Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსული დღიურის კვალდაკვალ“ – ქართული ტურის დასაწყისი


ჯულიუს შტრაუსი (მარცხნივ), ეკა ენუქიძე, თომას დვორჟაკი
ჯულიუს შტრაუსი (მარცხნივ), ეკა ენუქიძე, თომას დვორჟაკი

ფოტოსააგენტო „მაგნუმის“ 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო პროექტის ქართული ტური დაიწყო. რობერტ კაპასა და ჯონ სტეინბეკის გზას ფოტოგრაფი თომას დვორჟაკი და ჟურნალისტი ჯულიუს შტრაუსი გაიმეორებენ და შექმნიან „რუსული დღიურის“ თანამედროვე ვერსიას. რუსეთისა და უკრაინის შემდეგ, ისინი საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოვიდნენ. მწერალთა სახლში შეხვედრა გაიმართა, სადაც ავტორებმა ისაუბრეს, თუ როგორი იქნება ტური „რუსული დღიურის კვალდაკვალ“.

„რუსული დღიურის კვალდაკვალ“
please wait

No media source currently available

0:00 0:03:20 0:00
გადმოწერა

თბილისი, მცხეთა, გორი, ბათუმი – ეს ის მარშრუტია, რომელიც 70 წლის წინ ამერიკელმა მწერალმა ჯონ სტეინბეკმა და ომის ფოტოგრაფმა, ფოტოსააგენტო „მაგნუმის“ დამაარსებელმა რობერტ კაპამ საქართველოში გაიარეს.

მათ საბჭოთა კავშირში 1947 წელს იმოგზაურეს და რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში შეგროვებული ამბები, სხვადასხვა პუბლიკაციების შემდეგ, სტეინბეკის წიგნში, „რუსულ დღიურში“, გააერთიანეს.

ჩვენი მოგზაურობა თავდაპირველი პროექტისგან იმით განსხვავდება, რომ კაპასა და სტეინბეკს მოგზაურობის არეალი შეზღუდული ჰქონდათ. დღეს ჩვენ ვიცით, რომ ის შეხვედრები, რომლებიც მათ შემთხვევითი ეგონათ, კარგად დაგეგმილი იყო მთავრობის მიერ. ჩვენ კი თავად ვირჩევთ, ვინ გადავიღოთ და რაზე ვესაუბროთ...
ჯულიუს შტრაუსი

70 წლის შემდეგ, იმავე გზას „მაგნუმის“ დღევანდელი პრეზიდენტი, ფოტოგრაფი თომას დვორჟაკი და ბრიტანელი ჟურნალისტი ჯულიუს შტრაუსი გაიმეორებენ.

ვიდრე „რუსული დღიურის კვალდაკვალ“ საქართველოს ტური დაიწყებოდა, მათ მწერალთა სახლში გამართეს შეხვედრა, იმ დარბაზში, სადაც მოგზაურობისას კაპა და სტეინბეკი შეხვდნენ ქართველ მწერლებს. მათი სურვილია, ისტორიულ კონტექსტში მოაქციონ მოგზაურობა და ასახონ, თუ რა მსგავსებები და განსხვავებები არსებობს იმდროინდელ ყოფასა და დღევანდელობას შორის. ამის შესახებ ჯულიუს შტრაუსი საუბრობს:

„დღეს რუსეთში, საქართველოსა და უკრაინაში მოგზაურობისას თავიანთი მდგომარეობით და პირობებით სამ განსხვავებულ ქვეყანას ვხედავთ. ჩვენი მოგზაურობა თავდაპირველი პროექტისგან იმით განსხვავდება, რომ კაპასა და სტეინბეკს მოგზაურობის არეალი შეზღუდული ჰქონდათ. დღეს ჩვენ ვიცით, რომ ის შეხვედრები, რომლებიც მათ შემთხვევითი ეგონათ, კარგად დაგეგმილი იყო მთავრობის მიერ. ჩვენ კი თავად ვირჩევთ, ვინ გადავიღოთ და რაზე ვესაუბროთ“.

მიუხედავად ამისა, როგორც ჯულიუსი ამბობს, რუსეთში შესვლის მხოლოდ ერთჯერადი ვიზა მიიღო, ამიტომ, წინა მოგზაურობისგან განსხვავებით, ამჯერად საბოლოო მარშრუტი ისევ რუსეთი ვერ იქნება.

ჟურნალისტიც და ფოტოგრაფიც კარგად იცნობენ სამივე ქვეყანას და არაერთხელ ყოფილან საქართველოში. თომას დვორჟაკის ამოცანაა, სხვაგვარი თვალით შეხედოს იმ ადგილებს, რომლებიც მისთვის შესაძლოა, უკვე ნაცნობია.

თომას დვორჟაკი: „16 წლის განმავლობაში აქ ვარ ნამყოფი და არ ვგეგმავ ხოლმე, რას გადავიღებ და ასევე ვაპირებ ახლაც, უბრალოდ, ვეცდები ახლებურად შევხედო რაღაც მოვლენებს“.

საინტერესო და დაძაბულ რეჟიმში ვმუშაობთ, პროექტი მიდის, ის არ არის დასრულებული. ფოტოფესტივალის დაწყებამდე დარჩა სამი კვირა, ამიტომ დაგეგმილი გვაქვს, რომ, ქართული ეპიზოდის დასრულების შემდეგ, დავსხდეთ და ერთად დავაკომპლექტოთ გამოფენა...
ნესტან ნიჟარაძე

„რუსული დღიურის“ კვალდაკვალ ავტორები 30 აგვისტომდე იმოგზაურებენ. მსოფლიო პრემიერა Tbilisi Photo Festival 2017-ის ფარგლებში 18 სექტემბერს გაიმართება. პროექტის მნიშვნელობაზე ფოტოფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნესტან ნიჟარაძე საუბრობს:

„საინტერესო და დაძაბულ რეჟიმში ვმუშაობთ, პროექტი მიდის, ის არ არის დასრულებული. ფოტოფესტივალის დაწყებამდე დარჩა სამი კვირა, ამიტომ დაგეგმილი გვაქვს, რომ, ქართული ეპიზოდის დასრულების შემდეგ, დავსხდეთ და ერთად დავაკომპლექტოთ გამოფენა. ჩემთვის ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტი. ასეთ ისტორიულ პროექტთან ახლოს მისვლის შესაძლებლობა არის უნიკალური, ისევე, როგორც ჩვენი მაყურებლებისთვის იქნება შანსი, პირველმა ნახოს ორი ძალიან მნიშვნელოვანი თანამედროვე ავტორის, ფოტოგრაფიაში თომას დვორჟაკის და ჟურნალისტიკაში – ჯულიუს შტრაუსის ნამუშევარი, რომელიც ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ტერიტორიების კვალდაკვალ გაივლის“.

ძველი და ახალი პროექტები „თიბისი გალერეაში“ გამოიფინება.

საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებელი ფოტოების მეშვეობით თავად შეძლებს „რუსული დღიურის კვალდაკვალ“ დროში მოგზაურობას.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG