Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

“112” ახალგაზრდული პარკის „საქმიან ნაწილში“


რუსთავი
რუსთავი

მაისის ბოლოა, მზიანი ამინდებია და რუსთაველებიც სკვერებს მიაშურებენ. დასასვენებელი ადგილი ბევრი არ არის, მაგრამ რაც არის, რუსთაველებს ჰყოფნით. ეგაა, რომ სკვერების ნაწილი მოუვლელია, დამტვრეულია სკამები, წვიმიანი ამინდების შემდეგ კი ისე სწრაფად გაიზარდა ბალახი, რომ საშუალო სიმაღლის ადამიანი ჩაიკარგება.

რუსთავის საკრებულომ, ოპოზიციის შვიდი წევრის წინააღმდეგობის მიუხედავად, ხმათა უმრავლესობით, „ახალგაზრდობის პარკის“ ნაწილი, დაახლოებით 1 800 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი, სათავო ოფისის ასაშენებლად უსასყიდლოდ გადასცა შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის სამსახურს. ეს გადაწყვეტილება იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა საკრებულოს დამოუკიდებელი წევრის გიორგი ხევიაშვილისთვის, რომ სხდომა დატოვა, დარბაზიდან გასვლამდე კი კოლეგებს მოუწოდა არ მიეღოთ პარკის გასხვისებაში მონაწილეობა. მოგვიანებით საკრებულოს წევრმა თავისი პროტესტი იმით ახსნა, რომ „112“-ის ოფისის აშენებას არა მხოლოდ რამდენიმე ხე, არამედ მთლიანად პარკი შეეწირება:

“აქ მიდგომაზეა საუბარი, იმაზე, რომ საზოგადოებრივი სივრცე, სკვერი დაიწყებს განადგურებას, იმიტომ რომ ერთ შენობას მოჰყვა მეორე შენობა, მერე უნდათ კიდევ ერთი შენობის აშენება და ჩათვალე, რომ ეს სივრცეც აბსოლუტურად გაქრება იმ ქალაქში, სადაც სულ 5 სკვერი გვაქვს, სადაც შეიძლება კარგი, ლამაზი სკვერი გაკეთდეს”.

„ახალგაზრდობის პარკის“ შესასვლელში უკვე დგას ერთი შენობა, სადაც ბინა დაიდო ქვემო ქართლის არქივმა. თავად შენობის წინ ტერიტორია კეთილმოაწყვეს, დააგეს ქვაფენილი, დადგეს სკამები, მაგრამ შენობისუკან დაახლოებით 1,5 ჰექტარზე გადაჭიმული სკვერი მოუვლელია. თუტერიტორიას კარგად არ იცნობთ, შეიძლება გაუთიბავ ბალახში ჩაკარგული ძველი შადრევნის ნანგრევებზე წაიბორძიკოთ. ამის მიუხედავად, პარკში რუსთაველები მაინც დადიან, ზოგი დანგრეულსკამზე ჯდომას ახერხებს, ზოგიც ნაძვისჩრდილში ქეიფობს, ზოგი კი, უბრალოდ, სეირნობს. რადიო თავისუფლებამ ორი ასეთი მოსეირნე ქალი გააჩერა:

„არქივის წინ სკამები დადგეს, ფილები დააგეს და გვიხაროდა, რომ ზაფხულში, როცა აუტანელი სიცხეა, გამოხვალ, დაჯდები და დაისვენებ. აქეთ [სკვერში] ვერ დაჯდებით... ხალხი აქეთ გამოდის ზაფხულში, რომ ნიავი ურტყამს აქეთ“.

რადიო თავისუფლება გამოელაპარაკა ასევე პარკის მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ ვალერი ქარჩავას, რომელიც „ახალგაზრდობის პარკში“ ახალი მშენებლობის მოწინააღმდეგე აღმოჩნდა.

„აქ აღარაფრის აშენება არ შეიძლება. მე თუ მეტყვით, ასეა. გვინდა პარკი, ბავშვებს უნდა, ხალხს უნდა, სეირნობენ. ეს ერთი ადგილი გვაქვს, ხომ გვინდა?!“

თავად საკრებულოს უმრავლესობაში აცხადებენ, რომ „112“-ის შენობა რეკრეაციული ზონისგან გამიჯნულ, ასე ვთქვათ, საქმიან ტერიტორიაზე აშენდება, დანარჩენი ტერიტორია კი კეთილმოეწყობა. აი, რა უთხრა რადიო თავისუფლებას უტა ლიპარტიამ, რუსთავის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა:

„ეს იქნება ძალიან ლამაზი, მსუბუქი კონსტრუქციით აშენებული შენობა, თავისი ბაღით, შესასვლელით. შემდგომ ამისა, პირობას დებენ, რომ უფრო მეტ ხეს დარგავენ და უფრო გაალამაზებენ. ეს იქნება ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტი. დანარჩენი პარკია, მას ვერავინ შეეხება“.

„112“-ის შენობის აშენებაზე ტენდერი უახლოეს ხანებში გამოცხადდება, მშენებლობის დაწყებას კი მიმდინარე წლის აგვისტოში ვარაუდობენ.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG