Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სამეგრელოს ტელევიზიები ციფრული მაუწყებლობის ჩართვის მოლოდინში არიან


ზუგდიდი
ზუგდიდი

პირველ ივლისს დაწყებული პროცესი საქართველოს მასშტაბით ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალის ეტაპობრივი გათიშვისა გრძელდება. გეგმის მიხედვით, ის 25 აგვისტოს უნდა დასრულდეს. ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ცნობით, ანალოგური სიგნალი სამეგრელოში 6 აგვისტოს, 10:00 საათზე, გაითიშება. ამ თარიღამდე მოსახლეობას საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა ტექნიკის მაღაზიებში შეეძინა. მიუხედავად ამისა, ზუგდიდელების ნაწილი ამ პროცესს მოუმზადებელი ხვდება:

„ხომ იცით, ახლა როგორი უმუშევრობის პერიოდია და რაც ხდება. მე ჩემმა ძმამ შემიძინა აპარატი, თორემ მე ვერ შევძლებდი. ასეა ოთხმოცი პროცენტი ჩვენთან და სხვაგან არ ვიცი“, - ამბობს ზუგდიდელი ნარგიზა ჯაბუა. მისგან განსხვავებით, ტელემაუწყებლობის სფეროში მიმდინარე ცვლილებები არ შეხებია ასევე ზუგდიდელ ონისე ჯგერენაიას. მას სახლში სატელიტური ანტენები აქვს:

„მე მაქვს ინტერნეტი შემოყვანილი და მაგაზეა ტელევიზიაც. ამიტომ მე ეს არ მეხება. ისე, ხალხი ვიცი, რომ ძალიან ცუდ დღეშია. ზოგს აწყობს ეს და ზოგს არა. ფინანსებთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული“.

„მე პირადად „მაქთისატით“ ვსარგებლობ ორი წელია და ამიტომ არ მეხება. როგორც ასეთი, ვიცი, რომ მოსახლეობას უჭირს ძალიან“, - გვითხრა ნანული შელიამ.

„მე პირადად აპარატი ჯერ არ შემიძენია და ვერც შევიძენ. აგერ, სასტუმრო „ოდიშის“ შენობაში ვცხოვრობ, დევნილი ვარ. სოციალური დახმარება მე არ მეკუთვნის, ვარ მხოლოდ პენსიაზე და არ ვიცი, შეიძლება კიდევ ცოტა ხანს ვერ ვიყიდო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბესო უბილავამ.

მოქალაქეებთან ერთად დამატებითი ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა და, შესაბამისად, დამატებითი ფინანსების დახარჯვა მოუწია რეგიონალურ ტელევიზიებსაც. ზუგდიდში მოქმედ ერთადერთ ტელეკომპანიაში, „ოდიშში“, აცხადებენ, რომ თავდაპირველად იყო გარკვეული ფინანსური პრობლემები, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ტელევიზიისთვის აბსოლუტურად მომზადებული შეხვედროდა ციფრული მაუწყებლობის ჩართვის პროცესს:

„ჩვენ ცოტა ადრე ჩავრთეთ ციფრული სიგნალი - დაახლოებით, ერთი თვეა, ალბათ. ერთადერთი პრობლემა იყო ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები...სესხები, გაფორმებები და ასეთი რაღაცები, ანუ ფინანსური მხარე იყო პრობლემა, ტექნიკური არა. კონსულტაციები, ყველაფერი თავის დონეზე იყო პარტნიორებთან. ჩვენ ვართ „გარბის“ წევრები, ანუ რეგიონული გაერთიანების, და ერთმანეთს ვეხმარებით“, - განუცხადა რადიო თვისუფლებას ტელერადიოკომპანია „ოდიშის“ ტექნიკურმა დირექტორმა გოჩა მინჯორაიამ.

„ოდიშისგან“ განსხვავებით, ტექნიკისთვის საჭირო ფინანსებზე ფიქრი არ დასჭირვებია წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების ტელევიზიებს. საინფორმაციო ცენტრების -წალენჯიხის „ჯიხასა“ და ჩხოროწყუს „კოლხეთი 89-ის“ - ტექნიკურ აღჭურვაზე მისმა მფლობელმა, მედიაცენტრმა „ღია აფხაზეთისთვის“, იზრუნა. აღნიშნული ტელეკომპანიების სამაუწყებლო ლიცენზიები მან 2011 წელს იყიდა და მას შემდეგ მსგავს საკითხებზე ზრუნვაც თავად უწევს. საინფორმაციო ცენტრ „ჯიხას“ დირექტორის კახა კვარაცხელიას განცხადებით, ციფრულ მაუწყებლობაზე „ჯიხა“, ისევე როგორც „კოლხეთი 89“, სექტემბერში გადავა:

„ჩვენ ახლა ვუკვეთავთ გადამცემს და უცხოეთიდან უნდა ჩამოვიდეს. ეს პროცესი, ალბათ, ერთი თვე გაგვეწელება. კანონმდებლობით, 1 მარტამდე გვაქვს დრო. იგივე მდგომარეობაა ჩხოროწყუშიც. როგორც კი აპარატურა ჩამოვა, ჩვენ დავიწყებთ მაუწყებლობას“.

კახა კვარაცხელიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ციფრული მაუწყებლობის მისაღებად საჭირო აპარატი - „სეტ-ტოპ-ბოქსები“ - უფასოდ დარიგდა, პრობლემა ამით ვერ მოგვარდა. მისი სიტყვებით, საჭირო აპარატურის ყიდვას ვერ ახერხებს მოსახლეობის დარჩენილი ნაწილიც. ტელევიზიის წარმომადგენლის განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად უყურებს რეგიონის ტელევიზიას, მას შემდეგ კი, როცა ის გადავა ციფრულ მაუწყებლობაზე, იძულებული იქნება რაიმე ზომებს მიმართოს და ტექნიკურად აღიჭურვოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG