Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 17 სექტემბერი


საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას “იზვესტია” მიხაილ ვიგნანსკის სტატიით ეხმაურება. სტატია შეეხება „სამოქალაქი სოლიდარობას“, მოძრაობას, რომელიც ცდილობს არ დაუშვას ქვეყნის მართვის სათავეში “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნება. მოძრაობა 16 სექტემბერს შეიქმნა და საკუთარი სამოქმედო პროგრამის გასაჯაროებას 22 სექტემბერს აპირებს. როგორც მოძრაობაში განაცხადეს, ისინი მოქმედების ნებისმიერ კანონიერ ფორმას გამოიყენებენ: პიკეტებს, მიტინგებს, სასამართლო პროცესებს.

ვიგნანსკი მოძრაობისა და არჩევნების წინ შექმნილი მდგომარეობის შესახებ „სამოქალაქო სოლიდარობის“ ერთ-ერთ ინიციატორს, მამუკა არეშიძეს, ესაუბრა. „სახელმწიფო სტრუქტურებში ძალიან ბევრი „ნაციონალი“ დარჩა. ისინი ახალ მთავრობას მუშაობაში ხელს უშლიან, „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენელი კი “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობს. გასაგებია, რომ დასავლეთს სურდა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობა, ეგრეთ წოდებული კოჰაბიტაცია შემდგარიყო, მაგრამ ამ პროცესმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციები რევანშისთვის უფრო გააძლიერა“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

მამუკა არეშიძე ასევე საუბრობს ბიძინა ივანიშვილის გეგმაზე, დატოვოს თანამდებობა: „ხალხი იმედგაცრუებულია, ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს გამოიყენეს და შემდეგ დაივიწყეს. კოჰაბიტაციის პროცესი ხალხისთვის მიუღებელი აღმოჩნდა“, - ამბობს მამუკა არეშიძე.

ივანიშვილის შესაძლო წასვლის შესახებ ვიგნანსკი სტრატეგიული კვლევის ცენტრის ექსპერტს ვაჟა ბერიძესაც ესაუბრა. „ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ ჩიხური მდგომარეობა შეიქმნება. უკვე ვხედავთ პოლიტიკური კრიზისის ნიშნებს. მთავრობა, ფაქტობრივად, პრემიერის გარეშე რჩება, რამაც შეიძლება მმართველი კოალიციის დაშლა განაპირობოს“, - ამბობს ექსპერტი და დასძენს, რომ კოალიციას ბიძინა ივანიშვილის პერსონა და ავტორიტეტი აერთიანებდა, მისი წასვლის შემდეგ კი შეიძლება მთავრობისა და პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი ეჭვის ქვეშ დადგეს.

ბერიძე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თემასაც შეეხო და თქვა, რომ არჩევნების ჩატარების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ ხმების 10 პროცენტს მიიღებს, 30-30-ს „ქართული ოცნება“ და ნინო ბურჯანაძის პარტია, ხოლო ელექტორატის დანარჩენი ნაწილი ჯერ არაა ჩამოყალიბებული, თუ ვის მისცემს ხმას.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ემხრობა ნინო ბურჯანაძეც, რომელიც ასევე პრეზიდენტობის კანდიდატია. სტატიაში ლაპარაკია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაზეც, რომლის თანახმადაც, ვადამდელი არჩევნების, „მოძრაობის“ აკრძალვისა და სამართლიანობის აღდგენის შესახებ საუბარი მთავრობისგანაა ინსპირირებული, რათა თავის მიერ დაშვებული შეცდომები დაფაროს. დასასრულს, შეხვდებით „ქართული ოცნების“ პოზიციასაც. მმართველ კოალიციაში მიიჩნევენ, რომ სიტუაციის დრამატიზება საჭირო არ არის და რომ კოჰაბიტაციის პროცესი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დასრულდება.

ბათუმში რუსეთის მოქალაქის დაკავებას ეხმიანება „კომერსანტი“, რომელიც „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა. საქმე ეხება იუსუფ ლაკაევის დაკავებას, რომლის დროსაც ერთი პოლიციელი, ერთი შემთხვევით გამვლელი მოქალაქე და თავად ლაკაევი დაიჭრა.

„ნოვაია გაზეტა“ აქვეყნებს სტატიას რუსეთის კრიმინალურ სამყაროში მიმდინარე პროცესებზე. გაზეთი ამ თემას უძღვნის ვრცელ სტატიას, რომელშიც საუბარი იწყება ორი გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტის - ივანკოვის, იმავე „იაპონჩიკისა“ და უსოიანის, იმავე „დედ ხასანის“ - მკვლელობას და რუსული კრიმინალური სამყაროს მეფის ახლა უკვე „ვაკანტურ“ ადგილს. შესავლის შემდეგ სტატიაში საუბარია თბილისში დაბადებული კანონიერი ქურდის, შაქრო კალაშოვის შესახებ, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის კრიმინალური სამყაროს მომავალ მეფედ მოიაზრება. ჟურნალისტი წერს, რომ მოსკოვში კალაშოვის ჩასვლას უკვე ელოდებიან, რომელიც ამჟამად ესპანეთში იხდის სასჯელს. ავტორი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ, საქართველოში ჩადენილი დანაშაულების გამო, ქართული პოლიცია უკვე დიდი ხანია ითხოვს კალაშოვის ექსტრადიციას.

„ნეზავისიმაია გაზეტას“ ვებსაიტზე ასევე შეხვდებით საინტერესო სიახლეს. გამოცემა საიტის ვიზიტორებს სთავაზობს ფოტოგალერეას აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზებისა და რუსი სამხედროების ცხოვრების შესახებ.
XS
SM
MD
LG