Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 22 ოქტომბერი


გაზეთი „იზვესტია“ ქართველი ჯარისკაცების მასობრივი მოწამვლის შესახებ წერს. „საქართველოს სამხედრო უწყებაში ეჭვობენ, რომ ადგილი ჰქონდა დივერსიას ნატოს წინაშე ქართული ჯარის დისკრიმინაციის მიზნით“ - ასეთი ქვესათაური აქვს წამძღვარებული სტატიას, რომელშიც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საბოტაჟის შესაძლებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი აზრით, დისკრედიტაციის მიზანია ხელი შეუშალოს საქართველოს ინტეგრაციას ნატოში: „ბოლო დროს საქართველოს მედიაში არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია ჯარისკაცების მასობრივი ჰოსპიტალიზების შესახებ, თუმცა თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ შვიდი ჯარისკაცის საკვებით ინტოქსიკაციის შემთხვევა დაადასტურა. ამის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კატეგორიულად მოითხოვა ყველა მსგავსი საქმისათვის გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნა. პასუხად თავდაცვის სამინისტრომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება სამხედრო ნაწილების გამჭვირვალობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. სამხედრო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ეწვიონ ბაზებს და პირველწყაროდან მიიღონ ინფორმაცია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის თაობაზე“. „იზვესტიის“ რედაქცია მკითხველს ასევე სთავაზობს ცნობილი ქართველი სამხედრო ექსპერტის ირაკლი ალადაშვილის მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, ჯარზე სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება უთუოდ შეამცირებს სხვადასხვა ინციდენტების რაოდენობას. სტატიის ფინალში გამოთქმულია აზრი, რომ მსგავსი შინაარსის ნეგატიური ინფორმაცია უკიდურესად მტკივნეულია ირაკლი ალასანიასთვის, რომელმაც ცოტა ხნის წინ პირობა დადო, რომ 2015 წელს საქართველოს ჯარი ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ნაწილი გახდება.

ყოველკვირეული „კომერსანტ ვლასტი“ კი მკითხველს სთავაზობს ვრცელ ინტერვიუს კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილთან, რომელიც გამოცემის სპეციალურ კორესპონდენტ ოლგა ალიონოვას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებაც ესაუბრა. ინტერვიუს სათაურად გამოტანილი აქვს მარგველაშვილის შემდეგი მოსაზრება: „რუსეთისთვის სასარგებლოა საქართველოსთან მგობრობა და არა ომი მეზობელთან“:

„ვფიქრობ, რომ პოლიტიკამ, რომელსაც რუსეთი საქართველოსთან მიმართებით ატარებდა, ვერც ეკონომიკური, ვერც პოლიტიკური, ვერც მორალური და ვერც კულტურული თვალსაზრისით დივიდენდები ვერ მოიტანა. ჩვენ გვსურს მოვხსნათ შიშისა და სიძულვილის ფაქტორი. როგორც კი გადავალთ რეალურ საკითხებზე, შევძლებთ ეროვნულ ინტერესებზე საუბარსაც“. „კომერსანტის“ კორესპონდენტის შეკითხვას, მიგაჩნიათ, რომ საქართველო ნატოში არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისათვისო, გიორგი მარგველაშვილი ასე უპასუხებს:

„საქართველო არც ევროკავშირში და არც ნატოში არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. შეუძლებელია 4 მილიონიანმა საქართველომ რაიმე სახის პრობლემა შეუქმნას რუსეთს, რომელსაც ლამის ნახევარი დედამიწა უკავია და რომელიც 140 მილიონი ადამიანით არის დასახლებული. ან რა პრობლემას უქმნის ნატო და ევროკავშირი რუსეთს ამჟამად? რაღაც მომენტში რუსეთს პრობლემას უქმნიდა ქართული ღვინოც“.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG