Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სეტ-ტოპ-ბოქსები - უცხო ხილი რუსთაველი ტელემაყურებლისთვის


რუსთავი
რუსთავი

რუსთავსა და მარნეულში ციფრული სატელევიზიო სიგნალი 1 ივლისიდან ვრცელდება.

მაუწყებლობა ჯერჯერობით თბილისის ტელეანძის საშუალებით ხდება, თუმცა რამდენიმე დღეში ციფრული სიგნალის გატარებას ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია, როგორც მულტიპლექს ოპერატორი, უზრუნველყოფს. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მოსახლეობამ არ იცის ციფრული სიგნალის მიმღები სეტ-ტოპ-ბოქსების გამოყენება.

სოციალურად დაუცველი სინჯიაშვილების ოჯახი ტელეარხებს პირველ ივლისამდე ჩვეულებრივი ანტენის საშუალებით უყურებდა, 1 ივლისს კი, როცა რუსთავში ანალოგური სიგნალი გაითიშა და ციფრული მაუწყებლობა გავრცელდა, ოჯახის წევრებმა გადაცემების ყურება ვერ შეძლეს, იმის მიუხედავად, რომ სახლში ციფრული სიგნალის მიმღები ე. წ. სეტ-ტოპ-ბოქსი ჰქონდათ. მიზეზი ის იყო, რომ მოწყობილობის ტელევიზორთან მიერთება ვერ შეძლეს. მათ დახმარებისთვის ადგილობრივ ტელევიზიას მიმართეს და პრობლემაც მოგვარდა.

სინჯიაშვილებს ჩვეულებრივი ანტენასახლის სახურავზე უდგათ და სიგნალს ჯერჯერობით თბილისის ტელეანძიდან იღებენ. ჯერჯერობით იმიტომ, რომ რამდენიმე დღეში სიგნალის გავრცელებას ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია დაიწყებს. ის მოემსახურება რუსთავს, ასევე მარნეულის, ბოლნისის, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტებს.

ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის ტექნიკური სამსახურის უფროსი თემურ შაფათავა ამბობს, რომ 1-2 ივლისს ტელეკომპანიის ოფისში ხუთასამდე ზარი შევიდა. ტელემაყურებლები სეტ-ტოპ-ბოქსების გამართვას და ტელევიზორთან მიერთებას ითხოვდნენ:

„უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს ციფრული როგორ უნდა ჩართოს. არც სეთ-თობ-ბოქსის მოხმარების პრინციპი იციან და, ზოგადად, არც არხის დაჭერა იციან - როგორ შეაერთონ ანტენა, როგორი ანტენა“.

თემურ შაფათავა მაყურებელს ურჩევს, რომ ანტენა სახლის სახურავზე აიტანოს. ასე მოსახლეობა 8 ქართულ არხს შეუფერხებლად მიიღებს.
“საქართველოს ფოსტის” რუსთავის ფილიალმა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის უკვე 4 500-მდე სეთ-თობ-ბოქსი გასცა, დარჩენილია რამდენიმე ათეული. როგორც ფილიალში აცხადებენ, მოწყობილობა დღემდე გააქვთ, თუმცა კანტიკუნტად.

მას, ვინც სოციალურად დაუცველთა კატეგორიას არ მიეკუთვნება და სახელმწიფოსგან ფულად შემწეობას არ იღებს, ადგილობრივი მაღაზიები ჩინური და სამამულო წარმოების სეტ-ტოპ-ბოქსებს სთავაზობენ.

ნოდარ ასათიანი, ერთ-ერთი მაღაზიის წარმომადგენელი, რომელიც ელექტრონიკით ვაჭრობს, აცხადებს, რომ ისინი მომხმარებელს ჩინური და ქართული წარმოების სეტ-ტოპ-ბოქსებს სთავაზობენ. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში და შესაბამის ფასად მაღაზია მომხმარებელს სახლშიც ემსახურება - ამონტაჟებს მოწყობილობას.

ნოდარ ასათიანი რუსთავის ნაწარმში ერთი თვის წინ გახსნილი ქართულ-აზერბაიჯანული ქარხნის „ეი-ჯი მიკროელექტრონიკსის“ მიერ წარმოებულ პროდუქციას გულისხმობს.

რაც შეეხება ბოლნისს, დმანისს და წალკას, როგორც ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის ტექნიკური სამსახურის უფროსი თემურ შაფათავა ამბობს, ამ მუნიციპალიტეტებში ციფრული მაუწყებლობა აგვისტოს ბოლოს დაიწყება. პარალელურად, გაითიშება ანალოგური მაუწყებლობა.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG