„სამხრეთი ოსეთი აფხაზეთის გზით მიდის“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა სტატია გაზეთმა „კომერსანტმა“, რომელიც მკითხველს მოუთხრობს საქართველოს სეპარატისტული რეგიონის ხელმძღვანელობის ძალისხმევაზე გააფორმოს მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმება რუსეთის ფედერაციასთან. გაზეთის რედაქცია ესაუბრა რუსეთში სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ელჩს დმიტრი მედოევს, რომლის თქმითაც, შეთანხმება ითვალისწინებს სამხრეთ ოსეთის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას რუსეთთან დაახლოების გზით, თუმცა, მისივე თქმით, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს სუვერენიტეტის დაკნინებას. არადა, სტატიიდან ირკვევა, რომ მედოევის ამ მოსაზრებას ცხინვალში ბევრი არ იზიარებს და რომ შეთანხმების პროექტმა სამხრეთ ოსეთის საზოგადოება ორად გახლიჩა.სამხრეთ ისეთის „სახალხო პარტიის“ ლიდერი ალექსანდრ პლიევი აცხადებს: „ამ შეთანხმებამ საზოგადოება მართლა გახლიჩა. ყველას გვესმის, რომ რუსეთის გარეშე არ შეგვიძლია, მაგრამ როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო და ყველა სხვა სტრუქტურა სრულად გადადიან რუსეთის უწყებების ხელმძღვანელობის ქვეშ, მაშინ დამუკიდებლობაზე საუბარს არანაირიაზრი აღარ აქვს. რისთვის ვიტყუებთ თავს და ვიქცევით ისე, თითქოს დამოუკიდებელ ქვეყანას ვაშენებთ?“
შეთანხმების პროექტი უკვე მოიწონა სამხრეთ ოსეთის პოლიტსაბჭომ, რომელშიც მთავრობის წევრები და დეპუტატები შედიან. „კომერსანტის“ თანახმად, შეთანხმების ტექსტის წარდგენისას თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა თქვა, რომ დოკუმენტს აქვს ისტორიული მნიშვნელობა რესპუბლიკის თითოეული მოქალაქისათვის, ხოლო მმართველი პარტიის, „ერთიანი ოსეთის“, წევრმა ოლეგ კუდუხოვმა რუსულ გამოცემას უთხრა, რომ ახლახან ჩატარებულ არჩევნებში მოსახლეობამ მხარი დაუჭირა პარტიას, რომელიც რუსეთთან მაქსიმალურ ინტეგრაციას მოითხოვს.
„კომერსანტი“ ასევე წერს 12 იანვარს გალის რაიონში მომხდარი შეტაკების შესახებ, რომლის დროსაც რუსი მესაზღვრე, აფხაზი პოლიციელი და სამი ბანდიტი დაიღუპა. აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა რაულ ლოლუამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამინისტროს სპეცრაზმი და რუსი მესაზღვრეები ატარებდნენ ერთობლივ ოპერაციას ბანდიტთა იმ ჯგუფის გასანეიტრალებლად, რომელმაც სოფელ ხიაცას მკვიდრის გელა გერგედავას გატაცება სცადა. რაულ ლოლუა ამტკიცებს, რომ ბანდიტური ჯგუფის ყველა წევრი საქართველოს მოქალაქეა და რომ ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონებიდან ხშირად გადადიან გალის რაიონში მსგავსი ჯგუფები და, გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით, ადამიანებს იტაცებენ. ამ ბრალდების პასუხად „კომერსანტი“ მკითხველს სთავაზობს ასევე აფხაზეთის დევნილობაში მყოფი უმალესი საბჭოს თავმჯდომარის გია გვაზავას კომენტარს, რომლის მიხედვითაც, მძიმე კრიმინოგენული ვითარებაა არა მარტო გალის რაიონში, არამედ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე.
„ერთი დოლარი 90 რუბლად - რეალობაა?“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „ნეზავისიმაია გაზეტა“. სტატიაში ლაპარაკია იმ კავშირზე, რომელიც შეინიშნება საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაიაფებასა და რუსული რუბლის დევალვაციას შორის. გამოცემის დაკვირვებით, ერთი ბარელი Brent-ის ნავთობის 50-დან 45 დოლარამდე გაიაფებას მყისიერად მოჰყვა რუსული რუბლის გაიაფება: 1 დოლარის ფასი 60-ის ნაცვლად 66 რუბლი გახდა. გაზეთის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების თქმით, რაც უფრო მეტად მცირდება ნავთობის ფასი, მით უფრო მკვეთრად იაფდება რუბლი. მაგალითად, თუ ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება 40 დოლარამდე დაეცემა, მაშინ დოლარის კურსი 80-90 რუბლის ფარგლებში იქნება. ამასთან, როგორც გამოცემას ანალიტიკოსმა ანტონ სოროკომ უთხრა, სანქციების პირობებში რუბლის გამყარება კიდევ უფრო ძნელი იქნება, რადგანაც ამჟამად რუსეთში პრაქტიკულად არაა ე.წ. გარედან შემოტანილი ფული, რის გამოც ნავთობის გაიაფება ისეთსავე მძიმე ასახვას პოვებს ეროვნული ვალუტის კურსზე, როგორც 2008 წლის კრიზისის დროს, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ექვსი წლის წინ ცენტრალური ბანკის სავალუტო ინტერვენციაც ორჯერ მეტი იყო. სტატიაში ასევე საუბარია იმაზე, რომ ნავთობის ფასის ვარდნა, სავარაუდოდ, 2015 წლის გაზაფხულზე შეჩერდება, თუმცა, სპეციალისტების პროგნოზის თანახმად, ამ დროისათვის ერთი ბარელი ნავთობის ფასი 30-35 დოლარი იქნება.
გაზეთი „ვედომოსტი“ კი რუსეთის მთავრობის იმ გადაწყვეტილების შესახებ წერს, რომლის თანახმადაც ქერჩის სრუტეზე 19-კილომეტრიან ხიდს არკადი როტენბერგის კომპანია „სტროიგაზმონტაჟი“ ააშენებს. ამასთან, 228 მილიარდი რუბლის ღირებულების ხიდი გაივლის ტუზლაზე და ოთხხაზიანი საავტომობილო და ორხაზიანი სარკინიგზო მომოსვლით დააკავშირებს რუსეთის ფედერაციას ყირიმთან.