Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქცია უზენაესი სასამართლოს წინ


საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან დილიდან მიმდინარეობს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის მხარდამჭერი აქცია, რომელშიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობენ. აქციის მსვლელობის პარალელურად, უზენაესი სასამართლოს ცხრა მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს „რუსთავი ორის“ საკუთრების საკითხს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია დაუბრუნდა კომპანიის ყოფილ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს, თუმცა „რუსთავი ორის“ ამჟამინდელმა მფლობელებმა, ძმებმა ყარამანიშვილებმა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ სააპელაციო, ხოლო შემდეგ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.

საპროტესტო აქცია უზენაესი სასამართლოს წინ
please wait

No media source currently available

0:00 0:06:14 0:00
გადმოწერა

უზენაესი სასამართლოს წინ გამართული საპროტესტო აქცია გახსნა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ, თუმცა გამოსვლისას მან საგანგებოდ გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ აქცია აპოლიტიკურია და რომ მასში მონაწილე ადამიანები გააერთიანა დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების დაცვისათვის ბრძოლამ, რაზეც დამოკიდებულია ასევე ქვეყნის კეთილდღეობა და მომავალი.

გიორგი ბარამიძე
გიორგი ბარამიძე

„აი, ამ ყველაფერს ვიცავთ დღეს და თითოეული მოქალაქე, რომელიც აქ მოვა, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იქნება, ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც მობრძანდება აქ და გამოუცხადებს სოლიდარობას „რუსთავი ორს“ და მოუწოდებს ამ მოსამართლეებს მიიღონ ერთადერთი სწორი და კანონიერი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იცავს ქვეყნისა და თავის თავისუფლებას“, უთხრა გიორგი ბარამიძემ რადიო თავისუფლებას.

აქცია "რუსთავი 2-ის" მხარდასაჭერად
please wait

No media source currently available

0:00 0:01:33 0:00

აქციის მონაწილეთა თქმით, „რუსთავი ორის“ გარდა, ისინი იცავენ ასევე სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე ამბობს, რომ დღეს ისევეა დასაცავი სასამართლო და სიტყვის თავისუფლება, როგორც დასაცავი იყო წინა ხელისუფლების დროს:

„თუ შეიზღუდა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი კრიტიკული აზრი, მაშინ, რა თქმა უნდა, დარჩება მხოლოდ ერთი აზრი, მხოლოდ ერთი პარტია, ისე ერთი ტელევიზია და გვექნება საბჭოთა კავშირი, რომლიდანაც ამდენი წელია ვცდილობთ თავის დაღწევას, ამიტომ დღეს ვიცავთ სიტყვის თავისუფლებას, როგორც დემოკრატიის მთავარ ღირებულებას, ვიცავთ დამოუკიდებელ სასამართლოს, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტს, და ვიცავთ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას“.

პოლიტიკოსების გარდა, უზენაესი სასამართლოს წინ გამართულ აქციაზე იმყოფებოდნენ ასევე საზოგადოების სხვა წრეების წარმომადგენლები. ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაურს არ სჯერა, რომ „რუსთავი ორის“ გარშემო მიმდინარე სასამართლო დავას საფუძვლად უდევს საკუთრების საკითხი.

„არ მჯერა, რომ რეალურად საკუთრებაზე დავობენ, ეს არის მხოლოდ ფასადი. სინამდვილეში ადგილი აქვს ტელევიზიის ხელში ჩაგდების მცდელობას. ტელევიზიის ხელში ჩაგდებას ცდილობს რაღაც გარკვეული ძალა, ამით კი დამყარდება ბევრად უფრო დიდი უსამართლობა, ვიდრე იყო თუნდაც გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც პირველად მოხდა „რუსთავი ორის“ მაუწყებლობის შეჩერება, როდესაც იმ აქციაზე ვიდექით ყველა ერთად და მხარს ვუჭერდით მის მომავალს. დღესაც ვფიქრობ, რომ ეს არის მომავლის მხარდაჭერა“, უთხრა ლელა ოჩიაურმა რადიო თავისუფლებას.

რადიო თავისუფლება აქციის სხვა მონაწილეებსაც გაესაუბრა:

„ვიცავთ სიტყვის თავისუფლებას ივანიშვილისგან. ეს ტელევიზია არის ხალხის და არა ვინმესი. „რუსთავი ორით“ ვცოცხლობთ ჩვენ, შვილო. უფრო მეტ სიმართლეს ლაპარაკობს. არ უნდა შეიცვალოს მესაკუთრე. უნდა დავიცვათ, უნდა ვიბრძოლოთ თავისუფალი სიტყვის დასაცავად“, უთხრა რადიო თავისუფლებას მადონა კიკალიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს შენობასთან გამართულ აქციაზე იყო მისული „რუსთავი ორის“ გენერალური დირექტორის მოადგილე და 9-საათიანი კურიერის წამყვანი ზაალ უდუმაშვილიც:

„ჩვენ არ ვაპირებთ შეგუებას არანაირ უკანონო გადაწყვეტილებასთან. ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას. არ დავთმობთ, მაგრამ წინასწარ ვერ ვიტყვი, რას ვაპირებთ, მაგრამ გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს, რათა დავიცვათ ‘რუსთავი ორი’“.

გაცილებით მწვავე და რადიკალური გამოსვლა ჰქონდა ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომლის თქმითაც, უზენაესი სასამართლოს შენობაში წყდება საქართველოს ბედი:

„უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლე დღეს ან ხვალ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც ან ხელს მოაწერს კანონიერებას, სამართლიანობას და, მასთან ერთად, სიტყვის თავისუფლებას, საკუთრების უფლების დაცვას და ამ ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს და შეიტანას საკუთარ თავსაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ოქროს ასოებით, ან მიიღებს უკანონო, უსამართლო, საკუთრების უფლებისა და სიტყვის თავისუფლების შემლახავ გადაწყვეტილებას. ბიძინა ივანიშვილები, რამდენი ფულიც უნდა ჰქონდეთ, მათ მიერ მოთხრილი ხეებივით მიდიან და მოდიან, საქართველო კი რჩება. შესაძლოა, ხე მოთხარო და გადარგო შენს ბაღში, მაგრამ ქვეყანას ვერ მოთხრი და ვერსად ვერ გადარგავ“.

ნიკა გვარამიასა და აქციის სხვა მონაწილეების პასუხად, ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ არც ბიძინა ივანიშვილი და არც ხელისუფლება არ ერევა კერძო პირების დავაში. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ბესელია, მიიჩნევს, რომ „რუსთავის ორის“ სასამართლო დავას არაფერი აქვს საერთო სიტყვის თავისუფლებასთან:

„ასეთი ლოზუნგი, რომ ეს არის ბრძოლა სიტყვის თავისუფლების დასაცავად, ვფიქრობ, რომ არის მოვლენების დრამატიზების მცდელობა და ვითარების არასწორად წარმოჩენა. თუ პოლიტიკურ დევნას აღიარებენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, იმ დევნის შედეგი იყო ტელევიზიასთან დაკავშირებული ძალადობრივი ფაქტები, რასაც ჰქონდა ადგილი, და ამაზე 2007 წლიდან კეთდებოდა განცხადებები. სხვა საკითხია, სასამართლო ამ ყველაფერს სამართლებრივ ჭრილში რა მტკიცებულებებით და როგორ შეაფასებს“.

სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას ელოდებიან აქციის მინაწილენი, რომლებიც რჩებიან ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე, უზენაესი სასამართლოს შენობის წინ.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG