Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გლეხებს თხილის მოგროვება და რეალიზება ნაადრევად უწევთ


სამეგრელოში თხილის მოსავალს აქტიურად აგვისტოს შუა რიცხვებიდან იღებენ, თუმცა გლეხების ნაწილი ზოგჯერ პროცესს ნაადრევად იწყებს. მიზეზი ერთადერთია: მარცვლის რეალიზება უნდათ თანხის ასაღებად. გლეხები ამბობენ, რომ ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს თვემდე თხილი ბუნებრივად ჩამოცვენას არ იწყებს და ძირითადად მისი დაკრეფა უწევთ. ამ პერიოდში არც თხილის ფასია სასურველი და ყოველდღიური ცვალებადობა ახასიათებს. თუ კილოგრამი თხილის ფასი 10 დღის წინ 6 ლარს აღწევდა, ახლა ის 3-2 ლარით ნაკლებია. თხილის მიმღები პუნქტის თანამშრომლის ნაზი ჯანაშიას განცხადებით, წლებია ამ საქმით არის დაკავებული და ხვდება, რომ წინასწარ თხილის ფასის განსაზღვრა, ფაქტობრივად, შეუძლებელია, მით უფრო აგვისტოს დასაწყისში. მისი თქმით, შარშანდლისგან განსხვავებით, წელს მარცვლის ხარისხი ბევრად დაბალია, რამაც შესაძლოა გავლენა ფასზეც იქონიოს:

„საერთოდ ყოველთვის მერყეობდა თხილის ფასი და ახლაც ასეა. რეალური ფასი თხილის არ არსებობს. მომატებას ელოდებიან, მაგრამ არ ვიცი, როგორ იქნება. წელს ძალიან უხარისხო თხილია“.

თხილის წლევანდელი მოსავლის დაბალი ხარისხის მიზეზად გლეხები ცუდ ამინდებს ასახელებენ. ზუგდიდის სოფელ კახათში მცხოვრებ კახა ჭკადუას თქმით, ის ერთ-ერთია იმ გლეხებს შორის, ვისაც თხილის გაყიდვა მოუხდა, მიუხედავად დაბალი ფასისა:

„გუშინ მოვკრიფე და დღეს ჩავაბარე, იმიტომ რომ აუცილებლად მჭირდებოდა. ახლა დენის ფულიო, ისო-ესო. ყველაფერი გაგვიორმაგდა და ვფიქრობთ ამაზე და რა ვუყოთ? დღევანდელი გაჭირვება ხომ უნდა მოვიშოროთ, შემდეგ ხვალ და ზეგ არაფერი არ შეგვრჩება. ჩვენ ვართ სულსწრაფები, თორემ, რეალურად, თხილის მოგროვება თხუთმეტი აგვისტოს შემდეგ იწყება. ჩვენ დავიწყეთ თხუთმეტი ივლისიდან. მაშინ სამმანეთიანი ჩამბარებლები მოვიდნენ, ისინიც სარგებლობენ. რა გვექნა, ჩვენც გავყიდეთ. ჰოდა, მაგათ აიღეს“.

ანალოგიურ პრობლემაზე საუბრობს სოფელ ინგირში მცხოვრები ნატო ბერაია. მანაც თხილის ნაწილი მისი მომწიფებისთანავე გაყიდა:

„როცა დამჭირდება, იმის მიხედვით ვაგროვებ და ვყიდი. რა ვქნა, დღესაც რაღაც-რაღაცები მჭირდებოდა და წამოვიღე“.

ქარისა და ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულმა მოსახლეობამ ზიანის ანაზღაურება ადგილობრივი ხელისუფლებისგან არაერთხელ ითხოვა, თუმცა მათ, საპასუხოდ, ზუგდიდის გამგეობაში განმარტეს, რომ მსგავსი დაპირება მთავრობას არასდროს გაუცია და ზარალს აუნაზღაურებენ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვისაც თხილი დაზღვეული ჰქონდა:

„იყო გარკვეული რაოდენობა მოსახლეობის, რომელსაც დაზღვეული ჰქონდა თხილი და სადაზღვევო კომპანია მუშაობს, რომ აანაზღაუროს მიყენებული ზარალი. ჩვენგან რაღაც ისეთი დაპირება, რომ ზარალს აუცილებლად აგინაზღაურებთ, არ ყოფილა. ამ ყველაფერს დაემატა თბილისში 13 ივნისს მომხდარი ტრაგედია და მორალურადაც არ იყო გამართლებული, რომ ჩვენ გადაგვეგზავნა მონაცემები... თვითონ მოსახლეობა მოდიოდა და გვთხოვდა, რაც თბილისში მოხდა, მას შემდეგ თქვენგან არ გვინდა დახმარების გაწევა და დაეხმარეთ თბილისსო“, - ასე უპასუხა ზუგდიდის გამგებლის მოადგილე გურგენ სართანიამ გასულ თვეში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებიც თხილის ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ.

როგორც სამეგრელოს დანარჩენი მუნიციპალიტეტების გამგეობებში აცხადებენ, კერძო კომპანიებმა უკვე დაასრულეს ზარალის გამოთვლა და რიგ სოფლებში მისი ანაზღაურება დაწყებულია, ნაწილში კი ეს პროცესი სექტემბერში უნდა დაიწყოს. შეგახსენებთ, რომ ძლიერმა ქარმა 8-9 ივნისს რეგიონის თითქმის ყველა სოფელში თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG