Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”მაესტროს” ანტენები ჩიხშია?


ტელეკომპანია ”მაესტროს” ინფორმაციით, ჩიხში შევიდა მოლაპარაკებების პროცესი, რასაც სატელიტურ ანტენებზე ყადაღის მოხსნა და მათი დარიგება უნდა მოჰყოლოდა. ”მაესტროსთვის” მიუღებელია საკონტრაქტო პირობები, რაც ეროვნული უშიშროების საბჭოსთან მოქმედი უწყებათშორისი კომისიის ფარგლებში განიხილებოდა, თუმცა თავად კომისიას ”მაესტროს” პოზიცია აკვირვებს.

”ნებისმიერი თავმოყვარე ორგანიზაციისთვის მიუღებელი იქნებოდა ის, რაც მათ შემოგვთავაზეს”, - უთხრა 18 სექტემბერს რადიო თავისუფლებას ტელეკომპანია ”მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა ილია კიკაბიძემ, რომელიც საშინლად უკმაყოფილო დატოვა უწყებათშორისი კომისიის 17 სექტემბრის შეხვედრამ. მთავარ პრობლემად კიკაბიძე ასახელებს მიღებულ უარს იმაზე, რომ ”მაესტრომაც” აკონტროლოს, თუ როგორ დაუმონტაჟებს მის კუთვნილ სატელიტურ ანტენებს მოსახლეობას ”საქართველოს ფოსტა”.

”მხოლოდ ფოსტა დაარიგებსო, იმ ჯგუფშიო თქვენი წარმომადგენელი არ იქნებაო და პარალელურ პროცესს თქვენ ვერ დაიწყებთო, რადგან თქვენ შეიძლება დანაშაული ჩაიდინოთო... პროკურატურას ეჭვი რჩება. ჩვენთვის ეს არის მიუღებელი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ილია კიკაბიძემ. მის მიერ ნახსენები ეჭვი, რომელიც ამომრჩევლის მოსყიდვასთან იყო დაკავშირებული, პროკურატურამ ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში გამოთქვა, მიუხედავად იმისა, რომ, ”მაესტროს” მტკიცებით, სატელიტური ანტენების დარიგება მან საკმაოდ გრძელვადიანი ბიზნესპროექტის ფარგლებში წამოიწყო. ”მაესტროს” კუთვნილ 15 ათას ანტენასა და რესივერს ამ დრომდე ადევს ყადაღა და ტვირთი საბაჟოზეა შეჩერებული.
უწყებათშორისი კომისია არ არის სასამართლო, რომ შეაფასოს, თუ რამდენად არგუმენტირებულია რომელიმე მხარის მტკიცებულება, იქნება ეს პროკურატურა თუ „მაესტროს“ წარმომადგენლობა...
თამარ კინწურაშვილი

„მაესტროს“ კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღების ფაქტი მწვავედ გააპროტესტეს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა, რასაც ბოლო 2 თვის მანძილზე არაერთი საპროტესტო აქცია მოჰყვა. პრობლემის გადაჭრის ერთგვარი პერსპექტივა 10 სექტემბერს გამოჩნდა - უწყებათაშორისი კომისიისა და კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისთვის” შეხვედრის შემდეგ. იმ დღეს უწყებათშორისი კომისიის თავმჯდომარემ, უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ გაახმაურა წინადადება, რომლის მიხედვითაც, ყადაღა მოეხსნებოდა და ანტენებს, ”მაესტროს” სახელით, ”საქართველოს ფოსტა” დაარიგებდა. ასევე გამოითქვა აზრი, რომ ანტენები სოციალურად დაუცველ პირებს დაურიგდებოდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია ”მაესტრომ” მხარი დაუჭირა ამ წინადადებას და, როგორც ილია კიკაბიძე ამბობს, გარკვეულ პარამეტრებთან დაკავშირებით ტელეკომპანიამ კომპრომისზე წასვლის მზაობაც გამოხატა, ”საქართველოს ფოსტასთან” საკონტრაქტო პირობების შესათანხმებლად გამართულმა შეხვედრებმა ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. კიკაბიძე თვლის, რომ ხელისუფლება არ ღალატობს თავდაპირველად მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მოსახლეობას არ დაურიგდეს ”მაესტროს” სატელიტური ანტენები და ყველაფერი საერთაშორისო ორგანიზაციების ”თვალის ასახვევად” კეთდება.

”მაესტროს” გენერალური დირექტორის ასეთი პოზიცია გაუგებარია თამარ კინწურაშვილისთვის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილისთვის, რომელიც უწყებათშორისი კომისიის წევრიც არის. მისთვის მოულოდნელია, რომ 17 სექტემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა პროცესის ”ჩიხში შესვლაზე” ლაპარაკობს:

”ჩვენი შეხვედრა, რომელიც შეეხებოდა კონტრაქტის დეტალების განხილვას და საუბარი იყო, მაგალითად, ფასებზე და სხვა დეტალებზე, დასრულდა იმით, რომ ”მაესტროს” წარმომადგენლებმა ითხოვეს დამატებითი დრო პარტნიორებთან კონსულტაციისთვის. ეს არის ის, რასაც გუშინ დაესვა წერტილი იმ იმედით, რომ გაგრძელდებოდა მოლაპარაკებები.”

თამარ კინწურაშვილი
თამარ კინწურაშვილი
”უწყებათშორისი კომისია არ არის სასამართლო, რომ შეაფასოს, თუ რამდენად არგუმენტირებულია რომელიმე მხარის მტკიცებულება, იქნება ეს პროკურატურა თუ „მაესტროს“ წარმომადგენლობა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თამარ კინწურაშვილი. მისი თქმით, თუკი ”მაესტრო” კომისიის მიერ შეთავაზებული კომპრომისული ვარიანტით არ ისარგებლებს, გამოვა, რომ მას არ სურს გაზარდოს ხელმისაწვდომობა თავის მაუწყებლობაზე.

თამარ კინწურაშვილი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება და ამის იმედი აქვს ასევე მოლაპარაკებათა პროცესის თავდაპირველ ინიციატორს - არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციას ”მედიის ადვოკატირებისთვის”. მაგალითად, როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა ნათია კაპანაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, კოალიციას, სამოქალაქო მოძრაობა ”ეს შენ გეხებასთან” ერთად, შეუძლია, რომ მონიტორინგი აწარმოოს სატელიტური ანტენების დამონტაჟების პროცესზე.

თუმცა ამ ეტაპზე პროცესს ჩაშლილად მიიჩნევს ”მაესტროს” გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე. მისი თქმით, ტელეკომპანია უწყებათშორისი კომისიის ფარგლებში განხილულ საკონტრაქტო პირობებს ინგლისურად თარგმნის და მტყუან-მართლის განსჯას საერთაშორისო ორგანიზაციებს მიანდობს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG