Accessibility links

საახალწლო ბაზრობები - მეტი პროდუქტი, მოწამვლის მეტი ალბათობა


ბაზარი

დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო, ქვეყნის მაშტაბით, აგრარული ბაზრების სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას ამოწმებს. აგრარული ბაზრებით დაინტერესდა არასამთავრობო სექტორიც. საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე ამბობს, რომ ბაზრებში ხორცის რეალიზაციის პირობები საგანგაშოა და შესაძლოა სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს.

აგრარული ბაზრების შემოწმების შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანა გემაზაშვილი ამბობს, რომ ბაზრობები სისტემატურად მოწმდება, უბრალოდ, ახლა დღესასწაულის გამო უფრო მეტად არიან მობილიზებულნი:

„წელს, ჩვენი ინსპექტირების შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობა, რომელიც სურსათის უვნებლობაsთან შეუთავსებადი იქნებოდა, არ დაფიქსირებულა. თუმცა, რა თქმა უნდა, მითითებები ყოველთვის გვაქვს, ეს მუდმივი პროცესია. მუდმივად მივდივართ და ვცდილობთ, რომ არათუ ბაზარმა, ნებისმიერმა ბიზნესოპერატორმა დახვეწოს თავისი საქმიანობა და კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს მიუახლოვოს. მაგრამ წელს არ გვქონია ისეთი კრიტიკული შეუსაბამობა, რომ რომელიმე ბაზარი დაგვეკეტა“.

თბილისის ერთ-ერთი ბაზარი
თბილისის ერთ-ერთი ბაზარი

აგრარულ ბაზრებს, თავის მხრივ, ამოწმებს საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე. მან თბილისიდან დაიწყო და ოზურგეთის ბაზრამდე მიაღწია, შეამოწმა გზად შემხვედრი ყველა ქალაქის ბაზარი. მისი თქმით, ხორცი ბევრგან ანტისანიტარიულ პირობებში იყიდება, განსაკუთრებით ეს ეხება ფარშსა და თევზს.

„ჩამოვედი გურიამდე, მაინტერესებდა რა მდგომარეობაა აგრარულ ბაზრებში. მერწმუნეთ, არანაირი სხვაობა - ისეთივე უწესრიგობაა, როგორიც გარევაჭრობაზე. პროდუქციის რეალიზება ანტისანიტარიულ პირობებში ხდება. იყიდება ფარში, რომლის ვარგისიანობის ვადა გაურკვეველია. მომხმარებელი არ არის დაცული“.

კოიძე ამბობს, რომ მუდმივად ურჩევდნენ მომხარებელს გარევაჭრობის ნაცვლად ბაზრობისთვის მიემართათ, მით უფრო წელს, როდესაც 1 იანვრიდან ახალი რეგლამენტი ამოქმედდა და ბაზრობისა და ბიზნესოპერატორების ვალდებულებები კიდევ უფრო მკაცრად განისაზღვრა. ეს რეგლამენტი უნდა ყოფილიყო გარანტი იმისა, რომ პროდუქცია წესების დაცვით გაიყიდებოდა, მაგრამ, მადონა კოიძის თქმით, ბევრგან ბაზრობა გარევაჭრობისგან არაფრით განსხვავდება:

„ძირითადად თევზთან დაკავშირებით არის პრობლემები. თევზი იყიდება ძალიან უწესრიგოდ და შესაბამისი პირობების დაცვის გარეშე. ყველა პროდუქტს სჭირდება შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმი, შესაბამისი სანიტარული ნორმების დაცვა, რაც, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არ სრულდება“.

მისივე თქმით, მომხმარებელი განსაკუთრებით ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოს პროდუქციის შეძენისას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რამე საეჭვო შენიშნა, შეუძლია დაუკავშირდეს როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ასევე არასამთავრობო სექტორს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG