Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამიტი საპროტესტო აქციების ფონზე


ძალადობრივი აქციის შედეგი ჰამბურგში
ძალადობრივი აქციის შედეგი ჰამბურგში

სამი დღე, 476 დაშავებული პოლიციელი, 186 დაპატიმრებული და 225 დაკავებული დემონსტრანტი, ათობით დალეწილი ვიტრინა და დამწვარი ავტომანქანა, ჩამტვრეული შუშები და დაზიანებული შენობები – ასეთია ჰამბურგში, გასული კვირის მიწურულს ჩატარებული „დიდი ოცეულის“ სამიტის არცთუ სასიხარულო სტატისტიკა. სულ სამიტის მიმდინარეობისას ჩრდილოეთ გერმანიის ამ ქალაქის ქუჩებში მობილიზებული იყო 20 ათასამდე პოლიციელი.

სამიტი საპროტესტო აქციების ფონზე
please wait

No media source currently available

0:00 0:04:31 0:00
გადმოწერა

„დიდი ოცეულის“ მე-12 სამიტში, რომელსაც 7 და 8 ივლისს უმასპინძლა ჰამბურგმა, მონაწილეობა მიიღეს არა მარტო სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა, არამედ არაერთი დიდი საერთაშორისო ორგანიზაციის მესვეურებმაც. ფორუმის პროგრამით გათვალისწინებული შეხვედრების პარალელურად, ჰამბურგის ქუჩებში იმართებოდა გლობალიზაციისა თუ კაპიტალიზმის მოწინააღმდეგეების, ბუნების დამცველებისა თუ სახელმწიფოებს შორის საზღვრების მოშლის მომხრეების აქციები, რომელთაგან რამდენიმემ ძალადობრივი ხასიათი შეიძინა. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო სამართალდამცველთა აქტიური ჩარევა. თუმცა, პოლიციელთა მისამართით სამიტის დღეებში ხშირად გაისმოდა კრიტიკა. ბევრის აზრით, სამართალდამცველთა მოქმედება ზოგჯერ აშკარად იმსახურებდა „ძალის გადამეტების“ კვალიფიკაციას.

განსაკუთრებით მახარებს, რომ დიდი ოცეულის სხვა წევრების აზრით, პარიზის შეთანხმება შეუქცევადია, რომ ჩვენ ვუერთგულებთ იმას, რაზეც მოვილაპარაკეთ და ვეცდებით, ეს ყველაფერი შეძლებისდაგვარად მალე განვახორციელოთ...
ანგელა მერკელი

არაერთი კრიტიკული სიტყვა ითქვა სამიტის მასპინძლად ჰამბურგის შერჩევის გამოც. წარსულში ამგვარი შეხვედრების სარბიელად არაერთხელ შეურჩევიათ დიდი ქალაქებიდან მოშორებით მდებარე ადგილები (მაგალითად სადღაც, შუა მინდორში ან რომელიმე მთის წვერზე აშენებული სასახლე), რაც ერთი მხრივ, საგრძნობლად ურთულებდა საქმეს საპროტესტო აქციების მონაწილეებს, ხოლო, მეორე მნიშვნელოვნად უიოლებდა ამოცანას სამართალდამცველებს.

თუმცა კრიტიკის მთავარი ადრესატი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, თავგამოდებით იცავდა თავის არჩევანს და მას, ძირთადად, ლოგისტიკური მოსაზრებებით ასაბუთებდა: მერკელს ლამის ყოველდღე უხდებოდა იმის გამეორება, რომ ასეთი მსხვილმასშტაბიანი ფორუმის ჩასატარებლად აუცილებელია განვითარებული ინფრასტრუქტურა, დაწყებული სასტუმროების რაოდენობით, დამთავრებული თანამედროვე სატრანსპორტო ქსელით.

მერკელს, რომლის არცთუ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისადმი, საყოველთაოდ არის ცნობილი, ზოგი იმასაც კი აბრალებდა, დიდი ქალაქი იმიტომ შეარჩია, საპროტესტო დემონსტრაციების ხმა ტრამპის ყურამდეც რომ მისულიყოო.

აქცია „ქალები ტრამპის წინააღმდეგ“
აქცია „ქალები ტრამპის წინააღმდეგ“

დემონსტრაციების ნაწილი მართლაც იყო მიმართული აშშ-ისა და მისი ამჟამინდელი პრეზიდენტის წინააღმდეგ. ერთ-ერთი ასეთი აქცია, სახელწოდებით „ქალები ტრამპის წინააღმდეგ“, პროტესტს გამოთქვამდა, როგორც თავად დემონსტრანტები ამბობდნენ, ქალებისადმი ტრამპის „მტრული პოლიტიკის“ გამო.

„დიდი ოცეულის“ სამიტზე განხილულ საკითხთა შორის იყო საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა, ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა კიბერუსაფრთხოების სფეროში, ბიზნესის სექტორში ქალთა როლის ამაღლება და, რა თქმა უნდა, გარემოს დაცვა, კერძოდ პარიზის კლიმატის შეთანხმების განხორციელების გზები.

სამიტის მონაწილეებს არ დაუმალავთ თავიანთი გაწბილება პარიზის შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის გამო. აი, რა თქვა, მაგალითად ანგელა მერკელმა: „თქვენთვის ცნობილია ამერიკელების პოზიცია. თქვენთვის ცნობილია, და მე ამას ვგმობ, რომ შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა კლიმატის შეთანხმების დატოვების განზრახვა. შესაბამისად, ამ დეკლარაციაში გამოიკვეთა შეერთებული შტატების განსხვავებული პოზიცია. მაგრამ მე განსაკუთრებით მახარებს, რომ დიდი ოცეულის სხვა წევრების აზრით, პარიზის შეთანხმება შეუქცევადია, რომ ჩვენ ვუერთგულებთ იმას, რაზეც მოვილაპარაკეთ და ვეცდებით, ეს ყველაფერი შეძლებისდაგვარად მალე განვახორციელოთ.“

შევთანხმდით, რომ ნორმანდიის ფორმატით ძალიან ნელა მივიწევთ წინ. ერთ ადგილს ვტკეპნით, ზოგჯერ უკანაც კი ვიხევთ. ჩვენ ეს ვაღიარეთ. მოვილაპარაკეთ, რომ დავნიშნავთ დროს, რათა ოთხივემ ტელეფონით შევძლოთ ერთმანეთთან გასაუბრება...
ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერს მხარი აუბა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელმაც მიმდინარე წლის დეკემბრისთვის უმაღლესი დონის ახალი შეხვედრის მოწვევის ამბავი ამცნო საზოგადოებას: „მინდა, გამოვაცხადო რომ 12 დეკემბრისთვის, ანუ პარიზის შეთანხმების ძალაში შესვლიდან მეორე წლისთავზე, მოვიწვევ სამიტს, რათა ვიმსჯელოთ სამომავლო მოქმედებაზე, განსაკუთრებით – დაფინანსების სფეროში.“

სამიტის ფარგლებში და მის კულუარებში გაიმართა სახელმწიფოების მეთაურთა ორმხრივი თუ სამმხრივი შეხვედრებიც. ერთ-ერთ მათგანზე (რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერთა შეხვედრაზე), სხვათა შორის, განიხილეს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის საკითხები.

„შევთანხმდით, რომ ნორმანდიის ფორმატით ძალიან ნელა მივიწევთ წინ. ერთ ადგილს ვტკეპნით, ზოგჯერ უკანაც კი ვიხევთ. ჩვენ ეს ვაღიარეთ. მოვილაპარაკეთ, რომ დავნიშნავთ დროს, რათა ოთხივემ ტელეფონით შევძლოთ ერთმანეთთან გასაუბრება. მოკლედ, კონტაქტს არ ვწყვეტთ“, უთხრა ჟურნალისტებს ანგელა მერკელმა.

„დიდი ოცეულის“ სამიტის მსვლელობაში შედგა, აგრეთვე, პრეზიდენტების რანგში რუსეთისა და აშშ-ის ლიდერთა პირველი შეხვედრა. თუმცა, ეს ცალკე საუბრის თემაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG