Accessibility links

საკონსტიტუციო ცვლილებები – საშემოდგომო სესიების მთავარი თემა


6 სექტემბერს, ქუთაისში, მე-9 მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიხსნა და პირველივე განცხადებები, როგორც მოსალოდნელი იყო, საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხო. საკანონმდებლო ორგანომ ახალ კონსტიტუციას მესამე მოსმენით სექტემბრის ბოლოს უნდა უყაროს კენჭი. თუმცა, როგორც ოპოზიცია, ისე სამოქალაქო სექტორი დაჟინებით მოითხოვს ხელისუფლებისგან არ აჩქარდეს, დაელოდოს ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს ახალი კონსტიტუცია. საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიისგან მკაცრ კრიტიკას არ ელის, თუმცა ამის საპირისპიროდ, მათი ოპონენტები აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის შენიშვნების გაუთვალისწინებლობა ქვეყნის იმიჯს მნიშვნელოვნად დააზიანებს.

საპარლამენტო უმრავლესობა მოელის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარ, შუალედურ ვერსიას სექტემბერში, კონსტიტუციის პროექტის მესამე მოსმენამდე მიიღებს. საბოლოო ვერსიას კი, როგორც ცნობილია, ვენეციის კომისია 6 ოქტომბერს გამოაქვეყნებს. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა 6 სექტემბერს განაცხადა, რომ კომისიისგან უარყოფით დასკვნას არ ელოდებიან.

„ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ვენეციის კომისიასთან. მათთვის ცნობილია, რომ სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება საქართველოს პარლამენტში მესამე მოსმენით ცვლილებების კენჭისყრა. ჩვენ გვაქვს ასეთი შეთანხმება – ვენეციის კომისიას მიღებული აქვს მეორე მოსმენით მიღებული ცვლილებების ტექსტი და მესამე მოსმენამდე ჩვენ მივიღებთ ვენეციის კომისიისგან მათი დასკვნის წინასწარ ვერსიას. ეს ვერსია გახდება საჯარო და, შესაბამისად, ვიდრე საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე განხილული იქნება მესამე მოსმენით ეს დოკუმენტი, მანამდე ჩვენ გვექნება საჯარო დისკუსია და განხილვები ამ მოსაზრებებისა. იმ ტიპის რეკომენდაციებს და ცვლილებებს, რის საშუალებასაც რეგლამენტი მოგვცემს მესამე მოსმენის ეტაპზე, მაქსიმალურად გავითვალისწინებთ“.

თქვენ პრაქტიკულად მოატყუეთ ყველა, როგორც საქართველოში, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ფაქტობრივად, ვენეციის კომისიას თავზე გადაახიეთ ყველა შეთანხმება და სულ სხვა გზით წახვედით...

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით კი, „სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორს შემოდგომაზე კიდევ ერთხელ ექნება შესაძლებლობა თვალი მიადევნონ პროცესს და დისკუსიაშიც მიიღონ მონაწილეობა. თალაკვაძის თქმით, საკონსტიტუციო რეფორმამ, კანონმდებლობით და დემოკრატიული პრინციპებით დადგენილი ყველა ეტაპი უკვე გაიარა და ამ პროცესში ჩართული იყო როგორც არასამთავრობო სექტორი, ისე ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება:

იყო საჯარო განხილვები. შემდგომში იყო კონსულტაციების რამდენიმე რაუნდი ვენეციის კომისიასთან, შემდეგ პოლიტიკური განხილვები და დებატები პარლამენტში. საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით საშემოდგომო სესიაზე განვიხილავთ. მორიგი დისკუსია და დებატები საშემოდგომო სესიის ფარგლებში გაიმართება“.

ხელისუფლება სირაქლემის პოზიციაშია და, საერთოდ, ვერ ხედავს პრობლემას, რომელზეც არა მხოლოდ ოპოზიცია ლაპარაკობს, არამედ არასამთავრობო სექტორიც...

ოპოზიცია მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს. საშემოდგომო სესიების პირველივე სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დროს უმრავლესობამ ყველა მოატყუა – მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოება.

„თქვენ პრაქტიკულად მოატყუეთ ყველა, როგორც საქართველოში, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ფაქტობრივად, ვენეციის კომისიას თავზე გადაახიეთ ყველა შეთანხმება და სულ სხვა გზით წახვედით... ეს არ არის პირველი ტყუილი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამბობს, მაგრამ ეს არის, ალბათ, ბოლო ტყუილი, რომელსაც ამბობთ. სამწუხაროა, მაგრამ, ალბათ, თქვენც კარგად გესმით, რომ ეს არის არაპოპულარული ნაბიჯი როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ აღარ გაინტერესებთ აღარც პრესტიჟი, არც პოპულარობა, გაინტერესებთ, რომ გაყალბებით მოიგოთ შემდეგი არჩევნები“.

ხელისუფლება უნდა დაელოდოს ვენეციის კომისიის დასკვნას – აცხადებს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაიაც:

„ხელისუფლება სირაქლემის პოზიციაშია და, საერთოდ, ვერ ხედავს პრობლემას, რომელზეც არა მხოლოდ ოპოზიცია ლაპარაკობს, არამედ არასამთავრობო სექტორიც. ვენეციის კომისიაც სთხოვს, რომ დაელოდოს მათ დასკვნას და არ იჩქაროს და ამ დროს, ხელისუფლება მაინც რაღაც გარე ფაქტორებს აბრალებს იმას, რომ შეთანხმება ამ საკითხზე ვერ მოხერხდა. ის აშკარად დაადგა პოლიტიკური ძალადობის გზას, რაც მისთვის ძალიან ცუდად დასრულდება“.

ნინო გოგუაძე კი, პარტია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ზუსტად იცის, თუ რა ეწერება ვენეციის კომისიის დასკვნაში და რომ ის არ მოიწონებს მათ მიერ დაწერილ ცვლილებებს. „ქართული ოცნება“ არ აპირებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას.

ხელისუფლებას არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ, არ აჩქარდეს. მათ მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში წერია, რომ უმრავლესობამ „აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის მოწოდებები და დაელოდოს ამ უწყების საბოლოო შეფასების გამოქვეყნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მნიშვნელოვნად შეილახოს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია. დანაპირების არშესრულება და პარტნიორების შეცდომაში შეყვანა, რა თქმა უნდა, უარყოფითად იქნება აღქმული მათ მიერ“, – განცხადებას ხელს აწერს: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; სამოქალაქო განვითარების სააგენტო; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; ლიბერალური აკადემია – თბილისი.

„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე შენიშნავს, რომ ვერ ხედავს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მესამე მოსმენის ფარგლებში გასამართ დისკუსიაში არასამთავრობო სექტორის ჩართვის საჭიროებას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი კი აცხადებს, რომ როდესაც ისეთ ორგანიზაციას, როგორიც ვენეციის კომისიაა, სთხოვ დახმარებას, მისი მოსაზრებების გაზიარებას, შემდეგ კი მათ რჩევებს არ ითვალისწინებ, ეს საზიანოა როგორც დოკუმენტის და, ამ შემთხვევაში, კონსტიტუციის კანონიერების, ასევე ქვეყნის იმიჯისთვისაც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG