„ზეწოლას არ დავემორჩილებით“ - საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში და უკრაინის ეკლესიის საკითხი

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის შეხვედრა რუსეთის პატრიარქთან, 2026 წლის 21 ნოემბერი
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის შეხვედრა რუსეთის პატრიარქთან, 2026 წლის 21 ნოემბერი

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია 21 ნოემბერს მოსკოვში შეხვდა რუსეთის პატრიარქ კირილეს, რომელსაც წინა დღეს 80 წელი შეუსრულდა.

მოსკოვის საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრაზე ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) განაცხადა, რომ საქართველოს ეკლესიისთვის მიუღებელია მათი აღიარება, ვისაც სამღვდელო ხელდასხმა არ მიუღია.

რა თქვა მეუფე თეოდორემ

„თქვენ იცით, რომ ჩვენ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, ყოველთვის ვიცავდით და მომავალშიც დავიცავთ კანონიკურ სამართალს. ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ისეთი ვინმეს აღიარება, ვისაც სამღვდელო ხელდასხმა არ აქვს მიღებული, და არანაირ ზეწოლას არ დავემორჩილებით“, - თქვა მიტროპოლიტმა თეოდორემ, მოსკოვის საპატრიარქოს ცნობით.

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და მოსკოვის პატრიარქი კირილე
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და მოსკოვის პატრიარქი კირილე

მოსკოვის საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ ციტატაში მეუფე თეოდორე უკრაინის ეკლესიას არ ახსენებს.

რადიო თავისუფლება განმარტებისთვის დაუკავშირდა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს. ჯაღმაიძის თქმით, ის ესაუბრა დელეგაციის წევრებს, რომლებმაც უთხრეს, რომ ამ შემთხვევაში უკრაინის ეკლესიაზე საუბარი არ ყოფილა.

„კატასტროფული ნეიტრალიტეტის კიდევ ერთი და უხეში დარღვევა“

„აბსოლუტურად ცხადია, რომ საუბარია უკრაინაზე“, - დაწერა სოციალურ ქსელში „ტაბულას“ მთავარმა რედაქტორმა ლევან სუთიძემ.

„ეს არის არსებულ საეკლესიო დავაში ისედაც კატასტროფული ნეიტრალიტეტის კიდევ ერთი და უხეში დარღვევა რუსეთის სასარგებლოდ. სამარცხვინო და კატასტროფული“, - წერს სუთიძე.

ჟურნალისტის თქმით, მიტროპოლიტ თეოდორეს შეეძლო მოსკოვში პატრიარქ კირილესთვის იუბილეს მისალოცად ჩასულიყო და „არა სინოდის მიერ ჯერარმიღებული გადაწყვეტილებების გამოსათქმელად“. მისი შეფასებით, მღვდელმთავრებს შეუძლიათ, სინოდის სხდომაზე პასუხი მოსთხოვონ როგორც მიტროპოლიტ თეოდორეს, ისე მათ, ვინც მისი გამოსვლის ტექსტს წინასწარ გაეცნო.

„როგორ ბედავს საქართველოს ეკლესიის დელეგაცია, უმაღლესი ორგანოს გადაწყვეტილების გარეშე გასცეს რაღაც დაპირებები?“ - წერს სუთიძე.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია და საქართველოს ეკლესიის პოზიცია

2019 წლის 6 იანვარს კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანეს, გადასცა ავტოკეფალიის დამადასტურებელი სიგელი - ტომოსი. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ამ დრომდე არ უღიარებია.

ილია II-ის პატრიარქობის დროს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი უკრაინაში შექმნილ საეკლესიო ვითარებას 2018 წლის სხდომებზე შეეხო. ივნისში სინოდის წევრები გაეცნენ კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოებიდან, ასევე მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის ეკლესიიდან მიღებულ წერილებს. დეკემბერში მღვდელმთავრებმა საკუთარი პოზიციები გამოთქვეს. სინოდმა დაადგინა, რომ საკითხზე მსჯელობას გააგრძელებდა.

2023 წლის 14 თებერვალს, სინოდის სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტებმა ანდრია ჯაღმაიძეს ჰკითხეს, განიხილავდნენ თუ არა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას. ჯაღმაიძემ უპასუხა, რომ „საკითხი არ არის მზად“. იმ დღეს სინოდმა უკრაინაში მიმდინარე ომზე იმსჯელა, ავტოკეფალიის აღიარების საკითხი კი დღის წესრიგში არ შეუტანია.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების მოწინააღმდეგეთა ნაწილი რუსეთის ეკლესიის შესაძლო საპასუხო ნაბიჯებზე მიუთითებს. მათი არგუმენტია, რომ მოსკოვის საპატრიარქომ შესაძლოა შეცვალოს პოზიცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

რუსეთის ეკლესია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად აღიარებს, თუმცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სრული ტიტულით არ მოიხსენიებს. ილია II-ისა და შიო III-ისადმი მიმართვებში ტიტულის ნაწილი - „ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი“ - გამოტოვებულია.

კიდევ რაზე ისაუბრეს მოსკოვში

შეხვედრა მოსკოვის დანიელის მონასტერში მდებარე საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა. მიტროპოლიტმა თეოდორემ კირილეს 80 წლის იუბილე მიულოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის სახელით.

მოსკოვის საპატრიარქოს ცნობით, კირილემ თქვა, რომ აფასებს საქართველოს ეკლესიის პოზიციას იმ საკითხებზე, რომლებიც დღეს მართლმადიდებელ სამყაროს ყოფს.

მისი თქმით, საქართველოს ეკლესია „კანონიკური სიმართლის მხარეს დგას“.

კირილემ ისაუბრა სტუდენტურ გაცვლაზეც და აღნიშნა, რომ რუსეთში ღვთისმეტყველების შესასწავლად საქართველოდანაც ჩადიან. შეხვედრის მონაწილეებმა კმაყოფილება გამოთქვეს, რომ თბილისში რუსულენოვან მორწმუნეებს, მოსკოვში კი ქართული თემის წევრებს სასულიერო პირებთან მშობლიურ ენაზე ურთიერთობა შეუძლიათ.

შეხვედრის ბოლოს კირილემ ქართულ დელეგაციას შიო III-ისთვის ჯვარი და ორი პანაღია გადასცა. დელეგაციის წევრებმა რუსეთის პატრიარქს პანაღია და საეკლესიო დღესასწაულების ხატი აჩუქეს.

რას წერს საქართველოს საპატრიარქო ვიზიტზე

საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, დელეგაცია მოსკოვში 19 ნოემბერს გაემგზავრა. 20 ნოემბერს, პატრიარქ კირილეს დაბადების დღეს, მისმა წევრებმა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებთან ერთად მოსკოვის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიაში მიიღეს მონაწილეობა.

21 ნოემბერს დელეგაციის წევრებმა დონის მონასტერში იქ დაკრძალული ქართველი მეფეების, დედოფლებისა და უფლისწულების მოსახსენებელი წირვა აღავლინეს.

იმავე დღეს მღვდელმთავრებმა მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში ფონიჭალის ტრაგედიის დროს დაღუპულთა მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. საღამოს დელეგაცია პატრიარქ კირილეს შეხვდა.

დელეგაციაში შედიოდნენ:

  • კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე),
  • საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე),
  • გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა),
  • ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი),
  • პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

რუსეთის პატრიარქი

კირილე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას 2009 წლიდან ხელმძღვანელობს. ის ღიად უჭერს მხარს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიან ომს. ამის გამო მას სანქციები დაუწესეს, მათ შორის, უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ლიეტუვამ და ჩეხეთმა.

2022 წლის 25 სექტემბერს, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში, კირილემ ქადაგებისას სამხედრო მოვალეობის შესრულების დროს დაღუპვაზე თქვა: „გვწამს, რომ ეს მსხვერპლი ჩამორეცხავს ყველა ცოდვას, რომლებიც ადამიანმა ჩაიდინა“.

20 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კირილეს კრემლში პირადად მიულოცა 80 წლის იუბილე და ურალელი ოსტატების მიერ დამზადებული ხატი აჩუქა.

  • 16x9 Image

    სანდრო ჯუფალაკიანი

    მუშაობს კონფლიქტებისა და ეკონომიკის თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2020 წლიდან.

​
XS
SM
MD
LG