Accessibility links

საქართველო, როგორც პოსტსაბჭოთა პარტიული სისტემის მემკვიდრე?!


ავტორი: ქეთევან ქობულაძე

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოლიტიკური პარტიები აღმოჩდნენ სუსტი და არარსებული დემოკრატიული გამოცდილების რეალობის პირისპირ . ერთპარტიული ტოტალიტარული რეჟიმის ნგრევამ პოსტსაბჭოთა ქვეყნების პარტიული პოლიტიკა სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დააყენა, რომელთა პარტიული ქცევა განსხვავდება, როგორც ლიბერალური , ისე მესამე ტალღის დემოკრატიებისგან.

ქვეყნების პარტიული სისტემის დახასიათებისას სხვადასხვა მაჩვენებლები გამოიყოფა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართული პოლიტიკური სისტემა შეიძლება დავახასიათოთ , როგორც დომინანტური პოლიტიკური პარტიის სისტემა, სადაც ერთი პარტია ყოველთვის დიდი უმრავლესობით იმარჯვებს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში და ერთპიროვნულად აკომპლექტებს სახელისუფლებო ინსტიტუტებს.

პოსკომუნისტურ პარტიებში დომინანტურ როლს მათი ლიდერები ასრულებენ, პარტიის წევრობა კი მეორეხარისხოვანია. საწევრო გადასახადები პარტიის ბიუჯეტის მცირე ნაწილს შეადგენს. პარტიების დაფინანსება სხვა წყაროებზეა დამოკიდებული - როგორც სახელმწიფო, ისე კერძო შემოწირულობებზე.

ომებმა და სამოქალაქო დაპირისპირებებმა, რაც კომუნიზმის დამხობას მოჰყვა, საქართველოში შეაფერხა პარტიების სტაბილურობა და დიფერენცირება. ქართული პოლიტიკური პარტიული სისტემის დასახასიათებლად, მნიშვნელოვანი ინდიკატორი მისიინსტიტუციონალიზაციის, ფრაგმენტაციისა და პოლარიზაციის დონის განსაზღვრაა:

პარტიული სისტემის მაღალი ინსტიტუციონალიზაციის დონის მაჩვენებელია პარტიულ შეჯიბრში ჩართული აქტორების სტაბილურობა, რომელიც უარყოფითია საქართველოს შემთხვევაში - ქართული პარტიული სისტემა ნაკლებად ინსტიტუციონალიზებულია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში უამრავი პარტია თუ ბლოკი იყო წარმოდგენილი, მაგრამ მომდევნო არჩევნებში მათი მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი იღებდა მონაწილეობას. არასტაბილური გარემოს არსებობას ხელს უწყობს ასევე საარჩევნო კანონმდებლობის ხშირი ცვლილება.

რაც შეეხება პარტიების საზოგადოებაზე მიჯაჭვულობის მაჩვენებელს, ის განსაზღვრავს რამდენად ახლოა ან გაუცხოებული პოლიტიკური პარტია მოსახლეობისგან და პირიქით. ასევე, რამდენად წარმოაჩენს და ატარებს პოლიტიკური ორგანიზაცია საზოგადოებრივ ინტერესებს . ამ მხრივ, ანალიტიკოსები საკმაოდ სკეპტიკურად აფასებენ ქართული პარტიული სისტემის მდგომარეობას. პარტიული სისტემის არასტაბილურობა გარკვეულწილად ადასტურებს კიდეც ამ სკეპტიციზმს: წარსულში საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაციები ან მთლიანად გაქრნენ პოლიტიკური ასპარეზიდან, ან მოხდა მათი სრული მარგინალიზაცია, რაც შესაძლებელია თავიდან აგვეცილებინა მათ რომ დასაყრდენი და მხარდაჭერა ჰქონოდათ საზოგადოებაში.

ზემოთ ნახსენებ მაჩვენებლებთან მჭიდროდაა დაკავშირებულისაარჩევნო სისტემისადაპარტიათა ლეგიტიმაცია, რომელიც აფასებს მოსახლეობის ნდობის ხარისხს პოლიტიკური პარტიებისა და სამართლიანი არჩევნების მიმართ, რაც კვლევების მიხედვითსაკმაოდ დაბალია. საქართველოს მოსახლეობა, უმეტესწილად, კონკრეტულპოლიტიკურ ფიგურებს უცხადებს ნდობას ანუ არჩევანის გაკეთებისას ხმას აძლევს არა პარტიას და მის იდეოლოგიას, არამედ კონკრეტულ პიროვნებას.

პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციასა და სტაბილურობას, თავად პარტიული ორგანიზაციების სიძლიერე განაპირობებს.როდესაც პარტიებს აქვთ მტკიცე ორგანიზაციული სტრუქტურა, ფლობენ საკმარის მატერიალურ, ადამიანურ და პროფესიულ რესურსებს, არ არიან ლიდერზე დამოკიდებულნი და მოგვარებული აქვთ შიდა მენეჯმენტი, იზრდება მათი სიცოცხლისუნარიანობის, მობილობის და ადაპტირების შესაძლებლობები, რაცსაბოლოოდქვეყანაში არსებულ პარტიული სისტემის სიცოცხლისუნარიანობას და სტაბილურობას განაპირობებს.

პარტიებს შორის ურთიერთობების ხასიათს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პარტიული სისტემის ფრაგმენტაციის დონე.პარტიული სისტემა ფრაგმენტულია, თუ მასში წარმოდგენილი პარტიების რაოდენობა დიდია. საქართველოში დომინანტი მმართველი პარტიის პარალელურად პოლიტიკური ოპოზიცია რამდენიმე პარტიით არის წარმოდგენილი, რომლებიც მეტ-ნაკლებად თანაბარი გავლენით და საზოგადოებრივი მხარდაჭერით სარგებლობენ.ზოგადად, პარტიული სისტემა არჩევნების შემდგომი პოლიტიკური ძალაუფლების მაღალი კონცენტრაციით ხასიათდება, რაცჩვეულებრივ, არ მიიღწევა კოალიციების შექმნისა და თანამშრომლობის საფუძველზე. არჩევნებს შორის პერიოდში, როდესაც მოსახლეობის განწყობების ცვალებადობის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება,საკმაოდ რთულია განისაზღვროს, თუ რომელი პოლიტიკური ძალა წარმოგვიდგება მმართველ და ძირითად ოპოზიციურ პარტიად. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დარეგისტრირებულ პარტიათა რიცხვი საკმაოდ მაღალია, სისტემის ფრაგმენტაციის შეფასება მაინც არასწორი იქნება, რადგან პარტიათა უმეტესობა საერთოდ არ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში.

უამრავი პატარა პარტიის არსებობის გამო იფანტება იდენტური ინტერესების მქონე სოციალური ჯგუფების ხმები, რაც ასუსტებს თითოეულ პარტიას ცალ-ცალკე და არაპროპორციულად წარმოაჩენს სოციალური ფენების ინტერესებს. კონსენსუსი იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის პოლიტიკური აქტორის არსებობა იქნებოდა ყველაზე ოპტიმალური საქრთველოსთვის, არ არსებობს. კამათობენ იმაზე, რომ ამ საკითხის განხილვა და ხელოვნური ციფრების დაწესება საჭირო არ არის, რადგანაც საზოგადოებისთვის საჭირო პარტიების რიცხვი „პოლიტიკურმა ბაზარმა“ თავისით უნდა დაარეგულიროს.

პოლიტიკურ აქტორებს შორის არსებული იდეოლოგიური თუ ღირებულებითი განსხვავებულობის დონე ფასდება პოლარიზაციის ხარისხით. თუ პოლიტიკური აქტორების იდეოლოგიური შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, მაშინ პარტიული სისტემა მაღალი პოლარიზაციის დონით ხასიათდება. მსგავს სისტემებში გართულებულია პარტიათშორისი თანამშრომლობა. შესაბამისად, ასეთი სისტემები არასტაბილურია და „რისკის“ მატარებლებად ითვლება. პარტიებს შორის ფორმალური იდეოლოგიური განსხვავებულობის თვალასაზრისით ქართული პოლიტიკური სისტემა დაბალი პოლარიზაციის დონით ხასიათდება . მეტ-ნაკლებად ძლიერი პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა თავს მემარჯვენე-ცენტრისტული იდეოლოგიის მატარებლად მიიჩნევს, ხოლო მემარჯვენე-ცენტრისტთა მოთხოვნები ხშირად არ განსხვავდება მემარცხენე პარტიების მოთხოვნებისგან და მათ შორის თანამშრომლობას იდეოლოგიური განსხვავებულობა არ უშლის ხელს. სინამდვილეში, პარტიების ხედვებსა და სოციალურ იდენტობაში ძალიან ბევრი საერთო ელემენტია.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოციალ-პოლიტიკური დიფერენციაციის სისუსტე და არასტაბილურობა, პოლიტიკური სისტემისგან გაუცხოება, ელიტების მიერ მართული პოლიტიკური ტრანსფორმაცია, ელექტრონული მედიის განსაკუთრებულად დიდი გავლენა, ანტიპარტიული განწყობები, სუსტი სამოქალაქო საზოგადოება, სამთავრობო მოქმედებებზე საერთაშორისო შეზღუდვები და მცირე დემოკრატიული გამოცდილება, მაღალი ელექტორალური არასტაბილურობა, პარტიების დაბალი პოპულარობა, ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა, პარტიის წევრთა სიმცირე, სუსტი პარტიული იდენტობა, სახელმწიფოზე ფინანსური დამოკიდებულება და პოლიტიკოსებში დაბალი ხარისხის ორგანიზაციული ერთგულება - სუსტი ინსტიტუციონალიზაციის ყველაზე თვალშისაცემი ნიშნებია, რომლებიც საქართველოს პარტიული სისტემის განხილვისას არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG