Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2015 წლის 13 მაისი


„ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ვიყოთ ამერიკის შეერთებული შტატების ღირსეული პარტნიორი“ - საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის ეს სიტყვები აქვს წამძღვარებული გაზეთ „კომერსანტში“ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ერთობლივი - ქართულ-ამერიკული - წვრთნების დაწყებას შეეხება. სტატიის მიხედვით, აღნიშნულ მანევრებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს პენტაგონის მიერ საქართველოში ათეულობით ქვეითთა საბრძოლო მანქანის, „ბრედლის“, გადასროლა. წვრთნაში, რომლის სახელია „ღირსეული პარტნიორი“, მონაწილეობას იღებს ორივე მხარის 1200 სამხედრო მოსამსახურე. მასპინძელი ქვეყანა წვრთნებში წარმოდგენილია შემდეგი სახით: ქვეითთა პირველი ბრიგადის მე-12 ბატალიონის დანაყოფი „ალფა“, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის პირველი მექანიზებული ასეული და სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი. ამერიკის მხარეს კი წარმოადგენს ქვეითთა მექანიზებული დანაყოფი და მედესანტეთა ასეული. „კომერსანტის“ ცნობით, წვრთნების პარალელურად, საქართველოს არაოფიციალურად სტუმრობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ევროპის საკითხებში ჩარლზ კაპჩანი, რომელიც პირისპირ შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, თუმცა შეხვედრის დეტალები არ გახმაურებულა. სავარაუდოდ, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში.

გაზეთი „კომერსანტი“ ასევე წერს რუსეთისა და ნატოს ურთიერთობის შესახებ. კერძოდ, სტატიაში „ნატო ფართოვდება კურორტზე“ ლაპარაკია 13 მაისს ანტალიაში დაწყებული ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც განიხილება მოსკოვთან ურთიერთობისა და მინსკის შეთანხმების შესრულების საკითხები. გაზეთის შეფასებით, სიმბოლურია ის, რომ ნატოს მინისტერიალი იმართება თურქეთში, ანუ ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია შუამავლის როლი ითამაშოს რუსეთსა და დასავლეთს შორის. „კომერსანტი“ მკითხველს სთავაზობსთურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს კომენტარს:

„ვერაფერი გაამართლებს რუსეთის მოქმედებას მეზობლებთან ყირიმსა და აფხაზეთში, თუმცა თურქეთი - როგორც ქვეყანა, რომელიც ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას რუსეთთან, უკრაინასთან და დასავლეთთან - იმის მომხრეა, რომ კრიზისი მოსკოვსა და ალიანსს შორის დაძლეულ იქნეს კონსტრუქციული დიალოგის მეშვეობით“.

„გარღვევას ადგილი არ ჰქონია“ - ასე შეაფასა გაზეთმა „როსბიზნესკონსალტინგმა“ ამერიკის სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის შეხვედრა, რომელიც 12 მაისს სოჭში გაიმართა. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ცენტრალური საკითხის - უკრაინის - გარშემო მხარეებს კვლავ განსხვავებული ხედვები აქვთ, თუმცა თანხმდებიან, რომ მინსკის შეთანხმების შესრულება აუცილებელია. რუსული გამოცემის თანახმად, ამავე პრესკონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ წარმოთქვა მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელიც თითქმის ყველა რუსულმა გაზეთმა აიტაცა. კერძოდ, ამერიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, თუკი მინსკის შეთანხმება სრულად იქნება რეალიზებული, მაშინ გაუქმდება ამერიკისა და ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებიო.

„ნეზავისიმაია გაზეტა“ კი ვრცელი სტატიით გამოეხმაურა მოსკოვის ცენტრში მოკლული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მიერ დაწყებული იმ ანგარიშის დასრულებასა და გამოქვეყნებას, რომელშიც ასახულია რუსეთის მონაწილეობა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ანგარიშის მიხედვით, საომარმა მოქმედებებმა მნიშვნელოვნად დააზარალა რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტი. კერძოდ: 53 მილიარდი რუბლი მოხმარდა მოხალისეებისა და რეზერვისტების შენახვას, 80 მილიარდი - დევნილების დაბინავებას. გარდა ამისა, ყირიმის მიერთების შედეგად დაწესებული სანქციებითა და ეროვნული ვალუტის გაუფასურებით რუსეთის მოქალაქეებმა 2 ტრილიონი რუბლი დაკარგეს ხელფასებიდან, ხოლო 750 მილიარდი რუბლი - დანაზოგიდან.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG