Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის ვადამდელი არჩევნების შედეგები


ალექსანდარ ვუჩიჩი
ალექსანდარ ვუჩიჩი

სერბიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდარ ვუჩიჩმა „ისტორიული ტრიუმფი“ უწოდა საკუთარი „სერბეთის პროგრესული პარტიის“ გამარჯვებას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში და პირობა დადო, რომ ქვეყანა შეინარჩუნებს ევროპულ კურსს.

ეგზიტპოლის შედეგებით სერბიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 49 პროცენტი მიიღო.

მეორე ადგილზე, 12,9 პროცენტით, გავიდა სერბეთის სოციალისტური პარტია, ხოლო რადიკალური მემარჯვენეები, რომლებსაც სათავეში სამხედრო დანაშაულის საქმეში გასულ თვეში ჰააგის ტრიბუნალის მიერ გამართლებული ვოისლავ შეშელი უდგათ, პარლამენტში ხმების 7,4 პროცენტით შევიდნენ.

ვოისლავ შეშელი უკმაყოფილოა არჩევნების შედეგებით:

ვოისლავ შეშელი
ვოისლავ შეშელი

„არჩევნების შედეგებით, უნდა ვაღიარო, რომ არ ვართ კმაყოფილები. მეტს ველოდით, თუმცა ხალხმა ასე გადაწყვიტა. ჩვენ კი ვერ ვიქნებით ხალხზე გაბრაზებული. მათ მოგვცეს იმდენი ხმა, რამდენიც მიიჩნიეს საჭიროდ“.

რადიკალური ნაციონალისტური პარტიის ლიდერი ამბობს, რომ, მცირე მანდატის მიუხედავად, ისინი პარლამენტში „თავიანთ უპირატესობას“ წარმოაჩენენ.

24 აპრილს გამართულ ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა, დაახლოებით, 48 პროცენტმა მიიღო.

სერბიის პრემიერ-მინისტრი მიღწეული შედეგით კმაყოფილია. ალექსანდრ ვუჩიჩი დასძენს, რომ ისურვებდა „სერბეთის პროგრესული პარტია“ მეტი მანდატით შესულიყო პარლამენტში.

„პროცენტულად იმაზე მეტი ხმა მივიღეთ, ვიდრე წინა არჩევნებში. ვფიქრობ, შესანიშნავი შედეგია“.

2014 წლის საპარლამენტო არჩევნებში ალექსანდარ ვუჩიჩის მმართველმა პარტიამ 158 მანდატი მოიპოვა და ცოტა დააკლდა საკონსტიტუციო უმრავლესობამდე.

ყოფილი ულტრანაციონალისტი ვუჩიჩი, რომელიც ადრე „დიდი სერბეთის იდეას“ უჭერდა მხარს, დღეს თავის თავს პროევროპულ რეფორმატორს უწოდებს:

„სერბია გააგრძელებს სვლას ევროპისკენ. ჩვენ ამას დავაჩქარებთ და, როგორც ვთქვი, ამ მხრივ არ იქნება არანაირი უკანდახევა. ჩვენ ასევე დავიცავთ ჩვენს ისტორიულ მეგობრობასა და კავშირს რუსეთის ფედერაციასთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან, ასევე, აშშ-თან, გასაგები მიზეზების გამო“.

სლობოდან მილოშევიჩის მიერ დაფუძნებული მემარცხენე პარტია, რომელმაც არჩევნებში 12,9 პროცენტი მიიღო, 24 აპრილამდე პარლამენტში 25 მანდატს ფლობდა.

სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ისედაც მივდიოდით ევროპისკენ. როგორც არ უნდა გვიყვარდეს რუსეთი და როგორ კარგ მეგობრადაც არ უნდა მივიჩნევდეთ მას, ევროკავშირი მაინც უფრო ბუნებრივია ჩვენთვის...
მირლაპ ბოგდანოვიჩი

​ბოსნიური წარმოშობის პოლიტიკოსის, ვაჭრობის მინისტრის რასიმ ლიაიჩის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ 9 მანდატი მოიპოვა. ეს პარტია არის წევრი ალიანსისა „უკეთესი სერბიისთვის“, რომელშიც ასევე შედიან სერბი ლიბერალ-დემოკრატები.

წინასაარჩევნო გამოკითხვები აჩვენებდა, რომ მინიმალური ზღვარი, 5 პროცენტი, უნდა გადაელახათ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოწინააღმდეგე სერბიულ პარტიებსაც.

პარლამენტში მოხვედრის იმედი ჰქონდათ ულტრანაციონალისტებს და პრორუსულ პარტიებსაც, რომლებსაც მანდატი 2012 წლის შემდეგ არ ჰქონიათ.

სანამ არჩევნების საბოლოო შედეგები გამოცხადდება, ამომრჩევლები იმედს იტოვებენ, რომ ქვეყანა მართლაც გააგრძელებს სვლას ევროკავშირისკენ.

„სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ისედაც მივდიოდით ევროპისკენ. როგორც არ უნდა გვიყვარდეს რუსეთი და როგორ კარგ მეგობრადაც არ უნდა მივიჩნევდეთ მას, ევროკავშირი მაინც უფრო ბუნებრივია ჩვენთვის“, - ამბობს სერბიის დედაქალაქ ბელგრადის მცხოვრები მირლაპ ბოგდანოვიჩი.

სერბიის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.

XS
SM
MD
LG