Accessibility links

მონიკა რიხტერი: სიმართლის დაჯერება და მიგნება ინტერნეტში სულ უფრო გაძნელდება


მონიკა რიხტერი

რუსეთის სადეზინფორმაციო კამპანიამ ბოლოხანს თავი იჩინა რუსეთის მოსაზღვრე ევროკავშირის ქვეყნებში, ზოგიერთი მათგანი ამ საინფორმაციო დაპირისპირების ფრონტის ხაზზე იმყოფება. რა ასაზრდოებს რუსეთის პროპაგანდის წარმატებას? და რა კეთდება იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული შემდგომი ჩარევა დემოკრატიული ქვეყნების არჩევნებში. ჩვენს შეკითხვებს შეერთებული შტატებიდან უპასუხებს მონიკა რიხტერი, პრაღის ევროპის ფასეულობათა ინსტიტუტის ანალიტიკოსი.

მონიკა რიხტერი: პირველ რიგში, დეზინფორმაციის კამპანიების წარმატების მიზეზია ის, რომ ციფრულმა ეპოქამ და, განსაკუთრებით, სოციალურმა მედიამ, ძირეულად შეცვალა პოლიტიკური ინფორმაციის მიღების სტრუქტურა - ის, თუ როგორ და ვისთან გვაქვს კომუნიკაცია, ვისგან და როგორ ვრცელდება ახალი ამბები, ინფორმაცია. სოციალური მედიაკომპანიების ბიზნესმოდელით, მთავარია ყურადღება მიიპყრო და მაქსიმალურად გაზარდო ის დრო, რომელსაც მომხმარებლები შენს პლატფორმაზე ატარებენ. ეს კი საუცხოო პირობებს უქმნის პოლარიზაციისა და მწვავე ემოციური რეაქციის გამომწვევი მასალის გავრცელებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სოციალური მედია მომართულია არა სიმართლის, დაზუსტებული ინფორმაციის გავრცელებისკენ, არამედ იმის ჩვენებისკენ, რისი დანახვაც გვსურს. და როგორც ვხედავთ, ეს ინსტრუმენტი ძალიან ეხმარება, ასე ვთქვათ, ცუდი ინფორმაციის გავრცელებას - ცხადია, განსაკუთრებით საზიანოა დეზინფორმაცია, საზოგადოებრივ აზრზე საზიანო გავლენის მოხდენის მცდელობა მტრულად განწყობილი მოთამაშეებისაგან, როგორიცაა რუსეთი, რომლის მონიტორინგსაც ვეწევით.

რასაკვირველია, არსებობს. ასეთი კონტრძალისხმევის საუკეთესო მაგალითია ჯგუფი „ლიტველი ელფები“, რომლებიც უპირისპირდებიან ონლაინ დეზინფორმაციასა და სიძულვილის ენას პრინციპში, იმავე მეთოდებით, რასაც რუსი ტროლები იყენებენ. „ელფები“ უნდა წარმოვიდგინოთ არაფორმალურ ჯგუფად - სამოქალაქო პირთა ერთგვარ ინტერნეტარმიად...
მონიკა რიხტერი

რადიო თავისუფლება: ისე ჩანს, რომ დემოკრატიის სიძლიერე მის სისუსტედ იქცა და მაშინ, როცა დემოკრატიული ქვეყნები თავდაცვით პოზიციაში იმყოფებიან, ტოტალიტარული რეჟიმები სულ უფრო მეტად მიმართავენ შეტევას.

მონიკა რიხტერი: მართლაც ასეა და ეს უკავშირდება დეზინფორმაციის კამპანიების წარმატების მეორე მიზეზს. ხალხი, ვინც დეზინფორმაციით არის დაკავებული, კარგად ერკვევა კონკრეტული ქვეყნის ადგილობრივ კონტექსტში და თავის სასარგებლოდ იყენებს ყოველი ქვეყნის სუსტ მხარეებს, განხეთქილებებს. რუსები საუცხოოდ მუშაობენ მტკივნეული თუ განხეთქილების გამომწვევი სოციალური და პოლიტიკური საკითხების ამოსაცნობად და მათ შესაბამისად ქმნიან გავლენის კამპანიას - ამ საკითხების გარშემო უკვე არსებული დაძაბულობის გასაძლიერებლად. ისე არ არის, თითქოს არაფრისაგან იგონებდნენ უთანხმოებებს - არა! იყენებენ უკვე არსებულ დაპირისპირებებს, უნდობლობას სხვადასხვა ჯგუფს შორის განხეთქილებების გასაღრმავებლად. თუ დავუბრუნდებით თქვენს შეკითხვას - წინ როგორ უნდა აღვუდგეთ ამ ტენდენციასო... მოკლევადიანი სტრატეგია ფოკუსირებული უნდა იყოს კონკრეტული დემოკრატიული პროცესების - არჩევნების, რეფერენდუმების - დაცვაზე დეზინფორმაციის გავლენის მინიმუმამდე დასაყვანად. საამისოდ, უდავოდ საჭირო იქნება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ტექნოლოგიური კომპანიების დასარეგულირებლად, სამართლებრივი ნაბიჯები რუსეთის მიმართ დამსჯელი ზომების მისაღებად და მისი გავლენის შესაზღუდად.

რადიო თავისუფლება: აშშ-ის სპეცპროკურორმა რობერტ მიულერმა ბრალდება წაუყენა სანკტ-პეტერბურგში განლაგებული ე.წ. ტროლების ფაბრიკის 13 თანამშრომელს, რომლებიც ძირს უთხრიდნენ აშშ-ის საარჩევნო სისტემას. არსებობს თუ არა დასავლეთის დემოკრატიის შემთხვევაში ანტიტროლების ფაბრიკა სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ანტიევროპული სადეზინფორმაციო კამპანიის გასანეიტრალებლად?

მონიკა რიხტერი: რასაკვირველია, არსებობს. ასეთი კონტრძალისხმევის საუკეთესო მაგალითია ჯგუფი „ლიტველი ელფები“, რომლებიც უპირისპირდებიან ონლაინ დეზინფორმაციასა და სიძულვილის ენას პრინციპში, იმავე მეთოდებით, რასაც რუსი ტროლები იყენებენ. „ელფები“ უნდა წარმოვიდგინოთ არაფორმალურ ჯგუფად - სამოქალაქო პირთა ერთგვარ ინტერნეტარმიად. ისინი უპირისპირდებიან რუსეთის მცდელობას, გამოიწვიოს დესტაბილიზაცია ქვეყანაში. მათი საქმიანობა ძირითადად მდგომარეობს სოციალური მედიის გაკონტროლებაში, მაგალითად, ხელოვნური, ბოტების ანგარიშების გამოაშკარავებაში, ისევე როგორც ფაქტების შემოწმებასა და შეთქმულების თეორიებისათვის ფარდის ახდაში. რამდენადაც ვიცი, ისინი არ მუშაობენ მარტო ლიტვაში - შექმნილი აქვთ ასევე ჯგუფები ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებსა და ფინეთში. არაფერი მსმენია ტროლებთან ბრძოლის სხვა ინიციატივებზე, მაგრამ გავრცელებულია, როგორც ცნობილია, ფაქტების შემოწმებაზე მუშაობა სხვადასხვა ქვეყანაში - ინიციატივები, რომლითაც მიზნად ისახავენ გამოგონილი ამბების გამოაშკარავებას და დისკრედიტაციას.

ავიადარტყმებს რაც შეეხება - მე ვიტყოდი, რომ ეს არის რუსეთისათვის დამახასიათებელი ტაქტიკა, როცა კრიტიკის პასუხად ოპონენტს ადანაშაულებენ იმაში, რაშიც თვითონ არიან დამნაშავე. ვგულისხმობ თავის მსხვერპლად წარმოსახვას, რაც რუსებს ძალიან კარგად გამოსდით...
მონიკა რიხტერი

რადიო თავისუფლება: რუსეთის ოფიციალური პირები აბსურდს უწოდებენ კრემლის მხრიდან სხვა ქვეყნების საარჩევნო პროცესებში ჩარევის თაობაზე გამოთქმულ ბრალდებებს. რუსეთი თვლის, რომ პირიქით, თავად არის დეზინფორმაციის სამიზნე. ამის მაგალითად მოჰყავთ სირიაში 200-მდე რუსი მებრძოლის დაღუპვის შესახებ დასავლურ წყაროებში გავრცელებული ცნობები. გამოდის, რომ საინფორმაციო დაპირისპირება ნამდვილი ომის ფაზაში შედის თუ ეს მხოლოდ მისი დასაწყისია?

მონიკა რიხტერი: ავიადარტყმებს რაც შეეხება - მე ვიტყოდი, რომ ეს არის რუსეთისათვის დამახასიათებელი ტაქტიკა, როცა კრიტიკის პასუხად ოპონენტს ადანაშაულებენ იმაში, რაშიც თვითონ არიან დამნაშავე. ვგულისხმობ თავის მსხვერპლად წარმოსახვას, რაც რუსებს ძალიან კარგად გამოსდით. ავიადარტყმების შემთხვევაში რუსეთი ზრუნავს იმაზე, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს სირიაში მისი დომინანტური პოზიცია. მან უნდა შეინარჩუნოს კრემლის მიმართ მხარდაჭერა, როცა არჩევნები ახლოვდება. ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ უარყოფს ასეთ სამხედრო წარუმატებლობას. მაგრამ რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეიძლება გაუარესდეს მდგომარეობა დეზინფორმაციის კამპანიის შედეგად - გაცილებით უფრო შეიძლება გაუარესდეს! და ეს კავშირშია შესაძლებლობებთან, ტექნოლოგიურ პროგრესთან, როცა შეგიძლია თავიდან ბოლომდე გამოგონილი ინფორმაციის შექმნა, გასაოცრად დამაჯერებელი სიყალბის შექმნა, როცა შეგიძლია შექმნა ყალბი ვიდეო, როგორ ამბობენ პოლიტიკური ლიდერები იმას, რაც სინამდვილეში არასოდეს უთქვამთ. და ამით შეგიძლია კრიზისის გამოწვევა. ჩემი აზრით, ახლა მხოლოდ დასაწყისია იმისა, რაც შესაძლოა სულ უფრო შემაშფოთებელი გახდეს - სიმართლის დაჯერება და სიმართლის მიგნება ინტერნეტში სულ უფრო გაძნელდება ამ, პოტენციურად მტრული პროცესების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG