Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 24 სექტემბერი


„რუსი დიპლომატის მკვლელობაში დადანაშაულებული იუსუპ ლაკაევი ბოდიშს უხდის თბილისს შექმნილი უხერხულობის გამო“ - ასე იწყება გაზეთ „იზვესტიაში“ გამოქვეყნებული სტატია, რომლის მიხედვითაც, ბათუმში დაკავებული იუსუპ ლაკაევის ნათესავები სასამართლო პროცესზე დასასწრებად ბათუმში ჩასვლას აპირებენ. საუბარია 13 სექტემბერს ბათუმში მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც ლაკაევმა ერთი პოლიციელი და ერთიც შემთხვევით გამვლელი მოქალაქე დაჭრა. „იზვესტიის“ თანახმად, ლაკაევი შეიძლება გარეული იყოს სოხუმში რუსეთის დიპლომატის დმიტრი ვიშერნიოვისა და მისი მეუღლის მკვლელობის საქმეში. შესაბამისი შინაარსის ინფორმაცია გავრცელდა აფხაზურ პრესაში, თუმცა საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ რუსეთს ლაკაევის ექსტრადიციის მოთხოვნით საქართველოს მთავრობისათვის არ მიუმართავს. ამასთან დაკავშირებით „იზვესტიის“ კორესპონდენტს საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, რომ ლაკაევის გადაცემას ხელს ვერ შეუშლის ის ფაქტი, რომ საქართველოსა და რუსეთს გაწყვეტილი აქვთ დიპლომატიური ურთიერთობა.

„ამჟამად ლაკაევი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ექსტრადიციის საკითხი კი ინდივიდუალურად, გონივრულ ვადებსა და მიღებული მასალების საფუძველზე გადაწყდება. როგორც წესი, ამას რამდენიმე კვირა სჭირდება“, - განუცხადეს „იზვესტიას“ საქართველოს მთავარ პროკურატურაში. გაზეთის თანახმად, რუსეთსა და საქართველოს შორის ექსტრადიციის საკითხები სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი დახმარების შესახებ მინსკის 1993 წლის კონვენციის შესაბამისად წყდება.

გაზეთი „კომერსანტი“ კი ქართველი რეჟისორის გიორგი კაჭარავას ფილმისა და ანაპაში მიმდინარე კინოფესტივალის - „კინოშოკის“ - შესახებ წერს. ფესტივალში, როგორც წესი, მხოლოდ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და ბალტიის ქვეყნების ფილმები მონაწილეობენ, თუმცა წელს, სტატიის ავტორის თქმით, საკონკურსო ფილმების სიაში ჩართულია რეჟისორ გიორგი კაჭარავას მიერ საქართველოში გადაღებული ფილმი - „გაკეთებულია საქართველოში... უფულოდ“. სტატიაში ვკითხულობთ: „რეჟისორის მდიდარი ბიოგრაფია იგრძნობა ფილმში, რომლის ჭარმაგი პერსონაჟები სახლობენ ერთ ქართულ ეზოში და დიდ დროს უთმობენ გიტარის დაკვრას, სიმღერას და მეზობელ გოგონებთან არშიყს. როგორც სათაურიდანაც ჩანს, მთელი გადამღები ჯგუფი მუშაობდა უსასყიდლოდ, რამაც კვალი დაამჩნია ფილმის ტექნიკურ მხარეს: თვალშისაცემია მონტაჟის რეჟისორის მიერ დაშვებული შეცდომები, თუმცა ცოტათი უშნო მონტაჟი ხელს არ უშლის რეჟისორის ორიგინალური ჩანაფიქრის აღქმას, რომელიც გამოიხატება ფილმის პერსონაჟების ფილოსოფიურ მსჯელობებში მოულოდნელ ადგილებსა და ვითარებებეში. ასე მაგალითად, ორი პერსონაჟი თევზაობის დროს მსჯელობს იმაზე, თუ რა ტყუილად დაწვეს ჯორდანო ბრუნო იმის გამო, რომ ამტკიცებდა, დედამიწა მრგვალიაო“.

„ვედომოსტის“ რედაქციის თვალსაწიერში კი მოექცა რუსეთის პენიტენციარულ სისტემაში ადამიანის უფლებათა დარღვევის უხეში ფაქტები. სარედაქციო წერილში ლაპარაკია პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ საქმეზე პატიმრობაში მყოფი ნადეჟდა ტოლოკონიკოვას მიერ გამოცხადებულ უვადო შიმშილობაზე, რომლის მიზანი პატიმართა უფლების დაცვა და ფიზიკური განადგურების საფრთხის თავიდან აცილებაა. ნადეჟდა ტოლოკონიკოვამ ასევე მიმართვა გაუგზავნა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს. პატიმრის მტკიცებით, კოლონიის უფროსის მოადგილე იური კუპრიანოვი მას მოკვლით დაემუქრა. მიმდინარე წლის მაისში ჯგუფის კიდევ ერთი წევრის მარია ალიოხინას შიმშილობამ გარკვეული შედეგი გამოიღო: პატიმარი ქალი პერმის მხარიდან ნიჟეგოროდის ოლქში გადაიყვანეს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG