Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2014 წლის 16 სექტემბერი


გაზეთი „კომერსანტი“ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის იმ განცხადების შესახებ წერს, რომლის ადრესატი საქართველოს მთავრობაა. „ვაშინგტონმა საქართველოს ხელისუფლებას „ყვითელი ბარათი“ უჩვენა“ - ამ სათაურით დაბეჭდილ სტატიაში ციტატის სახით მოტანილია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შემდეგი ნაწილი: „შეშფოთებული ვართ ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეებით“. სტატიის თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ „პოლიტიზებულმა სასამართლო გარჩევებმა“ სერიოზული ზიანი მიაყენა ქართულ დემოკრატიას. „კომერსანტი“ მკითხველს ასევე სთავაზობს საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების კომენტარს სახელმწიფო დეპარტამენტის აღნიშნულ განცხადებაზე. ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის შიშები უსაფუძვლოა და განცხადებაც მხოლოდ იმ რიტიორიკის ნაწილია, რომელიც არ გამოიწვევს ქართულ-ამერიკული ურთიერთობის რევიზიას. სხვაგვარად ფიქრობენ ოპოზიციურ „ნაციონალურ მოძრაობაში“. როგორც „კომერსანტს“ დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა უთხრა, საქართველოს ხელისუფლების ქცევამ შესაძლოა ქვეყანა იზოლაციამდე მიიყვანოს. „მხოლოდ ის არის საკამათო, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ნაჩვენები ბარათი ყვითელია თუ წითელი“.

„იზვესტია“ კი რუსი მეცნიერების იმ გასაჭირზე წერს, რომელიც რუსეთისათვის სანქციების დაწესებას მოჰყვა. როგორც ირკვევა, რუს მეცნიერებს უარს ეუბნებიან როგორც გრანტებზე, ასევე პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალებში მასალების გამოქვეყნებაზე. „იზვესტია“ ელაპარაკა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ხუთ წამყვან მეცნიერს - ძირითადად ფიზიკოსებსა და ქიმიკოსებს, რომელთა თქმითაც, აღნიშნული ტენდენცია კავშირშია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან. ასე ფიქრობს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ქიმიური ფიზიკის პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერი პაველ ტროშინი:

„ზოგადი ვითარება ასეთია. ჟურნალისთვის მიწოდებული სტატია უნდა გაუგზავნონ რეცენზენტებს. სწორედ რეცენზიების საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება, თუმცა ამჟამად გამომცემლობები რეცენზენტების გვერდის ავლით გვეუბნებიან უარს. სხვათა შორის, ასეთივე ვითარება იყო 2008 წელს, როცა სამხრეთ ოსეთში ომი დაიწყო. უარს კი ძირითადად ასე ასაბუთებენ: რედაქციაში შემოდის ბევრი სტატია, რის გამოც შერჩევისას მკაცრი კრიტერიუმის გამოყენება გვიწევსო. მაგრამ 2009-2013 წლებში ასამდე პუბლიკაცია მქონდა, ახლა კი უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში უარის 6 წერილი მივიღე“.

პაველ ტროშინი 2008 წლის გამოცდილების საფუძველზე ამბობს, რომ თუ სტატიას ჰყავს უცხოელი თანაავტორი და გაგზავნილია საზღვარგარეთის რომელიმე ქვეყანაში მდებარე სერვერიდან, მაშინ მას უპრობლემოდ აქვეყნებენ.

თუმცა რუსი მეცნიერების ეჭვს სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით უსაფუძვლო უწოდეს რუსეთის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროში, რომელიც, სხვათა შორის, რუსული სამეცნიერო ჟურნალების პრესტიჟისა და ხარისხის ამაღლების მიზნით, 120 მილიონი რუბლის დახარჯვას აპირებს.

რუსული რუბლის კურსის მკვეთრი ვარდნის შესახებ წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“, რომლის ვარაუდით, წლის ბოლომდე 1 ამერიკული დოლარის ფასი 40 რუბლს გადააჭარბებს. რუბლის დევალვაციის მიზეზად გაზეთი ასახელებს როგორც გეოპოლიტიკურ დაძაბულობას, ასევე ინვესტორების დაინტერესების შემცირებას რუსეთის კორპორაციული ობლიგაციების მიმართ, რაც ურთულებს რუსულ კომპანიებს კაპიტალის ბაზრის ხელმისაწვდომობას. გარდა ამისა, როგორც ბანკ „ინტერკომერცის“ მმართველმა ანდრეი ხარინოვმა უთხრა „ნეზავისიმაია გაზეტას“, რუბლის კურსზე გავლენას ახდენს ნავთობის ფასი, რომელიც 2012 წლის მინიმუმამდე შემცირდა. თუ ნავთობის გაიაფების ტენდენცია არ შეჩერდება, რუბლის კურსიც განაგრძობს ვარდნას. ამ მოსაზრებას იზიარებს კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტის სტრატეგიული ანალიზის ინსტიტუტის დირექტორი იგორ ნიკოლაევი, რომლის თქმითაც, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი რუსეთის ეკონომიკის სავალალო მდგომარეობა და უპერსპექტივობაა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG