Accessibility links

გვირაბგამყვანის სიკვდილი ჭიათურის მაღაროში


ჭიათურის მაღარო, 2012 წელი

ჭიათურა, შუქრუთის მაღარო. დაახლოებით, ღამის სამი საათი. ზაზა აბრამიშვილი და შმაგი სამხარაძე ღამის ცვლაში მუშაობდნენ. შმაგი სამხარაძემ ის იყო, რამდენიმე წუთით დატოვა პოზიცია, ხელსაწყოს მოსატანად გავიდა და სწორედ ამ დროს ჩამოინგრა გვირაბი. შმაგიმ საკუთარი თვალით დაინახა, უზარმაზარმა ლოდმა როგორ ჩამარხა მიწაში მისი მეწყვილე. ზაზა აბრამიშვილი 45 წლის იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. მაღაროდან მისი ცხედრის გამოტანა მხოლოდ მეორე დღის შუადღისათვის მოხერხდა.

Direct link

სამუშაო ადგილზე დაღუპულები

  • ზაზა აბრამიშვილი 2018 წელს სამუშაო ადგილზე დაღუპული უკვე მეცხრე ადამიანია.
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2011 წლიდან, 2016 წლის ჩათვლით, სამუშაო ადგილებზე დაშავდა 776 ადამიანი და დაიღუპა 270.
  • გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემებით, 2017 წელს საწარმოო ტრავმის შედეგად გარდაიცვალა 41 და დაშავდა 77 ადამიანი.

რა მოხდა შიგნით, რას შეიძლებოდა ნგრევა გამოეწვია? - ვკითხეთ საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელს, პაატა სამხარეს. მან გვითხრა, რომ ეს უბანი კარგა ხნის განმავლობაში იყო დაკეტილი სწორედ იმის გამო, რომ არ იყო შესაბამისად გამაგრებული. რატომ გადაწყვიტა ხელმძღვანელობამ იქ მუშაობის განახლება, ჯერჯერობით ცნობილი არ არის:

„წარმოიდგინეთ გვირაბი, რომელიც ზემოთ ხეებით მაგრდება, ქვები რომ არ ჩამოცვივდეს. როგორც ჩვენ ვიცით, ეს ადგილი არ იყო გამაგრებული. თავის დროზე, სწორედ ამ მიზეზით, ეს მაღარო საერთოდ გაჩერებული ყოფილა, თუმცა შემდეგ ისევ აამუშავეს. რატომ - არ ვიცი. თუმცა ფაქტია, რომ მუშაობისას - ალბათ, ლიანდაგს თუ აგებდნენ - ზემოდან დიდი ლოდი ჩამოვარდა და მთელი მასა ჩამოჰყვა“.

პროფკავშირი ისევ მოითხოვს მათი შრომის დაცვის ინსპექტორების შეყვანას სპეციალურ კომისიაში, რომელიც შუქრუთში მომხდარ უბედურ შემთხვევას შეისწავლის, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ორი კვირის წინ ზესტაფონში მომხდარი უბედური შემთხვევისას. თუმცა ამჯერად უნდა ვილაპარაკოთ არა შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევაზე, გვითხრა სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ თამაზ დოლაბერიძემ, არამედ იმაზე, რომ უბედური შემთხვევის ადგილას საერთოდ არ შეიძლებოდა მუშაობა:

„ისეთ ადგილას მუშაობა, სადაც მუშას ღია სამთო მასა დაჰყურებს, უბრალოდ, არ შეიძლება! რატომ გახსნეს საერთოდ ავარიული მაღარო, გამოსაკვლევი ამბავია“.

თამაზ დოლაბერიძე
თამაზ დოლაბერიძე

შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და არასათანადო სამუშაო პირობების გარდა, კონკრეტულად ჭიათურის მაღაროში მომუშავეებს, განსხვავებით სხვა მაღალი რისკის საწარმოების მუშებისაგან, შრომითი სამართლებრივი უფლებების კუთხითაც ბევრი პრობლემა აქვთ, ამბობს თამაზ დოლაბერიძე.

„სამუშაო ადგილზე არის ღირსების შემლახველი გარემო, სადაც მუშებს უდიერად ეპყრობიან, აგინებენ, ამცირებენ. რამდენიმე დღის წინ სწორედ შუქრუთის მაღაროს ადმინისტრაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ხელით შეეხო ერთ-ერთ მუშას“.

ჭიათურის მაღაროში მუშაობა ადგილობრივებისთვის ოჯახის რჩენის თითქმის ერთადერთი გზაა. ამიტომ მოთმინების ფიალის ავსებამდე მუშები გაჩუმებას არჩევენ. მშრომელთა უფლებების დამცველთა შეფასებით, სახელმწიფო ძალიან ნელი ტემპით ცდილობს სამუშაო ადგილებზე ვითარების გამოსწორებას. ამასობაში კი საბედისწერო შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად მატულობს, - ამბობს ლინა ღვინიანიძე, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი:

ლინა ღვინიანიძე
ლინა ღვინიანიძე

„2018 წლის მონაცემებით, საწარმოო ადგილებზე დასახიჩრებულ ადამიანთა რიცხვიც სავალალოდ არის გაზრდილი. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს არ აქვს ქმედითი მექანიზმი ასეთი ფატალური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად“.

„ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს, რომ 2017-2018 წლებში შუქრუთის მაღაროში უსაფრთხოების ნორმები სრულიად დაცული იყო და მტკიცებულებად სახელმწიფო ინსპექტირების ორგანოს, შპს „ტექინსპექტგარანტის” მიერ მომზადებულ დოკუმენტი მოჰყავს. „ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, შპს „ტექინსპექტგარანტმა” შუქრუთის მაღაროს შემოწმების შედეგად, შესაბამისობის სერთიფიკატი კომპანიას 25 იანვარს გამოსცა.

ისეთ ადგილას მუშაობა, სადაც მუშას ღია სამთო მასა დაჰყურებს, უბრალოდ, არ შეიძლება! რატომ გახსნეს საერთოდ ავარიული მაღარო, გამოსაკვლევი ამბავია...
თამაზ დოლაბერიძე

ამ დროისათვის ცნობილია, რომ დაღუპული გვირაბგამყვანის ცხედარს ექსპერტიზა ქუთაისში ჩაუტარდება. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას.

ზაზა აბრამიშვილი 2018 წელს სამუშაო ადგილზე დაღუპული უკვე მეცხრე ადამიანია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2011 წლიდან, 2016 წლის ჩათვლით, სამუშაო ადგილებზე დაშავდა 776 ადამიანი და დაიღუპა 270. გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემებით, 2017 წელს საწარმოო ტრავმის შედეგად გარდაიცვალა 41 და დაშავდა 77 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG