Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2014 წლის 9 სექტემბერი


თბილისში ჩაკ ჰეიგელის ვიზიტს აქტიურად გამოეხმაურა რუსეთის პრესა. სტატიას ამ თემაზე „ნოვაია გაზეტა“ აქვეყნებს. სტატიაში საუბარია განცხადებებზე, რომლებიც აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა თბილისში გააკეთა. „პენტაგონის ხელმძღვანელმა არაერთხელ უწოდა საქართველოს აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი და კრემლის მისამართით განაცხადა, რომ აუცილებელია სარკოზი-მედვედევის შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულება“, - ვკითხულობთ სტატიაში. იქვე ჟურნალისტი წერს, რომ საქართველოსა და აშშ-ისთვის ეს შეთანხმება გულისხმობს რუსული ჯარების აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან გაყვანასაც. „თუმცა პენტაგონის ხელმძღვანელი არც ისე გულუბრყვილოა დაიჯეროს, რომ მოსკოვი მის მოწოდებას შეისმენს და გაიყვანს ჯარებს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან“, - განაგრძობს სტატიის ავტორი, იური როკსი.

სტატიაში ასევე საუბარია ნატოს სამიტზე უელსში, ნიუპორტში, სადაც ნატომ საქართველოს განსაკუთრებული თანამშრომლობის პაკეტი მიანიჭა. იური როკსი წერს: „საქართველოს ბოლომდე სჯეროდა, რომ დასავლეთის ქვეყნები დააფასებდნენ მის სწრაფვას ნატოსკენ, გაიხსენებდნენ, მაგალითად, იმას, რომ ავღანეთში ქართული კონტინგენტი მხოლოდ ამერიკულს ჩამორჩება სიდიდით და რომ თუ გამოვითვლით საქართველოს მსხვერპლს და შევაფარდებთ ქვეყნის მოსახლეობასთან, გამოვა, რომ საქართველომ ყველაზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა ამ კამპანიაში. მაგრამ ნიუპორტში კვლავ მხოლოდ მადლობები მოისმინა და მხოლოდ „თანამშრომლობის განსაკუთრებული პაკეტი“ მიიღო მაპის ნაცვლად“.

ჟურნალისტი ესაუბრა ექსპერტ ვახტანგ მაისაიას, რომელმაც „ნოვაია გაზეტას“ განუცხადა, რომ ჩაკ ჰეიგელის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი შეიძლება ყოფილიყო საქართველოს ჩართვა რადიკალური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმართულ კოალიციაში. მაისაიამ როკსს განუცხადა, რომ თბილისი ვერ შეძლებდა უარი ეთქვა აშშ-ის თავდაცვის მინისტრისთვის.

ჩაკ ჰეიგელის ვიზიტს გამოეხმაურნენ სხვა გამოცემებებიც. „არგუმენტი ი ფაქტი“ და „მოსკოვსკი კომსომოლეცი“ ყურადღებას ამახვილებენ პენტაგონის ხელმძღვანელის ერთ განცხადებაზე, სადაც ჰეიგელი რუსეთისგან მოითხოვს გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. „აშშ კვლავ მოუწოდებს რუსეთს მთლიანად გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. ჩვენ ვაფასებთ სიმტკიცეს, რომელსაც თბილისი იჩენს ამ საკითხთან მიმართებაში“. – ამ ციტატას ჰეიგელის განცხადებიდან „არგუმენტი ი ფაქტი“ აქვეყნებს.

„რუსეთი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გეგმავენ ნატოს ანალოგიური გაერთიანება შექმნან“ - სტატიას ასეთი სათაურით „იზვესტია“ აქვეყნებს. სტატიაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულებას თანამშრომლობის შესახებ, რომელიც მოსკოვსა და სოხუმს შორის უნდა გაფორმებულიყო, შეიძლება სამხრეთ ოსეთიც შეუერთდეს. ამის შესახებ „იზვესტიას“ განუცხადა სამხრეთ ოსეთის ელჩმა აფხაზეთში ოლეგ ბოციევმა.

„ამ მომენტში აფხაზურ მხარესთან ერთად განვიხილავთ შესაძლებლობას, რომ სამხრეთ ოსეთმა გააფორმოს ხელშეკრულება რუსეთთან და შეუერთდეს უსაფრთხოების საერთო კონტურს, - განუცხადა „იზვესტიას“ ბოციევმა. - ჯერ არაა ცნობილი, ეს საერთო, სამმხრივი შეთანხმება იქნება, თუ აფხაზეთსა და რუსეთთან ცალ-ცალკე გავაფორმებთ თანამშრომლობის პაქტს, თუმცა ამ თემაზე ვმუშაობთ“.

XS
SM
MD
LG