Accessibility links

ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რამდენიმე დღის წინ ღია წერილით მიმართა თეთრი სახლის რეპორტიორების ჯგუფმა. წერილში ვკითხულობთ: „მართალია, გაქვთ უფლება თავად გადაწყვიტოთ, როგორი იქნება პრესასთან ურთიერთობის ფუნდამენტური წესები, მაგრამ ასეთივე უფლებები ჩვენც გვაქვს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვწყვეტთ საეთერო დროის ხანგრძლივობას და სვეტების სიგრძეს, რომელზე გავლენის მოხდენასაც ასე ცდილობთ. იმას კი, თუ როგორი უნდა იყოს საუკეთესო სამსახური ჩვენი მსმენელის, მკითხველისა თუ მაყურებლის მიმართ, ჩვენ ვწყვეტთ და არა თქვენ“.

ჟურნალისტებმა მათზე განხორციელებულ „შეტევად“ შეაფასეს თეთრი სახლის პრესმდივნის, მაიკ სპაისერის, პირველი პრესკონფერენცია, რომლის დროსაც მან ჟურნალისტებს მიუთითა, „რაზე უნდა წერონ და რა უნდა გააშუქონ“. მედიასა და მთავრობას შორის კომუნიკაციის ფორმებსა და მის მნიშვნელობაზე საუბრობს დანიელა რეტკოვაც, ჩეხი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც კარგად იცნობდა ჩეხოსლოვაკიისა და ჩეხეთის ყოფილ პრეზიდენტს, დისიდენტსა და ლიტერატორს, ვაცლავ ჰაველს. რეტკოვა1990-1991 წლებში მუშაობდა ჰაველის პრესსამსახურის ხელმძღვანელად, დღეს კი ჩეხეთის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის პროგრამების დირექტორია. მასთან საუბრის შესაძლებლობა მიეცათ რადიო თავისუფლების რამდენიმე სამსახურის ჟურნალისტებს, მათ შორის, ქართული რედაქციის წარმომადგენელს, სალომე აფხაზიშვილს. ის დანიელა რეტკოვას შეხვდა პრაღის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, რომელიც მესამე თვეა მასპინძლობს ჰაველის პრეზიდენტობის წლებისა და პოლიტიკის მიღმა ცხოვრების ამსახველ მასშტაბურ გამოფენას.

რადიო თავისუფლება: ნება მომეცით, გკითხოთ, როგორ ფიქრობთ, რა შეფასებები შეიძლებოდა მოგვესმინა ვაცლავ ჰაველისგან, ის რომ ყოფილიყო დასავლეთში დღეს განვითარებული მოვლენების მომსწრე, უფრო კონკრეტულად კი, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მომსწრე? თქვენ ხომ კარგად იცნობდით მის აზრებს პოლიტიკური პროცესების შესახებ...

დანიელა რეტკოვა: იმაზე უფრო ხშირად ვფიქრობ, როგორი იქნებოდა მისი რეაქცია არჩევნების მსვლელობაში, მთელი ამ პროცესის დროს. ჩემი აზრით, ის შეეცდებოდა აქტიურად ემოქმედა, შეშფოთებას გამოთქვამდა, დისკუსიას წამოიწყებდა და დაუპირისპირდებოდა გარკვეულ მოვლენებს, ახლა რომ ხდება. იცით, დონალდ ტრამპს რაც შეეხება, თავდაპირველად ხუმრობა მეგონა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა! შემდეგ ვიფიქრე, ხალხი მასზე უარს იტყვის-მეთქი. ახლა კი მგონია, რომ ტრამპი თვითონაც გაოგნებულია, რომ წინასაარჩევნო კამპანიას გაუძლო და გაიმარჯვა. სულაც არ ვფიქრობ, რომ ბედნიერია იმით, რომ პრეზიდენტობა ერგო, რადგან ეს დიდი ამოცანაა. მაგრამ რაც ძალიან მაშინებს, არის ის, თუ რამდენმა ადამიანმა გამოამჟღავნა უარყოფითი ემოციები. ჩემთვის ეს ყველაზე დიდი შოკი იყო! იცით, ჩეხი ემიგრანტები, რომლებმაც ქვეყანა 1968 წელს დატოვეს და კანადაში, შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ, ეს ადამიანები ყოველთვის დემოკრატები იყვნენ! არადა, ბევრმა, ვისაც ვიცნობ, ხმა ტრამპს მისცა! და უცებ აღმოჩნდა, რომ რასისტული შეხედულებები აქვთ, რომ ქსენოფობები არიან. ტრამპის საჯარო გამოსვლებმა და მისმა საარჩევნო კამპანიამ სწორედ ეს შედეგი გამოიღო: გამოჩნდა ხალხი, რომელიც სიძულვილს ავლენს. მეორე მხრივ, არსებობს პოლიტიკოსებითა და ელიტით სრულიად იმედგაცრუებული ხალხი. შეერთებულ შტატებში კი ვხედავთ დემოკრატიულ პარტიას, რომელიც დარწმუნებულია, რომ იცის, რისი გაკეთებაა საჭირო და აღარ უსმენს რიგით ამომრჩევლებს, აღარ უსმენს მათ პრობლემებს.

ვფიქრობ, ეს იქნებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლითაც პრეზიდენტი ჰაველი დაინტერესდებოდა, შეეცდებოდა დაედგინა, რა გამოგვრჩა! რადგან აშკარაა, რომ პოლიტიკოსებმა ნდობა დაკარგეს და ეს ჩანს ევროკავშირში, სხვა ქვეყნებშიც. პოლიტიკოსებს აღარ ვენდობით! ამას ჩვენს ქვეყანაშიც, ჩეხეთშიც ვხედავთ! არ ვიცი, როგორი იქნებოდა ვაცლავ ჰაველის რეაქცია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მას რეაქცია ექნებოდა ჯერ კიდევ კამპანიის მსვლელობაში, ზუსტად ამოიცნობდა იმას, რაც ხდება, ხალხს დაელაპარაკებოდა და ეტყოდა მათ, რომ საფრთხე გვიახლოვდება.

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, რა სჭირდება დღეს ჩეხეთს ადამიანის უფლებების დაცვისა და სიტყვის თავისუფლების გასაუმჯობესებლად?

დანიელა რეტკოვა: სიტყვის თავისუფლებას რაც შეეხება, ცხადია, გვჯერა, რომ სიტყვის თავისუფლება ჩვენთან დაცულია. მაგრამ ისიც ვიცით, რომ ჩვენი ზოგი პოლიტიკოსი მედიასაშუალებების მფლობელია. არის თუ არა ჩვენში თვითცენზურა, როცა ცდილობ კორექტული იყო და თავი აარიდო კონფლიქტებს, თუ ყველანი ისევე ვიბრძვით ადამიანის უფლებების დასაცავად, როგორც ამას პრეზიდენტი ჰაველი აკეთებდა? ვასწავლით ამას ბავშვებს სკოლაში? ოჯახში? ჩვენ გვყავდა პრეზიდენტი, რომლისთვისაც ყოველთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ადამიანის უფლებები. გვყავდა ადამიანი, რომელიც გზას გაჩვენებდა. ახლა კი გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც არც ახსოვს ადამიანის უფლებები. და რიგით მოქალაქეს დღეს აღარ შეახსენებენ ხოლმე ადამიანის უფლებების შესახებ, ამიტომ მას აღარ ახსოვს ასეთი რაღაცები. შეხედეთ, რა დამოკიდებულება აქვთ ჩვენს ქვეყანაში მიგრანტების მიმართ! დაუჯერებელი ამბავია! ეს არის ქვეყანა, საიდანაც მიგრანტების რამდენიმე ტალღა წავიდა: 1945 წელს, 1948 წელს, 1968 წელს, 70-იან წლებში და ჩვენს ხალხს სხვა ქვეყნებში კეთილგანწყობით ხვდებოდნენ, ეხმარებოდნენ. წესით, თითქოს სწორედ ჩვენში უნდა ესმოდეთ, რომ ლტოლვილებს დახმარება სჭირდებათ! არადა, სულ შვიდი ლტოლვილი გვყავს მიღებული, მაშინ როცა ამდენი გაჭირვებულია... რასაკვირველია, ცუდი ხალხიც არსებობს - ჩვენთანაც არიან ცუდები, დარწმუნებული ვარ, რომ ცუდები თქვენს ქვეყანაშიც გყავთ. სტატისტიკურად არის დასაბუთებული, რომ ცუდები ყველგან არიან. მაგრამ ზურგის შექცევა? კედლების აშენება? ეს აბსურდია! არ ვიცი, ჰაველი რას იზამდა, მაგრამ აუცილებლად მოუწოდებდა ადამიანებს დამოკიდებულების შეცვლისაკენ, დაელაპარაკებოდა მათ, რადგან საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

რადიო თავისუფლება: თქვენ რამდენიმე წელი მუშაობდით პრეზიდენტ ვაცლავ ჰაველის პრესსამსახურის ხელმძღვანელად. რასთან გამკლავება გიჭირდათ ყველაზე მეტად იმ ხანებში? როგორ იქცეოდით რთულ პერიოდებში?

დანიელა რეტკოვა: ჰაველი ის ადამიანი იყო, რომელიც გულდასმით არჩევს სიტყვებს, როცა რამეს ამბობს. ის თვითონ წერდა თავისი საჯარო გამოსვლების ტექსტს, დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა ყოველ გამონათქვამს. ამიტომ მისთვის ძალიან რთული ამოცანა იყო ინტერვიუს მიცემა - შეკითხვებს რომ დაუსვამდნენ, მათზე უნდა ეფიქრა, რათა შეძლებისდაგვარად კარგად ეპასუხა. ამიტომ ნამდვილად არ იყო იოლი მისი დაყოლიება ინტერვიუებზე. არადა, ძალიან ბევრ ჟურნალისტს სურდა მასთან ინტერვიუს ჩაწერა - ეს ხომ თქვენი, ჟურნალისტების, საქმეა! ასე რომ, ალბათ, ეს იყო ყოველთვის ყველაზე რთული ამოცანა.

რადიო თავისუფლება: თუ ისევ დღევანდელ ვითარებას დავუბრუნდებით, როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს ინსტიტუციურ დონეზე რუსეთიდან პროპაგანდასთან საბრძოლველად?

დანიელა რეტკოვა: მეტი უნდა ვისაუბროთ საკუთრივ პროპაგანდაზე. ვფიქრობ, მთავარია განათლების სისტემა, რადგან არ ვიცით, რა ხდება ამ მხრივ ოჯახებში, რა პოზიცია აქვთ ბავშვების მშობლებს. დისკუსიები სკოლებში, სხვადასხვა ენის სწავლება, პოლიტიკურ პროცესებზე ცნობიერების ამაღლება, საუბარი სამოქალაქო საზოგადოებაზე. რატომღაც შევწყვიტეთ სკოლებში დემოკრატიის საფუძვლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესახებ ცოდნის გავრცელება. დღეს, სოციალური მედიის ეპოქაში, ადამიანები ბევრს აღარ კითხულობენ და ამას ზედაპირულად აკეთებენ. ზოგჯერ, როცა ჟურნალისტი სტატიას დაწერს და სათაურს გაუკეთებს ხოლმე... ერთხელ რამდენიმე სათაურს გადავხედე და ყველა ისეთი უაზრო მომეჩვენა, რომ ჟურნალისტებსაც ვუთხარი: ეს რაღაც საშინელებაა, სათაურებს არანაირი კავშირი არა აქვთ ტექსტებთან-მეთქი! იმათ კიდევ მიპასუხეს: როგორმე ხომ უნდა „გავყიდოთ“ ამბავიო? არადა, აუცილებელია რამენაირად შევძლოთ იმის ახსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჟურნალისტის საქმე! ბევრი ამბობს, ტრამპი ტყუისო. სიმართლის სათქმელად კი ჟურნალისტები გვჭირდება. საჭირო არ არის ყვირილი დავიწყოთ, მაგრამ ხალხმა ფაქტები უნდა შეიტყოს, ამ გზით მიიღოს განათლება.

რადიო თავისუფლება: თქვენ მონაწილეობდით რადიო თავისუფლების აზერბაიჯანელი თანამშრომლის, ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას მხარდამჭერ კამპანიაში, როცა ის ციხეში იყო. ხადიჯა გაათავისუფლეს, თუმცა კვლავაც აზერბაიჯანში რჩება. ახლაც ხართ მის შესახებ საქმის კურსში?

დანიელა რედკოვა: კი! ხადიჯა ისმაილოვა მოვიწვიეთ პრაღაში, რადიო თავისუფლებასთან ერთად ორგანიზებულ დისკუსიაზე და ის უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ პასპორტი ჩამოართვეს - პრაღაში გამოფრენამდე, პრაქტიკულად, ერთი დღით ადრე. ხადიჯამ გამაოცა იმით, რომ როცა შეკითხვები გავუგზავნე მას შემდეგ, რაც ელფოსტით შემატყობინა, რომ აზერბაიჯანიდან არ უშვებენ, მან გადაიღო ვიდეო, რომელზეც ჩემს შეკითხვებს უპასუხებს. მაშინ შევეცადე წარმომედგინა, შევძლებდი თუ არა დაპატიმრების შემდეგ მომეკრიბა ძალა და გამბედაობა ასეთ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად, მან კი შეძლო! მისი ეს ვიდეო DOX-ში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, ვაჩვენეთ. ტელევიზორი დავდგით და იქ ხადიჯას მიმართვა ჩავრთეთ. ხალხი მოდიოდა, ეცნობოდა მის შესახებ ინფორმაციას და ხელს აწერდა პეტიციას მისი გათავისუფლების მოთხოვნით. ხადიჯას ამ მიმართვას მომავალ კვირაშიც გამოვიყენებთ. ჟურნალისტები, ამერიკელი ჟურნალისტები იწყებენ იმაზე მსჯელობას, თუ როგორ თქვან სიმართლე, როგორ გაავრცელონ ინფორმაცია და იყენებენ სხვადასხვა ჟურნალისტის ჩანაწერებს - იყენებენ ნაწყვეტს ხადიჯას ვიდეომიმართვიდანაც - აზერბაიჯანსა და მთელ მსოფლიოში პოლიტპატიმრების მდგომარეობაზე. ეს ძალიან შთამბეჭდავი გზავნილია! როგორც ხედავთ, ხადიჯას შესახებ ბევრ ქვეყანაში იციან და მის სათქმელს ყურს უგდებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG