Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 14 იანვარი


„კომერსანტი“ აქვეყნებს გიორგი დვალის სტატიას, რომელიც რუსეთის მხრიდან ქართველი გადამზიდავებისთვის ვიზის მიღების გაიოლებას შეეხება. სტატიაში აღნიშნულია, რომ 2006 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთმა ქართველი მძღოლებისთვის ერთწლიანი სამუშაო ვიზების გაცემა კვლავ დაიწყო. გიორგი დვალი წერს, რომ თბილისში ამ გადაწყვეტილებას აფასებენ როგორც სავიზო რეჟიმის გაუქმებისკენ გადადგმულ ნაბიჯს.

სტატიაში მოყვანილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძის კომენტარები. აბაშიძე იხსენებს, რომ ამ თემაზე საუბარი იყო მაშინაც, როცა ის გრიგორი კარასინს შეხვდა. „ჩვენ ამ თემას განვიხილავდით საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზის მიღების გამარტივების კუთხით“, - უთხრა აბაშიძემ „კომერსანტს“ და დაამატა, რომ ქართულმა მხარემ აიღო პასუხისმგებლობა ყურადღებით შეამოწმოს რუსეთის ვიზის მიღების მსურველები.

სტატიის ბოლოს ჟურნალისტი წერს, რომ საქართველოში იმედიანად უყურებენ ამ ფაქტს და ელოდებიან, რომ გადაზიდვები რუსეთისკენ 70 %-ით გაიზრდება. ამის შემდეგ კი დვალი იხსენებს სკანდალს, რომელიც მოჰყვა 2006 წლის 2 ოქტომბერს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შპიონაჟის ბრალდებით დაკავებას და რომლის შემდეგაც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთწლიანი სამუშაო ვიზების გაცემა შეწყვიტა.

თბილისში, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ რუსეთმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის შემოღებას ეხმაურება „იზვესტია“, რომელიც მიხაილ ვიგნანსკის სტატიას აქვეყნებს. ვიგნანსკი პროგრამის შესახებ უნივერსიტეტის პროფესორს სოსო ცინცაძეს ესაუბრა. სამაგისტრო პროგრამა ერთი წელი გაგრძელდება, ის მოამზადებს კადრებს დიპლომატიური სამსახურისთვის და ასევე ექსპერტებს. „ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში თითქმის არ მიმდინარეობდა რუსეთის საჭირო დონეზე შესწავლა, თუმცა აუცილებელია კარგად შევისწავლოთ თანამედროვე რუსეთის პოლიტიკური ანატომია იმისთვის, რომ ვიცოდეთ რა გველის ჩრდილოელი მეზობლისგან, როგორი შიდაპოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს იქ“, - უთხრა სოსო ცინცაძემ „იზვესტიას“.

ვიგნანსკი წერს, რომ 2009 წელს საქართველოში რუსეთის კვლევის ინსტიტუტის მუშაობა შეჩერდა. მას შემდეგ კი ამ კუთხით საქმიანობა არ განახლებულება.

სტატიის ბოლოს ვიგნანსკის მოჰყავს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯმდომარის მოადგილის ანი მიროტაძის კომენტარი. მიროტაძე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ახალ სამაგისტრო პროგრამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ კვალიფიციური ანალიტიკური რეკომენდაციების არსებობა სასარგებლო იქნება საქართველოსთვის.

რუსეთი აპირებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე 3 წელიწადში 6 მილიარდი რუბლი დახარჯოს. სტატიას ამ ინფორმაციით „არგუმენტი ი ფაქტი“ აქვეყნებს. სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრის დმიტრი მედვედევის ბრძანებულების მიხედვით, რუსეთი წელიწადში 1 მილირდ რუბლს გამოუყოფს აფხაზეთსაც და სამხრეთ ოსეთსაც.

ჯამში, 2014-16 წლებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის 6 მილიარდი რუბლი გამოიყოფა, რომელიც მინისტრთა კაბინეტს გადაეცემა და დაიხარჯება ორი მიმართულებით: „საერთაშორისო ურთიერთობები“ და „საერთაშორისო თანამეგობრობა“.
XS
SM
MD
LG