Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სამეგრელოში ადგილობრივმა ხელისუფლებამ მუნიციპალიტეტების ნაწილი დატოვა


ზუგდიდის საკრებულო
ზუგდიდის საკრებულო
ბოლო ერთი თვეა, სამეგრელოში გამგებელთა და საკრებულოს თავმჯდომარეთა ნაწილი გადადგომის შესახებ განცხადებებს წერს. ამ დროისთვის განცხადება აქვს დაწერლი აბაშის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს და ხობის გამგებლებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს სენაკსა და ფოთში. ახალი თავმჯდომარეები უკვე დაინიშნა ხობისა და წალენჯიხის საკრებულოებში. ადგილობრივი ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები 20 ნოემბერს დაიწყო და დღემდე გრძელდება მარტვილში. იგივე მოთხოვნა აქვთ ზუგდიდში საზოგადოება „თეთრი მანდილის“ წარმომადგენლებს, ოღონდ ისინი გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას მშვიდობიანი მეთოდებით, მათთან მოლაპარაკებით ცდილობენ, თუმცა შეხვედრა გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოუცლელობის გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება.

„ეს უკვე რაღაც დადგმულ სცენარს ჰგავს, მაგრამ არა უშავს. ჩვენ დაველოდებით ასე მშვიდად მანამ, სანამ არ მოვლენ. არ შეიძლება ერთი კვირის მანძილზე არც საკრებულოს თავმჯდომარე და არც მუნიციპალიტეტის გამგებელი ადგილზე არ იყოს“, – განაცხადა ინეზა მურღულიამ.

მიუხედავად მიმდინარე მოვლენებისა, ზუგდიდის საკრებულოსა და გამგეობაში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავენ.

ზუგდიდის საკრებულოს პრესსამსახურის უფროსმა თამარ შონიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ საკრებულო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და უახლოეს მომავალში იგეგმება 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცება, რომლის პროექტი და პრიორიტეტის დოკუმენტი ნოემბერში საკრებულოს საფინანსო საკითხთა კომისიის სხდომაზე იქნა განხილული. თამარ შონიას თქმით, ამ დროისთვის პროექტი საბოლოო დამუშავებისთვის გამგეობას უკან დაუბრუნდა.

„25 დეკემბერი იყო ჩვენგან მიცემული ბოლო ვადა. ამ დრომდე უნდა მოვიდეს ბიუჯეტის საბოლოო ვერსია. როგორც კი დაგვიბრუნდება ის გამგეობიდან, დავგეგმავთ სხდომას“, – განაცხადა თამარ შონიამ.

მისივე განმარტებით, საკრებულოს თვმჯდომარე ლევან კონჯარია ახლა შვებულებაში იმყოფება და თუ საკრებულოს მორიგი სხდომა მის არყოფნაში დაინიშნა, სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ სხულუხია გაუძღვება.

შვებულებაში გასვლამდე ლევან კონჯარია მის მიმართ მუქარაზე საუბრობდა. საკრებულოს თავმჯდომარემ რადიო თავისუფლებას მაშინ განუცხადა, რომ იყო შემოთავაზებები და მუქარის ტონიც, თუმცა არა ისეთი, რომ ამან მასზე გავლენა მოახდინოს. ვინ ახორციელებდა ზეწოლას, კონჯარიას არ დაუკონკრეტებია. მისი თქმით, ის არ გეგმავს დაკავებული თანამდებობის დატოვებას.
დღეს საკრებულოს აპარატში აცხადებენ, რომ, მიუხედავად კონჯარიას ამ განცხადებისა, მოქალაქეთა ნაწილს მაინც აქვს მოლოდინი, რომ ის თანამდებობას დატოვებს, რასაც კატეგორიულად უარყოფს საკრებულოს პრესსამსახურის უფროსი.

„არავინ არ აპირებს არსად წასვლას. ჩვენ ვრჩებით ჩვენს ადგილებზე და ვაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა თამარ შონიამ.
XS
SM
MD
LG