Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილების მიღება კიდევ ერთი დღით გადაიდო


"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერები საქალაქო სასამართლოს წინ
"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერები საქალაქო სასამართლოს წინ

„რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლო პროცესი 30 ოქტომბერს განახლდება. დღეს კი, 29 ოქტომბერს, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ დააკმაყოფილა ტელეკომპანიის ადვოკატების შუამდგომლობა მისცემოდათ დრო და საშუალება სრულყოფილად შეესწავლათ სასამართლო სხდომაზე დაკითხული ერთადერთი მოწმის ჩვენება. ამისათვის მოპასუხე მხარეს 28 ოქტომბრის სხდომის სტენოგრამა და მოწმე შოთა ივანაშვილის სამსაათიანი ჩვენების სრული აუდიოჩანაწერი გადაეცა.

„რუსთავი 2“-ის ადვოკატები საბოლოო საპაექრო სიტყვით 30 ოქტომბრის დილიდან წარდგებიან სასამართლოს წინაშე. როგორც ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს ფორმალური საფუძველიც კი არ ჰქონდა, რომ მოპასუხე მხარის შუამდგომლობა არ დაეკმაყოფილებინა. შესაბამისად, „რუსთავი-2“-ის ადვოკატებმა მოიპოვეს უფლება, გააანალიზონ სამხარაულის სახელობის ექაპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის, ფინანსური ექსპერტის, შოთა ივანაშვილის ჩვენება.

“ჩვენთვის აუცილებელია, რომ გუშინდელი სხდომის ოქმი დეტალურად გავიაროთ, ვინაიდან იქ გამოვლინდა, რომ ექსპერტი არის სრულიად არაკომპეტენტური, სრულიად მოუმზადებელი. ის დაეყრდნო ფურცლებს, რომელთაც არანაირი ღირებულება და შინაარსი არ აქვთ და, შესაბამისად, ჩვენ ეს უნდა ავსახოთ საბოლოო საპაექრო სიტყვაში. ჩვენ ვითხოვდით გადადებას ორშაბათისთვის. ცხადია, მან ეს არ დააკმაყოფილა და გადადო სხდომა ხვალ დილისთვის“, ამბობს ზაზა ბიბილაშვილი.

თავის მხრივ, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, უკმაყოფილო დარჩა მოსარჩელე მხარე. ადვოკატი პაატა სალია ფიქრობს, რომ „რუსთავი 2“ პროცესის გაჭიანურებას ცდილობს:

„ძალიან საინტერესოა, როცა მხარე, მოწინააღმდეგე მხარე, ერთი მხრივ, ამბობს იმას, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არის, სარჩელი არის სასაცილო და მეორე წუთში ამბობენ, რომ მათ ძალიან ბევრი დრო სჭირდებათ, მათ უამრავი დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ მოამზადონ თავიანთი პოზიცია, საქმე არის რთული. თუ საქმეში მტკიცებულება არ არის, როგორც ისინი ამბობენ, თუ სარჩელი კომიკურია, თუ არანაირი დოკუმენტი არ არსებობს, რაში სჭირდებათ ამდენი დრო?“

ადვოკატი კახაბერ მჭედლიშვილი კი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარე ჯერჯერობით არ არის ჩამოყალიბებული საკითხზე, საქმის მოგების შემთხვევაში დააყენებენ თუ არა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მოთხოვნას:

“ჯერ არ მიგვიღია საბოლოო გადაწყვეტილება. მე პირადად მომხრე ვარ, რომ დაუყოვნებლივ აღსრულებაზე შევიტანოთ განცხადება, მაგრამ ჯერ საერთო აზრი არ ჩამოგვიყალიბებია. ჯერ უნდა დაველოდოთ გადაწყვეტილებას, იქნებ სხვანაირად მთავრდება პროცესი“.

პროცესის სხვანაირად დასრულება, ანუ სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე ქიბარ ხალვაშის უფლების აღდგენაზე მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა, პრაქტიკულად შეუძლებლად მიაჩნია „რუსთავი-2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელსაც სამართლებრივ დავაში საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი აქვს. მან მიმართა სასამართლოს, დაჩქარებული წესით განიხილოს და წარმოებაში მიიღოს „რუსთავი 2“-ის ადვოკატების სარჩელი აღსრულების დაუყოვნებელი მექანიზმის გაუქმების შესახებ.

“ჩვენ არ გვეშინია იმ გადაწყვეტილების, რომელსაც ურთმელიძე გამოიტანს, მაგრამ, შესაძლებელია, მან გამოიტანოს ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების განჩინება. ჩვენ სწორედ ეს ნორმა გვაქვს გასაჩივრებული და ერთადერთი უწყება, რომელსაც შეუძლია დღეს ქვეყნის გადარჩენა, დემოკრატიის გადარჩენა და სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილება, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო“, განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მანამდე კი, 28 ოქტომბერს, მან საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პრაქტიკულად გარანტირებულია, მოსამართლე ურთმელიძემ გამოიტანოს უკანონო გადაწყვეტილება. არსებობს რისკი, რომ ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნება მიქცეული აღსასრულებლად და საზოგადოება „რუსთავი 2“-ის ეზოში სპეციალური დანიშნულების რაზმს იხილავს. ნიკა გვარამია ამავე განცხადებაში ამტკიცებდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი და ძალები გადაყვანილია ყაზარმულ მდგომარეობაზე და მათი მოქმედებაში მოყვანის ობიექტი შესაძლოა „რუსთავი 2“ გახდეს.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადება საპასუხო განცხადებაში სიცრუედ და მიზანმიმართულ დეზინფორმაციად შეაფასა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლის თანახმადაც, ნიკა გვარამიას მედიამიმართვა ემსახურება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და დაძაბულობის ესკალაციას“. თავის მხრივ, საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებს, მათ შორის, „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესს გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები. 28 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში, რომელსაც 13 დეპუტატი აწერს ხელს, აღნიშნულია:

„ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ „რუსთავი 2“-ის, ქვეყნის წამყვანი და ყველაზე პოპულარული დამოუკიდებელი ტელევიზიის, შესაძლო მითვისებისა და სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებით. ჩვენი აზრით, ეს საგრძნობლად შეზღუდავს პოლიტიკურ ველზე მოთამაშეთა რაოდენობას და საფრთხეს შეუქმნის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობას“.

„რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესი 30 ოქტომბერს 11 საათზე განახლდება. მოპასუხე მხარის ადვოკატების საპაექრო სიტყვის შემდეგ მხარეები რეპლიკის უფლებით ისარგებლებენ, რის შემდეგაც ჯერი გადაწყვეტილების გამოცხადებაზე მიდგება.

აქვე ვიტყვით, რომ დღის ბოლოს უკრაინულმა ინტერნეტგამოცემამ uareview.in.ua 2 აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ამ ჩანაწერებში ერთის მხრივ, მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია, მეორეს მხრივ კი მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერია სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვარიანტებს განიხილავენ და "რუსთავი 2"-ის ძალისმიერი დაცვის სცენარებზე საუბრობენ. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას "რუსთავი 2"-თან ბარიკადების აღმართვას ურჩევს, რათა გაკეთდეს ციხესიმაგრე, რომელმაც წინააღმდეგობას ერთი კვირის განმავლობაში უნდა გაუძლოს. სააკაშვილი გვარამიას ეუბნება, რომ საჭიროა „იშოვონ ბოევიკები“ - კერძოდ 1500–2000 კაცი. რაც შეეხეება მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბარს, აქაც მიხეილ სააკაშვილი ბარიკადების აგებისა და "რუსთავი 2"-ის დაცვის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს. ისეთი ციხესიმაგრე უნდა იყოს, რომ სროლის გარეშე ვერ შევიდნენ. სხვა გზას ვერ ვხედავ, უნდა გამაგრდნენ. უნდა იყოს ცხვირ-პირის დანაყვები და თუ გაისვრიან, გაისროლონ, რა ვქნა - ეუბნება მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიას. ნიკა გვარამია და გიგა ბოკერია ჩანაწერების ავთენტურობას არ უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ მათში არაფერია ისეთი, რაზეც ისინი აქამდეც საჯაროდ არ ლაპარაკობდნენ. ისინი ამბობენ, რომ, "რუსთავი 2"-ის დათმობას არ აპირებენ, რაც არც აქამდე დაუმალავთ. პროკურატურა აღნიშნული აუდიოჩანაწერების შესახებ განცხადებას ხვალ გამოაქვეყნებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG