Accessibility links

ადრიან კარატნიცკი: სააკაშვილის დაღმასვლა სპირალურია


ადრიან კარატნიცკი, კვლევითი ცენტრ „ატლანტიკ ქაუნსილის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებისათვის მიუღებელი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მომავალი მისი დეპორტაციის შემდეგ კიდევ უფრო ბუნდოვანი ჩანს. ასეთი აზრი აქვს გატარებული სტატიაში "სააკაშვილის აღზევება და დაცემა" ადრიან კარატნიცკის, ვაშინგტონში განთავსებული კვლევითი ცენტრის, „ატლანტიკ ქაუნსილის“, უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, რომელიც ვაშინგტონიდან პასუხობს ჩვენს შეკითხვებს.

ადრიან კარატნიცკი: პირველ ყოვლისა, ჩემი აზრით, ეს არის მისი, როგორც პოლიტიკოსის, სპირალური დაღმასვლა, რადგან პოლიტიკური მოღვაწეობა გულისხმობს პოლიტიკის შემუშავებას, ექსპერტების გაერთიანებას კოალიციად, რომელმაც ქვეყნის განვითარების ხედვაზე უნდა იმუშაოს. ახლა კი როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში ადგილი აქვს სააკაშვილის მზარდ იზოლაციას ინტელექტუალთა და ლიბერალთა წრეებისგან, რომლებიც მას ასეთი შედეგის თაობაზე აფრთხილებდნენ. მიუხედავად ამისა, ის სულ უფრო და უფრო სწრაფად განაგრძობდა სვლას პოპულიზმის, რადიკალიზმისა და რევოლუციური რიტორიკისგზით. ასეთი გამომწვევი რიტორიკით, ძალიან თავხედური და გაუმართლებელი პრეტენზიებით პოლიტიკური გავლენის შენარჩუნება აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოვიდა მის მხარდამჭერებთან ორივეგან - როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში.

სააკაშვილი ცხოვრობდა აპარტამენტში, რომლის დაქირავებაც თვეში ღირდა ექვსი ათასი დოლარი; მას ჰქონდა ურიცხვი თანხა საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაციისათვის, მომხრეთა მობილიზებისა და ქვეყნის მთელი მასშტაბით გადაადგილებისათვის. და მისთვის არასოდეს დაუსვამთ შეკითხვა, თუ საიდან ჰქონდა შემოსავალი ამ ჯგუფს...
ადრიან კარატნიცკი

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, სააკაშვილის პიროვნება, მის მიერ გამოყენებული ასეთი - ყველაფრის სახეში უხეშად მიხლის - მეთოდოლოგია რამდენად ეფექტური საშუალებაა ახალი მომხრეების შესაძენად ანდა თავის მიმდევრებთან კავშირების შესანარჩუნებლად?

ადრიან კარატნიცკი: ჩემი აზრით, ასეთი აუდიტორია მას აშკარად ჰყავდა საქართველოში მისი მმართველობის პირველ წლებში, მაგრამ შემდგომ მისმა ავტორიტარულმა სტილმა საქართველოს საზოგადოების უმრავლესობის გაუცხოება გამოიწვია. უკრაინელებს უყვართ ლიდერები, რომლებიც მათ სწრაფ ცვლილებას ჰპირდებიან, მაგრამ როდესაც სააკაშვილი ოდესის გუბერნატორი იყო, მას არ განუხორციელებია არავითარი ფუნდამენტური ცვლილება. სააკაშვილს თავისი პოლიტიკური მოკავშირეები ჰყავდა დანიშნული რეგიონის მთავარი პროკურორისა და პოლიციის უფროსის პოსტებზე, მაგრამ მაინც გაუთავებლად ლაპარაკობს იმაზე, რომ შეუძლებელი იყო ოდესაში კორუფციის აღმოფხვრა, თუმცა, სინამდვილეში, ყველა საჭირო ინსტრუმენტი ჰქონდა საიმისოდ, რომ პასუხისგებაში მიეცა ასეთ დანაშაულში ეჭვმიტანილი თითოეული პირი.

რადიო თავისუფლება: სტატიაში თქვენი კრიტიკა ხვდა წილად ასევე უკრაინის დამოუკიდებელ ანტიკორუფციულ ჯგუფებსა და გამომძიებელ ჟურნალისტებს, რომლებიც არ ინტერესდებოდნენ იმით, ახერხებდა თუ არა სააკაშვილი კომფორტული ცხოვრების წესის შენარჩუნებას. როგორ ფიქრობთ, რატომ იქცეოდნენ ისინი ასე და რატომ უჭერდნენ ბოლო მომენტამდე მას მხარს?

მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან დეპორტაციის შემდეგ. როტერდამი
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან დეპორტაციის შემდეგ. როტერდამი

ადრიან კარატნიცკი: არა მგონია კრიტიკას ნიშნავდეს, თუ მონიტორინგით დაკავებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებ აკეთონ თავიანთი საქმე.უფრო სწორად, ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო სახსრებისა და აქტივების ხარჯვის კანონიერებას. ამ დროს კი არსებობს საჯარო პირი, რომელიც იმაზე უფრო მდიდრულად ცხოვრობს, ვიდრე ეს მისი დეკლარირებული შემოსავლით არის შესაძლებელი. სააკაშვილი ცხოვრობდა აპარტამენტში, რომლის დაქირავებაც თვეში ღირდა ექვსი ათასი დოლარი; მას ჰქონდა ურიცხვი თანხა საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაციისათვის, მომხრეთა მობილიზებისა და ქვეყნის მთელი მასშტაბით გადაადგილებისათვის. და მისთვის არასოდეს დაუსვამთ შეკითხვა, თუ საიდან ჰქონდა შემოსავალი ამ ჯგუფს. და როდესაც არასამთავრობო ჯგუფებმა და მედიამ ეს არ გააკეთეს, მაშინ უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება სააკაშვილის წინააღმდეგ. გამოძიების მტკიცებით, მისმა ერთ-ერთმა თანამებრძოლმა 300 ათასი დოლარი მიიღო დევნილობაში მყოფი უკრაინის პრეზიდენტ იანუკოვიჩის მხარდამჭერი, ასევე დევნილი, ბიზნესმენისგან.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტობის პირველ წლებში სააკაშვილს მართლა ჰქონდა რადიკალი რეფორმისტის იმიჯი, მისი შემდგომი მოღვაწეობა არ იწვევს მის მიმართ ნდობას, როგორც პიროვნებისადმი, რომელსაც შეეძლოს არსებული პრობლემების მოგვარება უკრაინასა და საქართველოში...
ადრიან კარატნიცკი

რადიო თავისუფლება: პოლონეთში დეპორტირებული სააკაშვილი პირობას დებს, რომ ბოლომდე იბრძოლებს საქართველოსა და უკრაინის კორუმპირებული ოლიგარქიული ხელისუფლებების წინააღმდეგ. თქვენი აზრით, რამდენად შეესაბამება მისი ასეთი ქმედება თანამედროვე საქართველოსა და უკრაინის წინაშე მდგარ გამოწვევებს?

ანდრეი კარატნიცკი: ვფიქრობ, რომ კორუფცია ყველა ქვეყნის პრობლემაა, ხოლო კორუფციის დაძლევა არის საზოგადოების მოთხოვნა საქართველოშიც და უკრაინაშიც. ასეთი სლოგანები არასოდეს კარგავს მომხიბვლელობას, რაც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის შეუძლებელი სააკაშვილის მთლიანად ჩამოწერა. ბატონ სააკაშვილის პრობლემა სხვა რამეშია. თუ დავაკვირდებით, მისი პრეზიდენტობის მეორე პერიოდში მის გარშემო ირეოდნენ პოლიტიკურად მოტივირებული ბიზნესმენები, რათა ფინანსებით დახმარებოდნენ მისი პარტიის საქმიანობას. ეს დოკუმენტურად არის დადასტურებული „ტრანსპარენსი ინტერნეშნლისა“ და სხვა ორგანიზაციების ანგარიშებით. ანუ მისი პრეზიდენტობის მეორე პერიოდს ახასიათებდა ზუსტად ისეთი კლანური მმართველობის ნიშნები, რის გამოც სააკაშვილი დღეს აკრიტიკებს უკრაინისა თუ სქართველოს ხელისუფლებებს. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტობის პირველ წლებში სააკაშვილს მართლა ჰქონდა რადიკალი რეფორმისტის იმიჯი, მისი შემდგომი მოღვაწეობა არ იწვევს მის მიმართ ნდობას, როგორც პიროვნებისადმი, რომელსაც შეეძლოს არსებული პრობლემების მოგვარება უკრაინასა და საქართველოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG