Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა


მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში
მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში
საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა მიხეილ სააკაშვილის და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ”ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა. მას ესწრებოდნენ გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, პავლე კუბლაშვილი, დავით ბაქრაძე, ირაკლი ალასანია, ირაკლი ღარიბაშვილი, სოზარ სუბარი და დავით უსუფაშვილი.

არცთუ ხანგრძლივი შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესას ჯერ ბიძინა ივანიშვილმა, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილმა მიმართეს. ”ქართული ოცნების” ლიდერმა დღევანდელ შეხვედრას უწოდა გაგრძელება იმ ჯანსაღი პროცესისა, რომელიც მისმა გუნდმა შემოიტანა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში. ბიძინა ივანიშვილის შეფასებითვე, ქვეყნის ისტორიაში ღირსეულად მოიხსენიება დემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლის პრეცედენტი.

”ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ და მთელი წლის განმავლობაში ღირსეულად ვპასუხობდით ოპონენტების უღირს ქცევას, გახლავთ დღევანდელი შეხვედრის მიზეზიც. ჩვენ ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც ამას იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, საქართველოს მოსახლეობა და ჩვენი კულტურა” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, შეხვედრისას საუბარი იყო საგარეო პოლიტიკაზეც, რომელიც ორივე მხარეს ერთნაირი აქვს.

ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ამ მხრივ ახალი ხელისუფლება აუცილებლად გააგრძელებს წინამორბედის სტარტეგიას, განუხრელი სწრაფვა იქნება ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ და საქართველო აუცილებლად მოახერხებს უახლოეს დროში გახდეს ნატოს წევრი.

”კარგია, რომ ჩვენ მოვახერხეთ შეხვედრა და თვითონ სააკაშვილმა მოახერხა არჩევნების ბოლოს ის განცხადება, რომელიც შევუქე და დღევანელი შეხვედრაც ემსახურება იმის ჩვენებას, რომ ვართ კულტურული ერი, ვიწყებთ ახალ ცხოვრებას და ოპონენტებს ყოველთვის ღირსეულად მოვექცევით”, - განაცხადა ”ქართული ოცნების” ლიდერმა.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი ქვეყანაში ამჟამად მიმდინარე პროცესს უწოდა ისტორიული და განაცხადა, რომ რეგიონში პირველად ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების უმეტესი ფუნქციის მშვიდობიანად და დემოკრატიულ ფარგლებში გადაცემა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პატივს სცემენ არჩევანს ქართველი ხალხისა, რომელიც პოლიტიკურ პროცესებს განსაზღვრავს და კვლავ გაიმეორა, რომ მოქმედ ხელისუფლებასა და არჩევნებში გამარჯვებულ კოალციას შორის რჩება ფუნდამენტური განსხვავებები ბევრ პოლიტიკურ და ეროვნულ საკითხში.

”მაგრამ ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება და მე, როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი, უზრუნველვყოფ, რომ გადასვლა მოხდეს ექსცესების გარეშე და ქართველი ხალხის და დემოკრატიული პროცესების დემოკრატიულ ჩარჩოებში შენარჩუნების ინტერესთა გათვალისწინებით”, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. მისივე თქმით, დემოკრატია უნდა გაძლიერდეს და ქართველ ხალხს უკეთესი პერსპექტივა შეექმნას.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყოველთვის ამოძრავებდა მხოლოდ ხალხის ინტერესები და ასე დარჩება მისი და თანამოაზრეების უახლოესი წლების მოღვაწეობაში. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ხალხის მიერ ბევრი რამის დანახვას და გაანალიზებას დრო სჭირდება, მანამდე კი ყველა კონცენტრირებული უნდა იყოს ქვეყნის მომავალსა და კეთილდღეობაზე. პრეზიდენტის თქმით, მთავარია, რომ ხერხდება პროცესის სწორად წარმართვა სამართლებრივ და კონსტიტუციურ ჩარჩოში.

”დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ექნება მაგარი მომავალი და ჩვენც ვაპირებთ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ვიყოთ როგორც მოქალაქეები და პოლიტიკოსები”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და წარმატება ხალხს უსურვა.
XS
SM
MD
LG