობინებიან, რომ საზღვარმა დაახლოებით 300 მეტრით გადმოიწია”.

ამავე გამოცემის კიდევ ერთი ყურადსაღები სტატია ე.წ. კანონიერი ქურდების საკითხს ეხება. რუსეთის შს სამინისტრომ ჩაატარა ე.წ. კანონიერი ქურდების აღწერა რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში და დაახლოებით 500-მდე კრიმინალური ავტორიტეტი დათვალა. მათგან, ოფიციალური ინფორმაციით, უმრავლესობა საქართველოდან წასული ე.წ. კანონიერი ქურდია. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თუ გასულ წელს შესაბამისმა ორგანოებმა 18 კანონიერი ქურდი დააკავეს, უკვე წელს ათზე მეტი მათგანია დაჭერილი.

”პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ზავი დარღვეულია” - ამ სათაურის მქონე სტატიით კი გამოცემა ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავებას ეხმაურება. პრემიერმა ივანიშვილმა არც სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება გამორიცხა, წერს გაზეთი, თუმცა ოქტომბრამდე მას საპრეზიდენტო იმუნიტეტი იცავს, არჩევნებამდე დარჩენილი თვეები კი სააკაშვილის წინააღმდეგ კომპრომატების მოგროვებას დასჭირდება, იტყობინება გამოცემა.

გაზეთი ”კომერსანტი” ”როსპოტრებნადზორზე” დაყრდნობით იტყობინება, რომ ასზე მეტი სახის ქართულმა ღვინომ და მინერალურმ წყალმა გაიარა რეგისტრაცია რუსეთში, რუსეთის ბაზარზე პროდუქციის გატანის ნაბართვა კი 64-მა ღვინის მწარმოებელმა და 4-მა მინერალური წყლის მწარმოებელმა კომპანიამ მიიღო. უკვე აღდგა მინერალური წყლის - ”ბორჯომის” - შეტანა რუსეთის ბაზარზეც.

„კომერსანტივე“ აქვეყნებს სტატიას, სათაურით ”საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მოქმედი პრეზიდენტის გასამართლებას მოითხოვს”. სტატიის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევადრნაძე მიხეილ სააკაშვილს ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების სიკვდილში სდებს ბრალს, ასევე ადანაშაულებს ქვეყნის წინაშე ჩადენილ არაერთ დანაშაულში და მის საჯარო გასამართლებას მოითხოვს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG