Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა დაიწყო


13 მარტს თელავში სტუდენტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრით დაიწყო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“, რომლის მიზანი კონსტიტუციის შექმნის პროცესში ხალხის ჩართულობის გაზრდა და კონსტიტუციური ღირებულებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ინიციატივა საქართველოს ყველა სოფელსა და ქალაქს მისწვდება, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფუნქციებში იჭრება.

პრეზიდენტმა დაიწყო
please wait

No media source currently available

0:00 0:05:27 0:00
გადმოწერა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრებზე კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ მისი ადმინისტრაციის მიერ წარმოებული კამპანიის მიზანია კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვის უზრუნველყოფა. „რამდენჯერაც დახურულ კარს მიღმა გადაიხედა კონსტიტუცია, იმდენჯერ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ გამოსდგომია მერე შედეგები”, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა:

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

„მინდოდა კომისიაში ჩართვა, არა მარტო ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, არამედ იმ მანდატით, რომელიც მე მაქვს - ხალხის სახელით. მე ამას ვაკეთებ. დღეს ისმის ხალხის ხმა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები ამ ხალხის ხმას ისმენენ უშუალოდაც, როგორც ამ შეხვედრების მონაწილეები, ასევე ამ ხმას ისმენენ მედიის მეშვეობითაც. რა მიზანიც მქონდა, რომ ხალხი ყოფილიყო ჩართული ამ პროცესში და ეს პროცესი არ წარმართულიყო დახურულ კარს მიღმა, იმ მიზანს მე ვახორციელებ ქართველ ხალხთან ერთად“.

გიორგი მარგველაშვილის ამ განცხადების პასუხად, უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ, თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა კენჭს არ უყრის, პრეზიდენტის ინიციატივა დარჩება მის კეთილ სურვილად. შესაბამისად, ერთადერთი სწორი ფორმატი არის საკონსტიტუციო კომისია, რომელიც მუშაობს და ორიენტირებულია შედეგზე. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემაც განაცხადა, რომ ჯერ უნდა შემუშავდეს კონსტიტუციის პროექტი და მერე დაიწყოს მისი განხილვა:

„როდესაც აპრილში დაასრულებს საკონსტიტუციო კომისია თავის სამუშაო ეტაპს და დოკუმენტის პირველი პროექტი იქნება მზად, ამის შემდეგ დაგეგმილი არის საერთო-საჯარო განხილვების ორგანიზება, სადაც ყველა მოქალაქეს, ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცემა შესაძლებლობა, რომ ჩაერთოს განხილვის პროცესში“.

ბევრად უფრო რადიკალურია ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, რომელიც პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის ინიციატივას იაფფასიან PR-კამპანიად მიიჩნევს:

„შეიძლება ჰქონდეთ გარკვეული მოსაზრებები კონსტიტუციასთან დაკავშირებით, რომლის ცვლილებაც უნდა განხორციელდეს. თუ ეს მიზანი აქვთ, მაშინ არსებობს საკონსტიტუციო კომისია, რომელშიც სამი წარმომადგენელი ჰყავთ და, შესაბამისად, შეუძლიათ წარმოადგინონ, დააყენონ და იქ იმსჯელონ. ის, რასაც ბატონი პრეზიდენტი აკეთებს, მე ვფიქრობ, არის იაფფასიანი PR-კამპანია“.

თუმცა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, რომელშიც გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის მმართველ პარტიას, უნდობლობას უცხადებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ კომისიას არ ამოძრავებს კონსტიტუციის გაუმჯობესების სურვილი:

„რეალურად დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ კონსტიტუციის ცვლილება დღეს არის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან შეზღუდოს დემოკრატიული სივრცე, წაგვართვას შანსი, რომ არჩევნების გზით შევცვალოთ ხელისუფლება. ეს ცვლილებები არის მიმართული მხოლოდ ივანიშვილის მმართველობის განსამტკიცებლად. ამის ახსნა საზოგადოებისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი კონსენსუსი შედგეს იმ საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ, რომელიც რეალურად ჩვენს ქვეყანაში შეზღუდავს დემოკრატიულ სივრცეს“.

ამ პროცესს დადებითად ვუყურებ. შეიძლება ამან კონსტიტუცია არ შეგვიცვალოს და მაინც ის გადაწყვეტილება მიიღოს საკონსტიტუციო კომისიამ, მაგრამ მაინც მოუწევს საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება...
კოტე ჩოკორაია

ამასთან, უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში სამი ადგილი ეკუთვნის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას კომისიის მუშაობაში. კონსტიტუციის სამართლის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია ამ ხარვეზის გამოსწორებაც. პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით კი კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია ამბობს, რომ კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესს მეტი ჩართულობა და დემოკრატიულობა მხოლოდ წაადგება.

„რაც უფრო მეტი იქნება ასეთი ტიპის მსჯელობები, უკეთესია, იმიტომ რომ სხვა ლოგიკით გამოდის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მაინც ყველაფერს გადაწყვეტს და, საერთოდ, აზრი არ აქვს არაფრის გაკეთებას. ვფიქრობ, რომ საზოგადოების გარკვეულმა აქტიურობამ, პოზიციების დაფიქსირებამ პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით ერთი ნაბიჯით წინ წაგვწია, რადგანაც ითქვა, რომ 2018 წელს კვლავ ჩატარდება პრეზიდენტის არჩევნები. ამიტომ ასეთი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება არის ჩვენი მოკავშირე ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს. ამიტომ ამ პროცესს დადებითად ვუყურებ. შეიძლება ამან კონსტიტუცია არ შეგვიცვალოს და მაინც ის გადაწყვეტილება მიიღოს საკონსტიტუციო კომისიამ, მაგრამ მაინც მოუწევს საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება“, უთხრა კოტე ჩოკორაიამ რადიო თავისუფლებას.

ექსპერტების, ოპოზიციური პარტიებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ამგვარი პოზიციის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ, პრეზიდენტის მიერ შეთავაზებელი დღის წესრიგისგან განსხვავებით, სახელმწიფო კომისიის დღის წესრიგი რაციონალური და ლოგიკურია. მისი თქმით, დოკუმენტი ჯერ უნდა მომზადდეს კომისიის ფორმატში, კერძოდ, 73-მა ადამიანმა, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაშია, შეიმუშაოს კონსტიტუციის პროექტი და ამის შემდეგ უნდა დაიწყოს საყოველთაო-სახალხო განხილვა.

„ამას ითხოვს საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა. ასეთია ელემენტარული ლოგიკური მოთხოვნა, რომელიც გათვალისწინებულია კანონმდებლობით“, - მიაჩნია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG