Accessibility links

„საკუთრების უფლება თავისუფალი ბაზრის ხერხემალია“


ლორენცო მონტანარი

„საკუთრების უფლების ალიანსი“ არის ორგანიზაცია, რომელიც იკვლევს და ადვოკატირებას უწევს ფიზიკური და ინტელექტუალური საკუთრების დაცვას აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. „საკუთრების უფლების ალიანსი“ ეწინააღმდეგება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ლობირებულ კამპანიას თამბაქოს ნაწარმის ერთგვაროვანი შეფუთვისთვის, რადგან მიაჩნია, რომ ეს არ არის თამბაქოს მოხმარების შემცირების გზა და მეორე მხრივ, არღვევს ინტელექტუალური საკუთრების უფლებასა და სავაჭრო ნიშნების სისტემას.

„საკუთრების უფლების ალიანსი“ 2007 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს „საკუთრების უფლების საერთაშორისო ინდექსს“, რომელიც ასახავს მდგომარეობას მსოფლიოს 128 ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოში. 2016 წლის ინდექსში საქართველოს საშუალოზე დაბალი - 4,6 ქულა - ერგო. „საკუთრების უფლების საერთაშორისო ინდექსის“ ლიდერები არიან: ფინეთი, ახალი ზელანდია, ლუქსემბურგი, ნორვეგია და შვეიცარია. თითქმის მზად არის 2017 წლის ინდექსი და მისი პრეზენტაცია არგენტინაში იგეგმება. როგორ განისაზღვრება საკუთრების უფლების ინდექსი და რა გამოწვევებია საკუთრების დაცულობის თვალსაზრისით საქართველოში? ნინო გელაშვილი ესაუბრა „საკუთრების უფლების ალიანსის“ აღმასრულებელ დირექტორ ლორენცო მონტანარის, რომელიც რამდენიმე დღის წინ „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ მიწვევით იმყოფებოდა თბილისში:

ნინო გელაშვილი: თუ შეიძლება გვითხრათ საკუთრების უფლების მდგომარეობაზე საქართველოში და მომავალ ინდექსში საქართველოს პოზიციაზე, თუკი ეს დასაშვებია. უმჯობესდება, თუ არა საქართველოს პოზიცია რეიტინგში?

ლორენცო მონტანარი: 2016 წლის გამოცემაში საქართველოს ქულა მცირედით - 0,5-ით - გაიზარდა. საშუალო ქულა საერთაშორისო ინდექსში არის 5,4, საქართველოს ქულა კი არის 4,6. ეს არის საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი. თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მდგომარეობა 2016 წლის ინდექსში გაუმჯობესებულია იმის ხარჯზე, რომ მას შედარებით მაღალი ქულები აქვს კანონის უზენაესობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, საქართველოს ქულა არის 6,4, რაც საშუალო მაჩვენებელს აღემატება. საინტერესოა, რომ საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პოზიცია აქვს საკუთრების რეგისტრაციის კუთხით. ჩვენ რაც გვაშფოთებს, არის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მდგომარეობა საქართველოში. ამაში საქართველოს 2,4 ქულა ერგო, რაც ძალიან დაბალია. ჩვენ მონაცემებიც კი არ გვაქვს პატენტის დაცვის შესახებ. მოუთმენლად ველი საქართველოს შესაბამის უწყებასთან თანამშრომლობას მონაცემების მისაღებად, განსაკუთრებით - პატენტის დაცულობის შესახებ. ზოგადად კი, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მხრივ, საქართველო ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებს შორისაა.

ნინო გელაშვილი: აანალიზებთ თუ არა საკუთრების უფლების მარეგულირებელ კანონმდებლობასაც?

ლორენცო მონტანარი: არა, კანონმდებლობის შესწავლა არ არის საკუთრების უფლების ინდექსის გამოთვლის მეთოდოლოგიის ნაწილი. არსებობს სხვა ინდექსი, რომელიც ეფუძნება კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესწავლას. ეს არ შედის ჩვენი ინდექსის მეთოდოლოგიაში.

ნინო გელაშვილი: საქართველოში ყოფნისას სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს თუ ხვდებით?

ლორენცო მონტანარი: სიამოვნებით შევხვდებოდი, მაგრამ ამ ჯერზე შევხვდი მხოლოდ „საქპატენტის“ ხელმძღვანელს იმისათვის, რომ წარმედგინა საკუთრების უფლების საერთაშორისო ინდექსი და გვემსჯელა მონაცემების მოწოდებაში თანამშრომლობაზე. თუმცა მოხარული ვიქნები შევხვდე ყველას, ვინც დაინტერესებულია საკუთრების უფლების დაცულობის გაუმჯობესებით. გაეროს ადამიანის უფლებათა დეკლარაციის თანახმად, საკუთრების უფლება არის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება და ის არის თავისუფალი ბაზრის მქონე ნებისმიერი სახელმწიფოს ხერხემალი. საკუთრების უფლების გარეშე შეუძლებელია კეთილდღეობის მიღწევა და ეს არის ჩვენი ინდექსის საფუძველი. ყველას შეუძლია ამ ინდექსის ნახვა საიტზე, რომლის მისამართია - internationalpropertyrightsindex.org. იქ ნახავთ სხვადასხვა გრაფიკს, სადაც ვაჩვენებთ, რომ რეიტინგის ზედა 20 %-ში მყოფი ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი 21-ჯერ აღემატება რეიტინგის ბოლო 20 %-ში მყოფი ქვეყნებისას. ჩვენ აგრეთვე გამოვავლინეთ სხვადასხვა ძლიერი პოზიტიური ურთიერთკავშირი საკუთრების უფლების დაცვასა და სამოქალაქო აქტივიზმს, გლობალურ მეწარმეობასა და ეკონომიკის კომპლექსურობას შორისაც კი. ამ წლის ინდექსში ჩვენ შევადარეთ განათლების თავისუფლების ინდექსი ჩვენსას - საკუთრების უფლების ინდექსს - და აქაც კი აღმოჩნდა ძლიერი დადებითი ურთიერთკავშირი. როცა განვიხილავთ განათლების თავისუფლებასა და საკუთრების უფლებას შორის კავშირს, აღმოვაჩენთ, რომ ის ძალიან ძლიერია, რადგან რაც მეტს გააკეთებს ქვეყანა საკუთრების უფლების სისტემური დაცვისთვის, მით უფრო თავისუფალია განათლება. საკუთრების უფლების ინდექსი შევადარეთ აგრეთვე „ლეგატუმის ინსტიტუტის“ კეთილდღეობის ინდექსის სოციალურ კომპონენტსა და იელის უნივერსიტეტის გარემოსდაცვით ინდექსს და აქაც დავინახეთ მჭიდრო ურთიერთკავშირი. ასე რომ, საკუთრების უფლება არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ნებისმიერ ადგილობრივ ეკონომიკაში.

ნინო გელაშვილი: რა რჩევას მისცემდით საქართველოს ტიპის ქვეყანას? შესაძლებელია, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ჰქონდეთ მსგავსი გამოწვევები საკუთრების დაცვის საკითხში. რა პირობები უნდა შექმნას საქართველომ საკუთრების უფლების უკეთესად დასაცავად?

ლორენცო მონტანარი: გმადლობთ ამ შეკითხვისთვის, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი რჩევა იქნება რაც შეიძლება მეტად გააძლიეროთ შემდეგი კომპონენტები: კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და პოლიტიკური სტაბილურობა. კიდევ ერთი კომპონენტი არის ინტელექტუალური საკუთრების დაცვა. თუკი ქვეყანას სურს მეტი ინვესტიციის მოზიდვა, მას უზრუნველყოფილი უნდა ჰქონდეს კანონის უზენაესობა, დაცული უნდა ჰქონდეს სავაჭრო ნიშნების სისტემა და ინტელექტუალური საკუთრება. აბა, წარმოიდგინეთ კვლევითი საქმიანობა საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში: თუკი მკვლევრებს ეცოდინებათ, რომ არსებობს პატენტის დაცულობის სისტემა, ისინი არჩევენ საქართველოში დარჩენას და არ წავლენ სხვა ქვეყანაში. ამას რის საფუძველზე ვამბობ? გეტყვით: მას შემდეგ, რაც ინდოეთი და ჩინეთი შეუერთდნენ TRIPS-ის შეთანხმებას [ეს არის შეთანხმება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ - ნ.გ.], საოცრად გაიზარდა ამ ორ ქვეყანაში პატენტების რეგისტრაციის რაოდენობა და ჩინელი და ინდოელი მკვლევრებიც მეტად არჩევდნენ თავ-თავიანთ ქვეყანაში დარჩენას. პატენტის ძლიერი დაცულობა ავტომატურად ახდენს ზეგავლენას მოსახლეობის კეთილდღეობაზე და, რასაკვირველია, კვლევასა და ინოვაციებზე.

ნინო გელაშვილი: რას იტყოდით პრივატიზაციის ხარისხზე - ქონების საკმაოდ დიდი ნაწილი რჩება სახელმწიფოს ხელში, განსაკუთრებით - მიწა. არსებობს თუ არა ეკონომიკაზე პრივატიზაციის ხარისხის ზემოქმედების გაზომვის რაიმე კრიტერიუმი?

ლორენცო მონტანარი: არ ვიცნობ დეტალურად საქართველოში არსებულ ვითარებას, მაგრამ, ჩვეულებრივ, ეს პრობლემა არსებობს სამხრეთ ამერიკაში. იქ სახელმწიფო კვლავაც ფლობს მიწის უდიდეს ნაწილს. ჩვენი რჩევაა დაიწყოს მიწის პრივატიზაცია და გლეხს მიეცეს მიწის მართვის საშუალება. რაც შეეხება საქართველოს, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ის ცდილობს ეკონომიკის განვითარებას და ბევრი რეიტინგის მიხედვით მას საუკეთესო მონაცემები აქვს რეგიონში. ჩვენ ბოლო ხანს შეგვაშფოთა იმან, რომ საქართველოს პარლამენტმა ახლახან მიიღო გადაწყვეტილება თამბაქოს ნაწარმის ერთგვაროვანი შეფუთვის შესახებ, რაც ეწინააღმდეგება სავაჭრო ნიშნისა და ინტელექტუალური საკუთრების სისტემას. და რადგანაც საქართველოს აქვს ძალიან დაბალი ქულა ინტელექტუალური საკუთრების დაცულობის კუთხით, ამ ტიპის პოლიტიკამ, შესაძლებელია, შეამციროს ინვესტიციები. ერთგვაროვანი შეფუთვის უარყოფით ეფექტზე მინდა კიდევ ვთქვა: ამ ეტაპზე საქართველოში ის ეხება თამბაქოს პროდუქციას, მაგრამ მომავალში შეიძლება შეეხოს ნებისმიერ სხვა პროდუქტს. არ ვიცი, რამდენად იცის ჩვენმა მსმენელმა, რას ნიშნავს ერთგვაროვანი შეფუთვა - ეს ნიშნავს სტანდარტიზაციას სიგარეტის კოლოფებისა იმგვარად, რომ მასზე არ იყოს გამოსახული არანაირი ლოგო და სავაჭრო ნიშანი. ეს არის TRIPS-ის შეთანხმების მე-15 და მე-20 მუხლების დარღვევა. TRIPS-ის შეთანხმება შედგა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის თაოსნობით და ის კონკრეტულად იცავს სავაჭრო ნიშნების სისტემას. საქმე ის არის, რომ დაიწყეს თამბაქოს ნაწარმით, რადგან ფიქრობენ, რომ ერთგვაროვანი შეფუთვის პოლიტიკით შეამცირებენ თამბაქოს მოხმარებას. ვფიქრობ, არსებობს ბევრი სხვა გზა თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად. ჩვენ გვაქვს ავსტრალიის მონაცემები, სადაც თამბაქოს ნაწარმის ერთგვაროვანი შეფუთვა პირველად გამოიყენეს 2012 წელს. არსებობს მონაცემები, რომ ერთგვაროვანი შეფუთვის პოლიტიკის განხორციელების შემდეგ 24 %-ით გაიზარდა სიგარეტის კონტრაბანდა ავსტრალიაში. 2010-ში იქაურ ახალგაზრდებში მწეველთა რაოდენობა 2,5 % იყო, 2013-ში კი ის 3,4 %-მდე გაიზარდა. ჩვენ გვაშფოთებს ის, რომ ერთგვაროვანი შეფუთვა არის სავაჭრო ნიშნების სისტემის დარღვევა. სავაჭრო ნიშანი არის ბრენდული იდენტიფიკაცია როგორც პატარა, ისე დიდი კორპორაციებისთვის. ჩვენი მისიაა საკუთრების უფლების დაცვა მთელ მსოფლიოში და ასეთი გადაწყვეტილება ზეგავლენას მოახდენს ბაზრის თავისუფლების ხარისხზე საქართველოში. აქ დაიწყეს თამბაქოთი, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც სურთ ერთგვაროვანი შეფუთვის პოლიტიკის განხორციელება ბავშვთა კვების პროდუქტებზე, ღვინოზეც კი. ასე რომ, მე ვეკითხები ღვინის მწარმოებლებს საქართველოში, რომლებიც წლების განმავლობაში დებდნენ რესურსს ბრენდის განვითარებაში: რას იზამენ, თუკი ერთგვაროვანი შეფუთვა გავრცელდება ღვინოზეც. ქართული ღვინო თავისი ხარისხის გამო სულ უფრო იხვეჭს სახელს მსოფლიოში. ასე რომ, ჩვენ გვაშფოთებს არა მხოლოდ თამბაქოს საკითხი, არამედ ეს შეიძლება შეეხოს სხვა პროდუქციასაც: უალკოჰოლო სასმელებს, არაჯანსაღ საკვებს. ეს მხოლოდ დასაწყისია და სავაჭრო ნიშნებსა და ინტელექტუალურ საკუთრებაზე შეტევის ძალიან ცუდი გზაა, რადგან, როგორც ინტერვიუს დასაწყისში აღვნიშნე, ისინი წარმოადგენენ ეკონომიკის ხერხემალს.

ნინო გელაშვილი: რომ შევადაროთ საკუთრების დაცულობის მხრივ მაღალი და დაბალი ინდექსის ქვეყნები ერთმანეთს პირობების იმ ჩამონათვალის მიხედვით, რა შემთხვევაშიც ამ ქვეყნებში დაშვებულია საკუთრების ექსპროპრიაცია, არის თუ არა ამ საკითხებს შორის ურთიერთკავშირი? გვაქვს კონკრეტული შემთხვევები, როცა სახელმწიფო საზოგადოების ინტერესების მოხმობით ხელყოფს საკუთრების უფლებას. არის თუ არა ეს ერთ-ერთი კრიტერიუმი ქვეყანაში საკუთრების უფლების დაცულობის შესაფასებლად?

ლორენცო მონტანარი: დიდი მადლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა. ექსპროპრიაცია არის უდიდესი პრობლემა მთელ მსოფლიოში, ყველა ტიპის სახელმწიფოში. სახელმწიფო იყენებს ძალას, რომ მესაკუთრეს ჩამოართვას მიწა ან ქალაქში არსებული ტერიტორია საჯარო ინტერესის მომიზეზებით. უმრავლეს შემთხვევაში ეს ფავორიტიზმის ბრალია. ხშირია შემთხვევები, როცა პირს ჩამოართმევენ საკუთრებას ქალაქის კონკრეტულ ნაწილში იმისათვის, რომ რომელიმე ბიზნესს გადასცენ. ეს, რა თქმა უნდა, ახდენს ზეგავლენას ქვეყნის ინდექსზე. აშშ-შიც კი ექსპროპრიაციის საკითხი დიდი პრობლემაა. ასე რომ, საკუთრების უფლების ინდექსის გაუმჯობესებისთვის ქვეყანა უნდა შეეცადოს შეამციროს ექსპროპრიაციის პრობლემა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG